ბალზამირების უძველეს სახელოსნოში აღმოჩენილი კერამიკის ნარჩენების ანალიზი ახალ ცნობებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ ახდენდნენ ძველეგვიპტელები საკუთარ მიცვალებულთა მუმიფიცირებას.
უფრო საოცარი კი ის არის, რომ როგორც მეცნიერებმა გამოავლინეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერებაც.
აღმოჩენა ნაწილობრივ თავად ნარჩენების საფუძველზე გაკეთდა, რომლებიც ბიომოლეკულური ტექნოლოგიებით შეისწავლეს. თუმცა, მრავალი ჭურჭელი დღემდე ხელუხლებელი იყო, ზედ ეწერა არა შიგნით არსებული ნივთიერების სახელი, არამედ მისი გამოყენების ინსტრუქციებიც.
„ბალზამირების მრავალი ინგრედიენტის სახელი ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცოდით, როდესაც ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა მოხერხდა; მაგრამ ამ დრომდე არაფერი ვიცოდით, რა ნივთიერება იგულისხმებოდა თითოეულ ამ სახელს მიღმა“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტიუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი სუსან ბეკი.
სახელოსნო საკარის სასაფლაოთა მთლიან კომპლექსს ეკუთვნოდა და ის 2018 წელს გერმანულ-ეგვიპტურმა ჯგუფმა აღმოაჩინა; ეკუთვნის 26-ე დინასტიას, რომელიც ძვ. წ. 664-525 წლებში მართავდა ქვეყანას.
სამარხებში აღმოჩენილი ნივთები უბრალოდ საოცარია. მათ შორის არის მუმიები, კანოპური ქილები და მათში შენახული ორგანოები, უშებტის ქანდაკებები.
იქვე არსებული სახელოსნო სავსე იყო კერამიკის ჭურჭლით, საზომი ფინჯნებითა და ჯამებით, რომლებსაც სათუთად ეწერა, თუ რაში გამოიყენებოდა თითოეული მათგანი.
მკვლევართა ჯგუფმა ტიუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგ მაქსიმ რაჟოს ხელმძღვანელობით, საფუძვლიანად შეისწავლა მათგან 31 ჭურჭელი; მასის აირ-ქრომატოგრაფიული სპექტრომეტრიის გამოყენებით განსაზღვრეს ბალზამირების მასალების ინგრედიენტები.
შედეგები უბრალოდ მომაჯადოებელია, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად მოულოდნელი.
„ნივთიერება, რომელსაც ძველეგვიპტელები ანიტუს უწოდებდნენ, დიდხანს მიიჩნეოდა მირონად ან საკმევლად. მაგრამ ახლა დავადგინეთ, რომ სინამდვილეში, ის სულ სხვა ინგრედიენტთა ნაზავია“, — განმარტავს რაჟო განცხადებაში.
როგორც ჯგუფმა დაადგინა, ეს ინგრედიენტები იყო კედარის ზეთი, კვიპაროსის ზეთი და ცხოველური ცხიმი. თუმცა, ნაზავი შეიძლება სხვადასხვაგვარი ყოფილიყო სხვადასხვა ადგილას და დროს.
ზოგიერთ ჭურჭელზე დატანებული ინსტრუქციები ჯგუფმა შეადარა მათში არსებულ ნივთიერებებს, რათა დაედგინათ, როგორ გამოიყენებოდა თითოეული ეს მიქსტურა. ინსტრუქციებს შორის იყო „მის თავზე დადება“, „მასში გახვევა ან მისით ბალზამირება“ და „რომ მისი სუნი სასიამოვნო გახდეს“.
რვა სხვადასხვა ჭურჭელს მიცვალებულთა თავის დამუშავების ინსტრუქცია ეწერა; ამ ჭურჭლებში მხოლოდ ფისტის ფისი და აბუსალათინის ზეთი აღმოაჩინეს, ზოგჯერ ნარევის სახით, რომელსაც სხვა ელემენტებიც ჰქონდა შერეული, მაგალითად, ელემის ფისი, მცენარეული ზეთი, ფუტკრის ცვილი და ხეების ზეთები.
სხეულის ხრწნის სუნის გასანეიტრალებლად იყენებდნენ ცხოველურ ცხიმს და ბრუზერების (ყვავილოვანი მცენარეების ოჯახი) ფისს, დამუშავების მესამე დღეს კი კანს ამუშავებდნენ ცხოველური ცხიმითა და ფუტკრის ცვილით. როგორც კიდევ რვა სხვა ქილაში აღმოაჩინეს, მუმიების სახვევებს ხეების ზეთით, მცენარეული ზეთით და ცხოველური ცხიმითამუშავებდნენ.
კიდევ უფრო საოცარი ის არის, რასაც ეს მიქსტურები გვეუბნება იმ დროის გლობალური ვაჭრობის შესახებ. ფისტა, კედარის ზეთი და ბიტუმი სავარაუოდ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირიდან, ლევანტიდან შეჰქონდათ.
უფრო შორიდან შემოდიოდა ელემის ფისი და კიდევ ერთი ფისი, სახელად დამარა: ელემი სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება, მაგრამ ხე, რომლისგანაც დამარას ფისს ამზადებენ, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იზრდება.
შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ორი ფისი ეგვიპტეში ერთი და იგივე სავაჭრო გზით შეჰქონდათ, რაც მიუთითებს, თუ რამხელა ძალისხმევას ეწეოდნენ ძველეგვიპტელები ბალზამირების კონკრეტული ინგრედიენტების შესაგროვებლად. სავარაუდოდ, ამას დიდი როლი უნდა შეესრულებინა გლობალური სავაჭრო ქსელების ჩამოყალიბებაში.
ამასობაში, მკვლევრები მუშაობას აგრძელებენ სახელოსნოში აღმოჩენილ 121 სხვა ფინჯანსა და ქილაზე.
„ჭურჭელზე არსებული წარწერების წყალობით, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავშიფრავთ ძველეგვიპტური ქიმიის ლექსიკონს, რომელსაც დღეს კარგად ვერ ვიგებთ“, — აღნიშნავენ არქეოლოგები.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.