ნასას ახალი მარსმავალის სახელი ცნობილია — გაიცანით „პერსევერენსი“
ნასას ახალი მარსმავალის სახელი ცნობილია — გაიცანით „პერსევერენსი“

ნასამ თავის შემდეგი მარსმავალს ოფიციალური სახელი შეურჩია — „პერსევერენსი“ (Perseverance), რაც ქართულად შეუპოვრობას ნიშნავს.

ის მეხუთე მკვლევარი მანქანა იქნება წითელ პლანეტაზე წინა ასევე გამორჩეული სახელების მქონე მავალების შემდეგ — „სოჯერნერი“, „სპირიტი“, „ოპორტუნიტი“ და „კურიოზიტი“.

სახელი ნასამ ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქ ბურკის საშუალო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე გამოაცხადა, რადგან ახალი მავალის სახელი სწორედ ამ დასახლების საშუალო სკოლოს მეშვიდე კლასის მოსწავლის, ალექს მათერის იდეა იყო.

ნასას სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორის, თომას ზურბუკენის განცხადებით, ალექსის მიერ შერჩეული სახელი ზუსტად ასახავს კვლევის სულისკვეთებას. მისივე თქმით, წინა მისიების მსგავსად, ახალ მავალსაც ელის წინ მრავალი გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს გვპირდება გასაოცარ აღმოჩენებს.

წინამორბედების მსგავსად, ახალი მავალის სახელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

ბოლო კონკურსი გასული წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო; ჟიურის წევრმა 4700-მა მოხალისემ, რომელთა შორის იყვნენ მასწავლებლები და უბრალოდ კოსმოსის მოყვარულები, 155 ნახევარფინალისტი გამოავლინა, საბოლოოდ კი ნასამ მათგან ცხრა სახელი აარჩია და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ხმის მისაცემად, რომელში მონაწილეობაც ყველას შეეძლო.

ხმის მიცემის ეტაპზე დაფიქსირდა 770 000-ზე მეტი ხმა და გამოვლინდა გამარჯვებულიც.

მარსმავალის გაშვება 2020 წლის 17 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდში მოხდება, ფლორიდის კანავერალის კონცხიდან. გაშვების პროცესს გამარჯვებული მოსწავლე ოჯახთან ერთად დაესწრება.

„პერსევერენსი“ წითელ პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაჯდება.

მისიას ორი მთავარი მიზანი აქვს — სიცოცხლის ნიშნების მოძებნა და ნიმუშების აღება-შეგროვება, რომელთა ჩამოტანაც შემდეგ დედამიწაზეც იქნება შესაძლებელი.

აგებულია იმავე პლატფორმაზე, რომელზეც წინა მავალი კურიოზიტი“, მაგრამ აქვს უფრო ზუსტად დაშვების უნარი და საბორტო სისტემა, რომელიც საშიშ რელიეფზე დაშვების შემთხვევაში დაიცავს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.

მავალს ასევე აქვს ბორბლების გაუმჯობესებული დიზაინი და აღჭურვილია ბურღით, რომლითაც მარსის კლდეებიდან და ქანებიდან ნიმუშებს აიღებს და მათში უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.