ჩინეთმა მთვარეზე ხომალდი გაუშვა, რომელიც დედამიწაზე ქანების ნიმუშებს ჩამოიტანს — #1tvმეცნიერება
ჩინეთმა მთვარეზე ხომალდი გაუშვა, რომელიც დედამიწაზე ქანების ნიმუშებს ჩამოიტანს — #1tvმეცნიერება

ათწლეულების განმავლობაში, პლანეტური გეოლოგები მთვარის საიდუმლოებათა ამოსახსნელად მისი ქანების მცირე ნიმუშებს სწავლობდნენ. ამ ქანებმა გვითხრა, რა ხნისაა მთვარე, მეცნიერებს დაეხმარა სხვა პლანეტათა ასაკის შეფასებაში და გარკვეული ცნობები მოგვცა იმის შესახებაც, როგორი მშფოთვარე იყო ერთ დროს ჩვენი მზის სისტემა.

თუმცა, უკვე 40 წელია, მთვარის ახალი ნიმუშები აღარავის შეუგროვებია.

ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ ამ სიტუაციის შეცვლა გადაწყვიტა და რამდენიმე დღის წინ მთვარისკენ ხომალდი გაუშვა.

მისიის, სახელად Chang’e-5-ის მიზანია მთვარის ზედაპირზე რობოტის დასმა და ნიმუშების შეგროვება — პირველად ჩინეთის ისტორიაში. ამის შემდეგ, ხომალდი ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს.

ეს მისია მეექვსეა ჩინეთის მიერ მთვარის კვლევისათვის განხორციელებულ ამბიციურ ქმედებებში, რასაც შეიძლება, მთვარეზე ადამიანთა დასახლების მშენებლობაც მოჰყვეს.

ხომალდი Chang’e-5 1,8 კგ ქანებსა და მტვერს შეაგროვებს მთვარის აქამდე შეუსწავლელ რეგიონში — ვულკანურ ვაკეზე, რომელსაც რიუმკერის პიკს უწოდებენ. ამ მასალამ შეიძლება სრულიად ახალი ცნობები მოგვაწოდოს მთვარის წარსული ვულკანური აქტიურობის შესახებ.

წარმატების შემთხვევაში, ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდება, რომელმაც დედამიწაზე მთვარის ქანების ნიმუშები ჩამოიტანა — აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ.

Chang’e-5 კუნძულ ჰაინანიდან, ვენჩანგის თანამგზავრთა გამშვები ცენტრიდან აფრინდა. ერთ კვირაში ის მთვარის ორბიტაზე გავა, ქრონოლოგიის სხვა დეტალებს კი ჩინეთის მთავრობა ჯერ არ ამხელს.

ამის შემდეგ, ის ორ ნაწილად გაიყოფა — ორბიტერად და დამშვებად. ორბიტერი მთვარის ორბიტაზე დარჩება და იქ იმოძრავებს, დამშვები კი, რომელშიც სტატიკური ხომალდია მოთავსებული, რიუმკერის პიკის ვაკეზე დაეშვება.

რობოტი მთვარის ზედაპირს 1,8 მეტრის სიღრმეზე გაბურღავს. ნიმუშების შეგროვების შემდეგ, ხომალდი მას დამშვებ მანქანას გადასცემს. ამის შემდეგ, იგი ზედაპირიდან აფრინდება და მთვარის ორბიტაზე ხელახლა გავა.

ამის შემდეგ, ის ორბიტერს მიუერთდება და ნიმუშებს მის უკან დამაბრუნებელ კაფსულას გადასცემს.

ზუსტი, მრავალსაფეხურიანი მანევრების შემდეგ, ორბიტერი მთვარის ორბიტაზე კიდევ ექვს დღეს გაატარებს, შემდეგ კი დედამიწისკენ გამოემართება. დეკემბრის შუა რიცხვებში, კაფსულა თავის ნიმუშებით ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში პარაშუტით დაეშვება.

აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის მიერ წარსულში შეგროვებული მთვარის ნიმუშების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მთვარე ვულკანურად აქტიური იყო სამი მილიარდი წლის წინ. თუმცა, მთვარის ზედაპირზე დაკვირვების შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რიუმკერის პიკი და სხვა ასეთი რეგიონები ვულკანურად აქტიური 1,2 მილიარდი წლის წინაც იყო.

თუ მთვარის ვულკანები მართლაც ასე გვიანობამდე იყო აქტიური, „მთვარის ისტორია ხელახლა უნდა დავწეროთ“, — ამბობს ჩინეთის ქალაქ უხანის დედამიწის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პლანეტური გეოლოგი სიაო ლონგი.

მთვარის ქანების ანალიზით, მეცნიერები დაადგენენ, როგორ შეძლო მთვარემ ვულკანური აქტივობის შენარჩუნება მილიარდობით წლის განმავლობაში.

„მთვარე პატარაა და შესაბამისად, მისი სითბოს ძრავა დიდი ხნის წინ უნდა გაჩერებულიყო“, — ამბობს ინდიანის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი კლივ ნილი.

გარდა ამისა, მთვარის ქანები მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს სხვა პლანეტების, მაგალითად, მარსის რეგიონების ასაკის დადგენაში. ამისათვის, მეცნიერები მთვარის ქანების ასაკს დაადგენენ, შემდეგ კი დაითვლიან მთვარის იმ რეგიონში არსებულ კრატერებს, საიდანაც ნიმუშებია აღებული.

რეგიონის ზედაპირზე უფრო მეტი კრატერის არსებობა მიუთითებს, რომ ის საკმაოდ ძველია, რადგან დარტყმით კრატერებს დაგროვებისთვის მეტი დრო ჰქონდათ და ადრეული მზის სისტემა გაცილებით სასტიკი იყო, ვიდრე დღეს არის.

ამის შემდეგ, მეცნიერებს შეუძლიათ შეაფასონ სხვა პლანეტათა რეგიონების ასაკიც, რისთვისაც საჭირო იქნება მათი ზედაპირისა და მთვარის კრატერების რაოდენობის შედარება.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს აქამდე შესწავლილი აქვთ მთვარის ისეთი ნიმუშები, რომლებიც სამი მილიარდი წლის ასაკის რეგიონებიდან არის აღებული.

იმის გამო, რომ რიუმკერის პიკი გაცილებით ახალგაზრდა ჩანს, იქ აღებული ქანები მეცნიერებს ამ რეგიონის ასაკის უფრო ზუსტად შეფასებაში დაეხმარება და შედეგად, დაადგენენ სხვა პლანეტათა ახალგაზრდა რეგიონების ასაკსაც.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.