ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საიდუმლო ადგილი, სადაც მიცვალებულთა მუმიფიცირება ხდებოდა
ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საიდუმლო ადგილი, სადაც მიცვალებულთა მუმიფიცირება ხდებოდა

ეგვიპტის უდაბნოში, საკარის ნეკროპოლისში, არქეოლოგებმა აქამდე სრულიად უცნობი სამარხის კომპლექსი აღმოაჩნეს. კომპლექსის შუაგულში განთავსებულია ნაგებობა, სადაც ქურუმები გარდაცვლილთა სხეულებს დასამარხად ამზადებდნენ, უტარებდნენ მუმიფიცირებას.

მის ქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე მიაგნეს რამდენიმე სამარხ კამერას, სადაც განთავსებულია ხის სამი კუბო, კირქვის სარკოფაგი, მუმია და საფლავში ჩატანებული სხვადასხვა ნივთები.


აღმოჩენებს შორის ერთი განსაკუთრებულია — ერთ-ერთ კუბოში მუმიას უკეთია ნიღაბი, რომელიც დამზადებულია მოოქროვილი ვერცხლით, თვალების ადგილი ამოვსებულია კალციტით, ობსიდიანითა და შავი ქვით, რომელიც შეიძლება, ონიქსი იყოს. ამ ტიპის ნიღაბი არქეოლოგებს 1939 წლის შემდეგ არ უპოვიათ.

„ამ ნიღბის აღმოჩენას თამამად შეიძლება, სენსაცია ეწოდოს. ძვირფასი ლითონის ნიღბები ძალიან ცოტაა შემორჩენილი, რადგან ეგვიპტურ სამარხთა უმეტესობას უძველეს ხანაშივე ძარცვავდნენ“, — ამბობს გერმანულ-ეგვიპური არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი რამადან ბადრი ჰუსეინი.

ჯგუფმა შეძლო იმ მუმიის იდენტიფიცირებაც, რომელიც ამ ნიღაბს ატარებდა. როგორც გაირკვა, ის ყოფილა დედაღვთაება ნეიტის მეორე ქურუმი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 26-ე დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 664-404 წ.წ.).


გატეხილია თაბაშირის ის ნაწილი, რომელზეც მისი სახელი უნდა ყოფილიყო ამოტვიფრული. ჯგუფმა მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ ქურუმის სახელი მოიცავს ღვთაება ნეიტის სახელსაც.

სამარხის კომპლექსი რამდენიმე კამერისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანის თავზე არქეოლოგებმა იპოვეს ტალახის აგურისა და კირქვისგან ნაგები შენობის ნაშთები.

მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ აქ ახდენდნენ ქურუმები გარდაცვლილთა მუმიფიცირებას, სანამ დაკრძალავდნენ.

მოიცავს ორ ვრცელ აუზს, შუაში გამყოფი ამოზნექილობით, გარს არტყავს ტალახის აგურის კედლები. სავარაუდოდ, მათ ორი მიზნით გამოიყენებნენ — სხეულებს ამშრალებდნენ ბუნებრივი, მლაშე ხსნარით, რომელსაც ნატრონი ეწოდება; და იქვე ამზადებდნენ მუმიის სახვევებს.

ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი, რომელთა შორის არის ასარწყავი თასები და ლარნაკები, რომლებზეც დაწერილია ბალზამირების დროს გამოსაყენებელი ზეთების სახელები.


„ჩვენ წინაშეა ინფორმაციის ნამდვილი საგანძური. აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია. ხელთ გვაქვს ზეთების შესანახი ლარნაკები და ასარწყავი თასები. ყველა მათგანი ეტიკეტირებულია. ახლა უკვე შეგვიძლია გავარკვიოთ ამ ზეთების ქიმიური შემადგენლობა“, — ამბობს ჰუსეინი.

სამარხებთან ერთად, არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ალებასტრის კანოპური ქილები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელები მუმიფიცირების დროს გარდაცვლილისგან ამოცლილ შინაგან ორგანოებს ინახავდნენ. იქვე ეწყო უშებთის ფიგურები — მიცვალებულისთვის სამარხში ჩასატანებელი კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი.

ძეგლზე მუშაობისას ჯგუფმა მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენა, მათ შორის 3D ლაზერით სკანირების მეთოდი.

უახლოეს ხანებში დაგეგმილია სამარხის დამატებითი გათხრები.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.