მარსზე მისიებს ამ თვეში სამი ქვეყანა გზავნის — #1TVმეცნიერება
მარსზე მისიებს ამ თვეში სამი ქვეყანა გზავნის — #1TVმეცნიერება

მომავალ წელს ამ დროს, მარსზე რამდენიმე რობოტი იფუსფუსებს.

საქმე ის არის, რომ ამ თვეში, წითელ პლანეტაზე ხომალდს სამი ქვეყანა გზავნის. ივლისის ბოლო კვირებში, აშშ, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე მავალებს ან ორბიტერებს უშვებენ.

ამ დრომდე ნასას წითელ პლანეტაზე უკვე ხუთი მავალი ჰყავს გაგზავნილი, მაგრამ ეს ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი მცდელობა იქნება.

რობოტების მიზანია მარსის კლიმატის პირველი გლობალური რუკის შექმნა, პლანეტის ზედაპირის გაბურღვა და დიდი ხნის წინ მკვდარ მიკრობთა ნიშნების პოვნა, რომლებიც შეიძლება, ერთ დროს ყვაოდნენ მარსის ხეობებსა და მდინარეებში. ეს მისიები შესაძლოა, პირველი იყოს, რომელმაც სხვა პლანეტაზე სიცოცხლის კვალი იპოვონ.

ყველა მათგანის გაშვება 2020 წლის ივლისის ბოლოს არის დაგეგმილი, რადგან ამ დროის გაშვების შემთხვევაში, „დაიჭერს“ დედამიწასთან ახლოს გავლილ მარსს.  თუ მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, შემდეგი ასეთი შესაძლებლობა 2022 წლის ივლისამდე აღარ ექნებათ.

წელს მარსზე ერთობლივი მავალის გაგზავნას გეგმავდნენ რუსეთი და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA), მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, გაშვება 2020 წლის ივლისამდე გადადეს.

წარმოგიდგენთ ცნობებს ზემოთ ხსენებული სამი მავალის შესახებ, რომლებიც რამდენიმე კვირაში მარსისკენ გაეშურებიან.

ნასას მავალი „პერსევერენსი“ქანების ნიმუშებს დედამიწაზე გამოსაგზავნად შეაგროვებს

ინჟინრებმა მავალ „პერსევერენსი“ (Perseverance — შეუპოვრობა) აგება ორი წლის წინ, კალიფორნიაში, ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში (JPL) დაიწყეს. თავიდან მას „მარს 2020“ ერქვა, იქამდე, ვიდრე ნასა კონკურსის საშუალებით სახელ „პერსევერენსს“ შეურჩევდა.

გაშვება ნასამ უკვე ორჯერ გადადო, ამ დროისათვის კი სტარტი 30 ივლისს არის დაგეგმილი. შედეგად, რაიმე მოულოდნელობის შემთხვევაში, სააგენტოს მხოლოდ ორი კვირა რჩება, რადგან გაშვებისათვის შესაფერისი ფანჯარა 15 აგვისტოს დაიხურება.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, 2021 წლის 18 თებერვალს მავალი ეზეროს კრატერში დაჯდება — უძველესი მდინარის კალაპოტში, რომელშიც წარსულში შესაძლოა, მიკრობული სიცოცხლე ყვაოდა. 3-მილიარდ აშშ დოლარად ღირებული მისია მარსის ზედაპირს გაბურღავს, შეაგროვებს ქანების ნიმუშებს, შემდეგ კი დედამიწაზე წამოსაღებად სამომავლო მისიას შეუნახავს.

გეგმის მიხედვით, დაჯდომის შემდეგ, მავალი „მუცლიდან“ გამოუშვებს პატარა ვერტმფრენს.

ვერტმფრენი, სახელად „ინჯენუიტი“ (Ingenuity — გამჭრიახობა), სადემონსტრაციო ტექნოლოგიაა. წარმატების შემთხვევაში, ის პირველ მექანიზირებულ ფრენას განახორციელებს სხვა პლანეტაზე.

რაც შეეხება „პერსევერანსს“, ის აღჭურვილი იქნება მოწინავე ტექნოლოგიებით — ახალი სანავიგაციო სისტემით, რომელიც მას წითელ პლანეტაზე დაჯდომისას რისკებს შეუმცირებს; დანადგარით, რომელიც ნახშირორჟანგისგან ჟანგბადს დაამზადებს; და ინსტრუმენტებით, რომელთა შეგროვებული მონაცემებიც მეცნიერებს მარსის ამინდის უკეთესად პროგნოზირებაში დაეხმარება.

