ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს - კუბოებზე უცნაური იეროგლიფებია დატანილი
ეგვიპტეში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს - კუბოებზე უცნაური იეროგლიფებია დატანილი

როდესაც ეგვიპტეში უძველეს სამარხებს პოულობენ, ყოველთვის თითქმის ერთნაირი ისტორიები გვესმის. როგორც წესი, მდიდრულ აკლდამებში, დახვეწილ კუბოებში დამარხული არიან დიდებულები; ხშირად ზედ აწერია განსვენებულთა სახელებიც, შესაბამისად, ვიცით, ვინ იყვნენ ისინი. თუმცა, ახალი აღმოჩენა სრულიად სხვა სურათს ხატავს.

საქარის ნეკროპოლისის სიახლოვეს, არქეოლოგებმა 2000 წლის წინანდელი მცირე ზომის სამარხები იპოვეს. სავარაუდოდ, ეს დაბალი და საშუალო კლასის ადამიანთა სასაფლაოა და არა ელიტების.

ვარშავის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგის, კამილ კურასკევიჩის განცხადებით, აღმოჩენილი მუმიები ძალიან მოკრძალებულია, ჩატარებული აქვთ მხოლოდ საბაზისო ბალზამირება, გახვეულია სახვევებში და მოთავსებულია პირდაპირ ქვიშაში ამოთხრილ ორმოებში.

საქარის ნეკროპოლისის გათხრებზე პოლონელი არქეოლოგები უკვე ათწლეულებია მუშაობენ. საქარის ნეკროპოლისი არის დიდი „მკვდრების ქალაქი“, რომელიც დედაქალაქ მემფისსა და რამდენიმე სამეფო დინასტიას ემსახურებოდა ათასწლეულების განმავლობაში.

ეს სასაფლაო რეგიონის ისტორიის უნიკალური საცავია, სავსეა უდაბნოს სიმშრალეში ბრყინვალედ შენახული საფლავებით, რომლებიც ძველი ეგვიპტის სამგლოვიარო ტრადიციების შესახებ ღაღადებენ.

2018 წლის სექტემბერში მიმდინარე გათხრებისას, კურასკევიჩი და მისი ჯგუფი თხრიდა მონაკვეთს ჯოსერის პირამიდასა და მის გარშემო შემოვლებულ დამშრალ თხრილს შორის. Ამ თხრილის სიღრმე 20 მეტრია, სიგანე კი 40 მ.

სწორედ ამ მონაკვეთში იპოვეს მათ პირამიდის გარეთ დამარხული, ცუდად შენახული მუმიები. თხრილში დამარხულთა ხის კუბოები დაშლილი იყო და მუმიები პირდაპირ ქვიშაში ეყარა. გარდა ამისა, ზოგიერთი კუბო გაძარცვულიც იყო.

მიუხედავად იმისა, ყველა კუბო დაშლილია, ერთ მათგანზე მაინც ჩანს ზედ დატანილი დეკორაციები, რომლებიც გარკვეულ დეტალებზე მიუთითებს.

ამ კუბოს თავსახურის იმ მონაკვეთში, სადაც მიცვალებულის კისერი უნდა ყოფილიყო მოქცეული, დახატულია ყელსაბამი, ქვედა ნაწილში კი ჩანს სხვა იეროგლიფები. გარდა ამისა, მიცვალებულის სახელის ნაცვლად, იეროგლიფები არაფერს აღნიშნავს, აქვს უაზრო მნიშვნელობა.

კურასკევიჩის განცხადებით, ხელოსანი, რომელიც ამ იეროგლიფებს ხატავდა, სავარაუდოდ წერა-კითხვის უცოდინარი იყო და უბრალოდ ცდილობდა დაეხატა რაღაც ისეთი, რაც ნანახი ჰქონდა. ზოგიერთი ნიშანი საერთოდ არ არის იეროგლიფი და არ აქვს აზრობრივი მნიშვნელობა.

გარდა ამისა, კუბოს თავსახურზე ლურჯად დახატულია მიწისქვეშეთის ტურისთავიანი ღმერთის, ანუბისის ორი ფიგურა; როგორც წესი, ანუბისს შავად ხატავდნენ.

უცნობია, რატომ არის ეს ღვთაება ლურჯად გამოსახული. სავარაუდოდ, ან მხატვარმა არ იცოდა ხატვის ტრადიციები, ან ღმერთის ლილაქვის ფერის თმის წარმოჩენას ცდილობდა.

თავად კუბო გაძარცვულია. აკლია მიცვალებულის ნიღაბიც, რომელიც კუბოს თავსახურზე უნდა ყოფილიყო მოთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ საფლავების ატრიბუტები მარტივი და მოკრძალებულია, ვიდრე ნეკროპოლისის სხვა მდიდრული სამარხებისა, აშკარად ჩანს, რომ უბრალო ადამიანების დაკრძალვის ტრადიციაც მდიდრების მსგავსი იყო. შესაძლოა, ისინი უბრალოდ ბაძავდნენ დიდებულთა სამარხებს, ისე, რომ ვერც იგებდნენ, რას აკეთებდნენ.

აღმოჩენამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას 2000-2500 წლის წინანდელი ძველეგვიპტური საზოგადოების ფენებად დაყოფის შესახებ.

პოლონელმა არქეოლოგებმა საქარის ნეკროპოლისის ამ ნაწილში უკვე გათხარეს 500-მდე სამარხი. მათი აზრით, ეს სექცია მხოლოდ უბრალო ხალხის დასაკრძალად იყო განკუთვნილი.

მომზადებულია scienceinpoland.pap.pl-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.