ძველეგვიპტურ სამარხში „მიცვალებულთა წიგნის“ პაპირუსი და მუმიები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტურ სამარხში „მიცვალებულთა წიგნის“ პაპირუსი და მუმიები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

3500 წლის წინანდელი სასაფლაოს გათხრისას, არქეოლოგებმა ძველეგვიპტური „მიცვალებულთა წიგნი“ აღმოაჩინეს, რომელიც სავსეა მიცვალებულის შემდეგი ცხოვრებისთვის საჭირო შელოცვებით.

პაპირუსის გრაგნილი ცენტრალურ ეგვიპტეში, ტუნა-ალ-გებელის სასაფლაოზე აღმოაჩინეს და მისი სიგრძე 13-15 მეტრია.

ასეთი გრაგნილები ძველ ეგვიპტეში სამარხების საკმაოდ ჩვეულებრივი კომპონენტი იყო და მათში დაწერილი შელოცვები ერთგვარ ზებუნებრივ „სამოგზაურო დაზღვევას“ წარმოადგენდა.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, ტუნა-ალ-გებელზე აღმოჩენილი გრაგნილის პირველადი კვლევით დგინდება, რომ ის „მიცვალებულთა წიგნად“ არის მოხსენიებული.

ეს ძეგლი ახალ სამეფოს ეკუთვნის და ძვ. წ. 1550 – 1070 წლებით თარიღდება. გრაგნილის გარდა, იქ სხვა არტეფაქტებიც აღმოაჩინეს.

მათ შორის არის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მუმიები, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ ქვის სარკოფაგებში, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო.

მუმიებს შორის არის უმაღლესი ქურუმის ქალიშვილის, ტა-დე-ისას ქალიშვილის მუმიაც.

ასევე აღმოჩენილია ათასობით ამულეტი და ალებასტრისგან დამზადებული კანოპური ქილები, რომლებშიც მუმიფიკაციის დროს ინახავდნენ სპირიტუალურად მნიშვნელოვან ორგანოებს.

მიცვალებულთა წიგნი

„მიცვალებულთა წიგნის“ ასლების აღმოჩენა სულაც არაა იშვიათი ამბავი. თუმცა, ძლიერ იშვიათია ისეთი ეგზემპლარის პოვნა, რომელიც ჯერ კიდევ იმ საფლავშია, სადაც დამარხეს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგის, ფოი სკალფის განცხადებით, გრაგნილის შესახებ ჯერ არც ისე ბევრი ინფორმაციაა ცნობილი და ამ ეტაპზე შეუძლებელია მის მნიშვნელობაზე რამის თქმა.

„მიცვალებულთა წიგნის“ ექსპერტი ლარა ვაისი აღნიშნავს, რომ ამ სიგრძის და ასე კარგად შენახული ეგზემპლარის აღმოჩენა ფრიად მნიშვნელოვანია.

ძველეგვიპტელთა რწმენით, სიკვდილის შემდეგ გზა საკმაოდ რთული იყო და მის საფლავში მოთავსებული ასეთი ინსტრუქციები სულს გზის გაკვალვაში დაეხმარებოდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.