საერთო ჯამში, ყველა ეს ტექნოლოგია ადამიანებს მარსის მკაცრ ზედაპირთან კიდევ უფრო მიგვაახლოვებს.

„ზუსტად ახლა, ჩვენ ისტორიას ვწერთ. ეს იქნება მარსის ტურნეს პირველი ფეხი, რომელსაც კაცობრიობა წითელ პლანეტაზე დადგამს, ჩამოიტანს ამ ნიმუშებს, რომელიც მარსზე სიცოცხლის საიდუმლოებს გვიამბობს“, — ამბობს ნასას ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები იმედოვნებს, რომ მისი ზონდი მარსის კლიმატის პირველ გლობალურ რუკას შექმნის

არაბთა გაერთიანებული საამიროები თავის სპორტული მანქანის ზომის კოსმოსურ ხომალდს 15 ივლისს, გამთენიისას, იაპონიიდან გაუშვებს.

ორბიტერი, სახელად „ჰოუფი“ (Hope — იმედი) არაბული სამყაროს პირველი მისია იქნება სხვა პლანეტაზე. ზონდი შეუერთდება იმ ექვს სხვა ხომალდს, რომლებიც უკვე მოძრაობენ მარსის ორბიტაზე — ანუ, ის ზედაპირზე არ დაჯდება. წითელი პლანეტის გარშემო მოძრაობისას, ეს ხელოვნური თანამგზავრი შეისწავლის მარსის ატმოსფეროს; ამისათვის კი დააკვირდება, როგორ ურთიერთქმედებს ატმოსფერო მზის ქართან და მონიტორინგს გაუწევს წყალბადისა და ჟანგბადის დანაკარგებს.

„ჰოუფის“ მიზანია პლანეტის კლიმატის გლობალური რუკის შექმნა მარსის მთლიანი წლის მონაცემებით. ეს იქნება კაცობრიობის პირველი ასეთი სურათი მარსის ატმოსფეროსთვის.

დიდი, ოვალური ფორმის ორბიტის გამო, ზონდი პლანეტის უმეტესი ნაწილის გადაღებას შეძლებს ყოველი 55-საათიანი ორბიტის დროს.

„შეგვეძლება მთლიანი მარსის დაფარვა, დღის ნებისმიერ დროს, მარსის მთელი წლის განმავლობაში“, — ამბობს მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, არაბთა გაერთიანებული საამიროების მოწინავე მეცნიერებათა მინისტრი სარაჰ ალ ამირი.

ჩინეთის მავალი მოძებნის მიწისქვეშა წყლებს, სადაც შეიძლება, სიცოცხლე ყვაოდეს

მთვარის „ბნელ მხარეს“ წარმატებით გაგზავნილი მავალის შემდეგ, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია კოსმოსურ რობოტებს ამჯერად უკვე სხვა პლანეტურ სხეულზე უშვებს. მისიას „ტიანვენ-1“ ჰქვია და „ზეციური ჭეშმარიტების ძიებას“ ნიშნავს. წარმატების შემთხვევაში, ის მარსის პირველი მისია იქნება, რომელიც სადესანტო პლატფორმით დაეშვება, გადმოსვამს მავალს და ხომალდს პლანეტის ორბიტაზე გაუშვებს, თანაც, ამ ყველაფერს ერთდროულად გააკეთებს.

მავალი აღჭურვილი იქნება რადარული სისტემით, რომელსაც მიწისქვეშა წყლების დაფიქსირება შეეძლება. ამას გარდა, ის ჩინეთს ასევე დაეხმარება მომავალი მისიის მომზადებაში, რომელიც 2030-იან წლებში იგეგმება და მიზნად ისახავს მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას.

სხვა პლანეტაზე დაჯდომის პირველი მცდელობისთვის, ჩინეთმა შედარებით ნაკლებად სარისკო ადგილი, უტოპია-პლანიტია აირჩია — ვულკანური ქანების ვრცელი ველი.

ჩინეთს გაშვების ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ ის ამას ნასას მსგავსად, ივლისის ბოლოს გეგმავს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.