ეგვიპტეში უზარმაზარი შავი სარკოფაგი აღმოაჩინეს, ჯერ არავინ იცის, რა არის შიგნით
ეგვიპტეში უზარმაზარი შავი სარკოფაგი აღმოაჩინეს, ჯერ არავინ იცის, რა არის შიგნით

არქეოლოგებს, რომლებიც ძველი ეგვიპტის ქალაქებს თხრიან, ჯერ კიდევ მრავალი საიდუმლო დარჩათ ამოუხსნელი. მაგალითად, ახლახან, ქალაქ ალექსანდრიაში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს შავი გრანიტის სარკოფაგი.

ნამდვილად შთამბეჭდავია საზეიმო შესახედაობის მქონე კუბოს ზომა. სიმაღლეში 185 სმ, სიგრძეში 265 სმ და სიგანეში 165 სმ სარკოფაგი უდიდესია, რაც კი ოდესმე ალექსანდრიაში უპოვნიათ.

ამავე მიწისქვეშა სამარხში ასევე აღმოაჩინეს ალებასტრისგან დამზადებული ადამიანის მოზრდილი თავი. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ თავი სარკოფაგში დამარხულ ადამიანს განასახიერებს.

არქეოლოგებისთვის ეს აღმოჩენა ნამდვილად მომაჯადოებელია. ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აიმან აშმავის განცხადებით, კუბოს სახურავსა და ძირითად ნაწილს შორის არსებული კირხსნარი ხელუხლებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სარკოფაგი მას შემდეგ არ გახსნილა, რაც 2000-ზე მეტი წლის წინ დალუქეს.

ეს კი განსაკუთრებით იშვიათია ამ სახის სამარხებისთვის. საუკუნეთა განმავლობაში, ეგვიპტურ აკლდამებს ხშირად ძარცვავდნენ და აზიანებდნენ. შესაბამისად, არქეოლოგები იშვიათად პოულობენ ხელუხლებელ საბოლოო განსასვენებელ ადგილებს.

მთლიანად ძეგლი თარიღდება პტოლემეების პერიოდით, ძვ. წ. 350 – ძვ. წ. 30 წლებით. აღნიშნული სარკოფაგი მიწაში 5 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

სამარხს მაშინ მიაგნეს, როდესაც ადგილს მშენებლობისთვის ასუფთავებდნენ. ამჟამად ძეგლი დაცულია და ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობენ. მალე გაირკვევა, რა არის მოთავსებული შავ სარკოფაგში.

გამოცემა Smithsonian-ის ცნობით, საუკუნეების წინ ალექსანდრია განვითარებული, საქმიანი ქალაქი იყო და ასეთი რელიკვიების გადარჩენა ხშირად საკმაოდ რთული იყო.

სარკოფაგის ზომიდან გამომდინარე, მკვლევრები ეჭვობენ, რომ მასში განისვენებს მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ წელს ეგვიპტეში კიდევ რამდენიმე საოცარი აღმოჩენა გაკეთდა.

თებერვალში, სამხრეთ კაიროში არქეოლოგებმა იპოვეს სამარხთა ქსელი. 2000 წლის წინანდელ ხელუხლებელ გიგანტურ სარკოფაგს იქაც მიაგნეს. ექსპერტთა განცხადებით, აღნიშნული ძეგლის სრულად შესწავლას სულ მცირე ხუთი წელი სჭირდება.

ამის შემდეგ, აპრილში აღმოაჩინეს ბერძნულ-რომაული ტაძარი. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს ნაგებობა ნათელს მოჰფენს ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე მოშორებული დასახლების — სივას ოაზისის მრავალ საიდუმლოს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ ძეგლის დახმარებით გაარკვევენ, როგორ დააზიანეს სამეფო უცხოელმა მმართველებმა ძვ. წ. 200-300 წლებში.

ყოველი ახალი აღმოჩენა უფრო მეტ დეტალს ჰმატებს ამ უძველესი ხალხის მდიდარ, მრავალსაუკონოვან ისტორიას. ჯერჯერობით უცნობია, რას შეიძლება მალავდეს ეს სარკოფაგი, მაგრამ კვლევის დასრულებისთანავე, 1tv.ge დეტალებს აუცილებლად გაცნობებთ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.