ძველეგვიპტური მუმია სხვის სარკოფაგშია მოთავსებული და დაკრძალულია სახვევებით, რომლის მსგავსიც არქეოლოგებს ჯერ არ უნახავთ — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტური მუმია სხვის სარკოფაგშია მოთავსებული და დაკრძალულია სახვევებით, რომლის მსგავსიც არქეოლოგებს ჯერ არ უნახავთ — #1tvმეცნიერება

ძველეგვიპტური უიშვიათესი, „ტალახის მუმიის“ აღმოჩენამ არქეოლოგები ფრიად შეაცბუნა, რადგან სულ არ ელოდნენ, რომ ოდესმე გამხმარი ტალახის გარსში შეფუთულ გვამს იპოვიდნენ.

ტალახისგან დამზადებული თავ-მკერდის ჯავშანი უიშვიათესი აღმოჩენაა; როგორც მკვლევრები წერენ, წარმოადგენს გვამის დამუშავების ისეთ მეთოდს, რომელიც ეგვიპტურ არქეოლოგიურ ჩანაწერებში აქამდე არსად შეგვხვედრია.

არ არის გამორიცხული, რომ ტალახის სახვევები დაზიანებული მუმიის დასამაგრებლად გამოიყენეს. შესაძლებელია ისიც, რომ ტალახი საზოგადოების ელიტის მიერ გამოყენებული მეთოდების ერთგვარ მიბაძვას წარმოადგენდა, რომელთა მუმიფიცირებაც ხანდახან იმპორტირებული, რეზინით დამზადებული მასალებით ხდებოდა დაახლოებით 350-წლიან პერიოდში, ახალი სამეფოს ბოლო წლებიდან 21-ე დინასტიის დასაწყისამდე (დაახლოებით ძვ. წ. 1294 – 945 წლებში).

საინტერესოა, რატომ იყო ეს ინდივიდი ტალახით დაფარული და არა რეზინით?

„ტალახი უფრო ხელმისაწვდომი მასალაა“, — ამბობს კვლევის ავტორი, სიდნეის მაკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი კარინ სოვადა.

ტალახის ფენა ამ მუმიის ერთადერთი უცნაურობა როდია. მკვლევართა დასკვნით, მუმია დაახლოებით ძვ. წ. 1207 წლით თარიღდება და სიკვდილის შემდეგ გვამი დაზიანებულა და შეცდომით დაკრძალულია უფრო გვიან გარდაცვილი ქალის კუბოში.

მრავალი სხვა ძველეგვიპტური მუმიის მსგავსად, „ტალახის მუმია“ და მისი დალუქული კუბო 1800-იან წლებში დასავლელ კოლექციონერთა ხელში მოხვდა, ამ შემთხვევაში, ინგლისელ-ავსტრალიელი პოლიტიკოსის, ჩარლს ნიკოლსონის ხელში, რომელმაც ის ავსტრალიაში წაიღო.

1860 წელს ნიკოლსონმა ის სიდნეის უნივერსიტეტს გადასცა და ამჟამად უნივერსიტეტის ჩაუ-ჩაკ-ვინგის მუზეუმში ინახება. როგორც ჩანს, არტეფაქტის გამყიდველმა ნიკოლსონი მოატყუა — მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მუმია მოთავსებულია კუბოში, რომელიც მასზე უფრო ახალია.

„სავარაუდოდ, ადგილობრივმა დილერებმა მუმიფიცირებული სხეული კუბოში მოათავსეს, რათა უფრო ძვირად გაეყიდათ, რაც კარგად ცნობილი პრაქტიკაა ანტიკვარიატის ადგილობრივ ვაჭრობაში“, — წერენ მკვლევრები.

კუბოზე ქალის სახელი წერია „მერუაჰი“ და დეკორირებული იკონოგრაფიის მიხედვით, ძვ. წ. 1000 წლით თარიღდება, ანუ, კუბო მასში მოთავსებულ მუმიაზე 200 წლით უფრო ახალია.

მართალია, მუმია მერუაჰს არ ეკუთვნის, მაგრამ ანატომიური მონაცემები მიუთითებს, რომ ის ქალი ყოფილა, რომელიც 26-35 წლის ასაკში დაიღუპა.

ტალახით დამუშავება

3400 წლის მუმიის უცნაურობა მკვლევრებმა პირველად 1999 წელს შენიშნეს, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირებამ შიგნით რაღაც უცნაური გამოავლინა. კვლევისათვის, მეცნიერებმა სახვევებიდან რამდენიმე ნიმუში აიღეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი ქვიშისა და ტალახის ნაზავს შეიცავდა.

2017 წელს მუმიას სკანირება ახალმა ჯგუფმა ჩაუტარა და აღმოაჩინეს თავ-მკერდის ჯავშნის მანამდე უცნობი დეტალები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტალახის ფრაგმენტებს ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს.

ირკვევა, რომ სიკვდილის შემდეგ, ქალის სხეულს მუმიფიცირება ჩაუტარეს და ქსოვილებში გაახვიეს. ამის შემდეგ, გაურკვეველ გარემოებაში, სავარაუდოდ სამარხის მძრცველთა მიერ დაზიანებული მისი მარცხენა მუხლი და ტერფი. შემდეგ ვიღაცას მუმიის „შეკეთება“ უცდია, სავარაუდოდ მისი დამარხვიდან ერთი ან ორი თაობის შემდეგ — ხელახლა შეუხვევია, ქსოვილებში შეუფუთავს და თავსა და მკერდზე ტალახი წაუსვამს.

ტალახის, ქვიშისა და ჩალის ნარევი სელის ქსოვილის სახვევებს შორის არის მოქცეული. ტალახის ნაზავის ძირში თეთრი კალციტით დამზადებული საღებავია, ზედა ნაწილში კიჟანგმიწით, წითელი ფერის მინერალით დამზადებული.

„სავარაუდოდ, ტალახი ფენებად არის წასმული, როცა ის ჯერ კიდევ სველი და დამყოლი იყო. გვამი სელის ქსოვილებშია გახვეული, შემდეგ თავი და მკერდი ტალახით დაუფარავთ, შემდეგ კი კვლავ ქსოვილებში გაუხვევიათ“, — ამბობს ამბობს კვლევის ავტორი, სიდნეის მაკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი კარინ სოვადა.

მოგვიანებით, მუმია კვლავ დაზიანებულა, ამჯერად ყელის მარჯვენა მხარეს და თავთან. ვინაიდან ამის გამო დაზიანებულია ყველა ფენა, მათ შორის ტალახის ჯავშანიც, აშკარაა, რომ დაზიანება უფრო გვიანდელია და მის დასაფიქსირებლად ლითონის ქინძისთავები გამოუყენებიათ.

„ტალახის მუმია“ ერთადერთი ძველეგვიპტური მუმია არ არის, რომელიც რამდენჯერმეა შეკეთებული. მკვლევართა განცხადებით, ფარაონ სეთი I-ის მუმია რამდენჯერმეა ახლიდან გადახვეული; ასეთივე ბედი ეწია ფარაონ ამენჰოტეპ III-ის (ფარაონ ტუტანხამონის პაპა) მუმიასაც.

კარინ სოვადას განცხადებით, მუმიაში ტალახის ჯავშანი სრულიად ახალი აღმოჩენაა ეგვიპტურ მუმიფიკაციაში და გვიჩვენებს, როგორ ზრუნავდნენ ძველეგვიპტელები თავიანთ გარდაცვლილთა მუმიების მოვლა-შეკეთებაზე.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი