არქეოლოგებმა 1615 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილი მუმიები კომპიუტერული ტომოგრაფიით შეისწავლეს — #1tvმეცნიერება
არქეოლოგებმა 1615 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილი მუმიები კომპიუტერული ტომოგრაფიით შეისწავლეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 400 წლის წინ ეგვიპტეში, კლდეში გამოკვეთილ აკლდამაში აღმოჩენილი ორი მუმია საკუთარ საიდუმლოებს საბოლოოდ გვიმხელს — ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მათ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს.

ეს ორი მუმია, კიდევ ერთ სხვა მუმიასთან ერთად, წარმოადგენს ძველეგვიპტური საქარის ნეკროპოლისის „მობათქაშებული პორტრეტული მუმიების“ ერთადერთ ნაშთებს.

სარკოფაგებში დამარხული სხვა მუმიებისგან განსხვავებით, ეს მუმიები მოთავსებული იყო ხის დაფაზე, გახვეული იყო ნაჭრებში და შემდეგ, გადაკრული ჰქონდათ 3D თაბაშირი, ოქრო და ზემოდან ეხატა მთლიანი სხეულის პორტრეტი.

ახლახან ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით ირკვევა, რომ სამიდან ერთ-ერთი მუმია დაკრძალულია ორგანოებთან ერთად (მათ შორის არის ტვინიც), ორი ქალის მუმია კი დამარხულია ულამაზეს ყელსაბამებთან ერთად.

მუმიები ეკუთვნის გვიანდელი რომაული პერიოდის (ძვ. წ. 30 – ახ. წ. 395) კაცს, ქალს და თინეიჯერ გოგონას; კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ასევე დაადგინა, რომ ისინი ისეთ არტეფაქტებთან ერთად დაკრძალეს, რომლებიც ძველეგვიპტელთა რწმენით, მათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში გამოადგებოდათ; მათ შორის არის მონეტები, რომლებიც ქარონისთვის გადასახდელად იყო საჭირო — ბერძნულ-რომაული ღვთაებისთვის, რომელსაც მათი რწმენით, სულები მდინარე სტიქსზე გადაჰყავდა.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ასევე გამოამჟღავნა, რომ ქალს სიცოცხლეში ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები უნდა ჰქონოდა, მათ შორის ართრიტი.

„კვლევამ დაადგინა, რომ ისინი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაღუპულან, თუმცა, სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია“, — ამბობს რაის-ენელჰორნის მუზეუმის გერმანიის მუმიების პროექტის ანთროპოლოგი და ეგვიპტოლოგი შტეფანი ცეში.

აღმოჩენის შემდეგ, ორ მუმიას საკმაოდ დიდი მოგზაურობა მოუწია. 1615 წელს, იტალიელი კომპოზიტორი პიეტრო დელა ვალე მოსალოცად წმინდა მიწაზე გაემგზავრა, შემდეგ კი ეგვიპტეში გადავიდა.

იქ მან ადგილობრივთა მიერ საქარის ნეკროპოლისში აღოჩენილი ორი მუმია შეისწავლა, ქალის და კაცის. დელა ვალემ მუმიები რომში წაიღო.

რამდენიმე მფლობელის გამოცვლის შემდეგ, მუმიები საბოლოოდ გერმანიაში, დრეზდენის ხელოვნების სახელმწიფო კოლექციაში მოხვდა, სადაც მათ 1980-იან წლებში რენტგენული კვლევები ჩაუტარეს. ახლახან ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ კი მათ შესახებ უფრო მეტი რამ გვამცნო.

მაგალითად, დაადგინა, რომ კაცი 25-30 წლის ასაკშია გარდაცვლილი. იყო დაახლოებით 163 სმ სიმაღლის, ჰქონდა ორი ჯერ ამოუსვლელი სიბრძნის კბილი და რამენიმე ღრმული სხვა კბილებში.

მისი ზოგიერთი ძვალი გატეხილი და არეულია. მკვლევართა აზრით, აღმოჩენის შემდეგ ის ვიღაცამ გახსნა და ეს დაზიანებებიც მაშინ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუმიის ტვინი შემონახული არ არის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის მუმიფიცირებისას ის ცხვირიდან არის გამოღებული. გამოყენებულია არც ისე ბევრი ბალზამირებისთვის საჭირო ნივთიერება. გვამი უბრალოდ გაუხვევიათ და მოუხატავთ.

კომპიუტერული ტომოგრაფიისას აღმოჩენილი მეტალის ორი საგანი სავარაუდოდ მუმიფიკაციის დროს გამოყენებული პლომბია, რომლითაც გვამი დალუქეს.

შემორჩენილი არ არის არც ახალგაზრდა ქალის მუმიის თავის ტვინი, მაგრამ მაინც შეიმჩნევა მისი გარკვეული ნაშთები, ისევე როგორც სხვა შინაგანი ორგანოები.

„დარწმუნებული ვართ, რომ მისთვის მუმიფიცირების დროს ტვინი და სხვა ორგანოები არ ამოუცლიათ. სავარაუდოდ, ეს მუმიები მხოლოდ გარკვეული სახის დეჰიდრატაციისა და კრისტალური სოდის წყალობით შემოინახა, რადგან არ შეიმჩნევა დიდი ოდენობით სხვა ბალზამირების სითხეების კვალი“, — ამბობს ცეში.

მეორე ქალი 30-40 წლის ასაკშია გარდაცვლილი და უნდა ყოფილიყო 151 სმ სიმაღლის. მარცხენა მუხლზე შეიმჩნევა მწვავე ართრიტის კვალი. თინეიჯერი გოგონა კი 17-19 წლის ასაკშია გარდაცვლილი და არის 156 სმ სიმაღლის; ატარებდა თმის სარჭს.

ხერხემალზე მას კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს, იგივე ხერხემლის ჰემანგიომა, რომელიც ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.

ორივე ქალი დაკრძალულია მრავალ ყელსაბამთან ერთად. ცეშის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ ეს ქალები მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლები იყვნენ.

ზრდასრული ქალის და კაცის მუმია ამჟამად დრეზდენის მუზეუმშია დაცული, გოგონასი კი კაიროში, ეგვიპტის სიძველეთა მუზეუმში.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი