ძველეგვიპტელი ბავშვების მუმიები ერთი უძველესი დაავადების ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტელი ბავშვების მუმიები ერთი უძველესი დაავადების ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

ანემია საკმაოდ იყო გავრცელებული ძველეგვიპტელ ბავშვებში; ამაზე მეტყველებს ევროპის სხვადასხვა მუზეუმში დაცული ძველეგვიპტელი ბავშვების მუმიების ანალიზი.

მუმიების არაინვაზიურად შესასწავლად, მკვლევრებმა კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ მათ ერთ-მესამედს ანემიის ნიშნები აქვს; ერთ შემთხვევაში ასევე მიაგნეს თალასემიის მტკიცებულებას.

„როგორც ჩანს, ჩვენი კვლევა პირველია, რომელიც არა მხოლოდ თავის ქალის ღრუს რადიოლოგიური აღმოჩენების შესახებ იუწყება, არამედ სახის ძვლებისა და თავისქალისუკანა (პოსტკრანიალური) ჩონჩხის შესახებაც, რაც ძველეგვიპტურ ბავშვთა მუმიებში თალასემიაზე მიუთითებს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

პალეოპათოლოგი სტეფანი პანცერი და მისი კოლეგები გერმანიიდან, აშშ-დან და იტალიიდან, ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ანემია საკმაოდ იყო გავრცელებული ძველ ეგვიპტეში და სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის არასრულფასოვანი კვება, პარაზიტული ინფექციები და გენეტიკური აშლილობები, რაც დღემდე იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.

მკვლევრები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ტუტანხამონი ნამგლისებრი უჯრედული დაავადებით მოკვდა, რაც ასევე ანემიის გამომწვევია. თუმცა, როგორც ამ კვლევის ავტორები განმარტავენ, „ძველეგვიპტურ ადამიანთა ნაშთებში ანემიის მტკიცებულება იშვიათია“.

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სხეულს არ აქვს საკმარისი რაოდენობის სისხლის ჯანმრთელი წითელი უჯრედები, რომლებსაც სხეულის ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ. ადრეული სიკვდილის გამო, ანემიის ნიშნების პოვნა ბავშვების მუმიებში უფრო ადვილია, ვიდრე ზრდასრულთა მუმიებში.

კომპიუტერული ტომოგრაფიით ვერ დადგინდება, გახდა თუ არა ანემია ამ ბავშვების სიკვდილის მიზეზი, მაგრამ მკვლევართა ვარაუდით, ამ დაავადებას მათ სიკვდილში გარკვეული როლი უნდა შეესრულებინა. მათ ასევე აქვთ იმ დაავადებათა ნიშნები, რომლებსაც ანემია უნდა გამოეწვიათ.

მუმიფიცირებისას ადამიანის სხეული უფრო მეტ ინფორმაციას ინახავს, ვიდრე დამარხვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს მუმიებზე სახვევების მოხსნის უფლება არ აქვთ, ხშირად იყენებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას,რომელიც ამ სახვევებს მიღმაც კარგად ხედავს.

 

კომპიუტერული ტომოგრაფია ხედავს მუმიების ძვლებსაც, სადაც შესაძლებელია ანემიის ნიშნების პოვნა ძვლის ტვინის საფუძველზე; სისხლის წითელი უჯრედები სწორედ ძვლის ტვინში წარმოიქმნება.

ქრონიკულ ჰემოლითურ ანემიას და რკინადეფიციტურ ანემიას ხშირად თან ახლავს თავის ქალის ღრუს (თავის ქალის ზონა, სადაც მოთავსებულია თავის ტვინი) წაგრძელება. მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს ანემიის სხვა ნიშნები ძვლებში, მაგალითად, ფორიანობა, გათხელება და ფორმების შეცვლა.

ძვლების ფორიანობისა და გათხელების გაზომვა კონტრასტის გარკვეულ დონეს მოითხოვს, რაც ხშირად კომპიუტერულ ტომოგრაფიას არ შეუძლია შემორჩენილ, ბალზამირებულ ქსოვილთა გამო.

საერთო ჯამში, გერმანიის, იტალიისა და შვეიცარიის მუზეუმში დაცული ბავშვის მუმიების შესწავლისას, 21-დან შვიდს ანემიის მკაფიო ნიშნები ჰქონდა, განსაკუთრებით კი თავის ქალის წაგრძელებული ღრუ.

ამას გარდა, ერთ ბავშვს ჰქონდა თალასემიისთვის დამახასიათებელი ცვლილებები სახისა და სხვა ძვლებში. თალასემია არის გენეტიკური დაავადება, როდესაც სხეული საკმარისი ოდენობის ჰემოგლობინს ვერ გამოიმუშავებს. მას ასევე ჰქონდა ჩვეულებრივზე უფრო დიდი ენა, რაც მკვლევართა ვარაუდით, ბეკვიტ-უიდემანის სინდრომის მანიშნებელია.

ეს გენეტიკურად უიღბლო ბავშვი 1, 5 წლის ასაკში დაიღუპა, სავარაუდოდ თალასემიის მრავალი სიმპტომით, რომელთა შორისაც არის ანემია.

მუმიფიცირებული ბავშვები 1-14 წლის ასაკში არიან დაღუპული, სხვადასხვა ეპოქაში.

„ქრონოლოგიურად უძველესი მუმია ძველი სამეფოს პერიოდს ეკუთვნის (ძვ. წ. 2686-2160). მუმიათა უმეტესობა კი პტოლემეების (ძვ. წ. 332-30) და რომაულ პერიოდებს (ძვ. წ. 30 – ახ. წ. 395) ეკუთვნის“, — წერენ მკვლევრები.

ძველეგვიპტური მუმიები მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის მათი ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ.

კვლევა International Journal of Osteoarchaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.