ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი სრულიად დალუქული 13 კუბო აღმოაჩინეს — 1tvმეცნიერება
ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი სრულიად დალუქული 13 კუბო აღმოაჩინეს — 1tvმეცნიერება

ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მდებარე საქარის ნეკროპოლისში, 2500 წლის წინანდელი სულ მცირე 13 ხის კუბო აღმოაჩინეს.

სამარხთა ამ კომპლექსში ათასობით ასეთი კუბოა აღმოჩენილი, მაგრამ ეს 13 კუბო გამორჩეულია იმით, რომ ათასწლეულების განმავლობაში ხელუხლებლად არის შემონახული და ჯერ კიდევ თითქმის მთლიანად დალუქულია.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ცნობით, ერთმანეთზე დაწყობილი კუბოები 11 მეტრის სიღრმეში, სამარხ შახტში აღმოაჩინეს. ისინი იმდენად კარგად არის შენახული, რომ ჯერ კიდევ ხელუხლებელია ხეზე დატანილი ფერადი ნახატები. პირველადი ანალიზების მიხედვით, კუბოები დამარხვის დროს არის დალუქული.

სამარხ შახტში ასევე აღმოაჩინეს სამი დალუქული ნიშა. მინისტრ ხალედ ალ-ანანის განცხადებით, შახტში სავარაუდოდ კიდევ ბევრი კუბოა.

მიჩნეულია, რომ საქარა ერთ დროს ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, მემფისის ნეკროპოლისი იყო. ძველი ეგვიპტელები მიცვალებულებს იქ 3000 წლის განმავლობაში მარხავდნენ. შედეგად, დღეს ეს ძეგლი დიდი არქეოლოგიური ინტერესის საგანია.

საქარაში მრავლად არის მორთულ-მოკაზმული, მდიდრული სამარხი, რომლებშიც დაკრძალულია მაღალი რანგის დიდებულები, მათი ავლადიდებაც, კარტუშები, მათი მუმიფიციებული ცხოველები. თუმცა, ასევე გვხვდება მარტივი სამარხები, რომლებიც სავარაუდოდ საშუალო და მუშათა კლასს ეკუთვნის.

დროს მდიდართა სამარხებმაც ვერ გაუძლო. ათასწლეულების მანძილზე მრავალი საფლავი გაიძარცვა. გამომდინარე აქედან, ხელუხლებელი, დალუქული კუბოების აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ მათში ხელუხლებლად იქნება მიცვალებულთათვის ჩატანებული ნივთებიც.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კუბოები ხისგან არის დამზადებული და მშრალ ადგილას არის დამარხული, ნაკლებია იმის შანსი, რომ მათში შემონახული დაგვხვდეს რაიმე უცნაური სითხე.

სამარხში ჩატანებულ ნივთებს შეუძლია გვითხრას არა მხოლოდ ის, თუ ვინ არის მასში დაკრძალული, არამედ ისიც, რას წარმოადგენდნენ ისინი. ეს აღმოჩენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძველეგვიპტური სამგლოვიარო ადათების უკეთ შესწავლისკენ.

ძეგლზე გათხრები გრძელდება და დეტალებს მალე გავიგებთ, სავარაუდოდ, აღმოაჩენენ სხვა კუბოებსაც.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.