ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე დიადი ფარაონის სახე დეტალურად აღადგინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე დიადი ფარაონის სახე დეტალურად აღადგინეს — #1tvმეცნიერება

რამზეს II, რომელსაც ხშირად ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე დიად ფარაონს უწოდებენ, ფრიად გამოუცნობი ადამიანია.

3000 წლის წინანდელ ქანდაკებებსა და ნახატებში გამოსახულია სიმპათიური, მომრგვალებული სახის, გამოკვეთილი ცხვირისა და აწეული ლოყების მქონე მამაკაცის სახით.

1891 წელს აღმოჩენილი მისი მუმია საკმაოდ ცოტა დეტალს შეიცავს. მისი სტრუქტურის გამოყენებით, მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და მხატვრებმა ფარაონის სახე მრავალჯერ აღადგინეს.

ასე აღდგენილ ზოგიერთ გამოსახულებაში, რამზეს II-ეს ძლიერ კეხიანი ცხვირი აქვს, ზოგშიც არა.

იმის გათვალისწინებით, თუ სად ნახეთ ონლაინ, მრავალგვარად გამოსახავენ ფარაონის თვალებსაც — ზოგან ჩაცვენილს, ზოგანაც გადმოკარკლულს. სხვადასხვაგვარად გამოსახავენ მის სახესაც — მრგვალს და ბრტყელს, გრძელს და თხელს.

ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საკუთარი ძალები ეგვიპტური მუმიების ექსპერტთან და კაიროს უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორთან, საჰარ სალიმთან გააერთიანეს და ფარაონის მუმია „ციფრულად გახსნეს“; შედეგად კი შექმნეს ფარაონის სახის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური გამოსახულება.

სამუშაო ზედმიწევნით შესრულდა. კაიროს ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში დაცული მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირებები და ფოტოები ისტორიულ მონაცემებთან შეაჯერეს და ფარაონის სახე ასე აღადგინეს.

ლივერპულის ჯონ მურსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი და Face Lab-ის ხელმძღვანელი კაროლინ ვილკინსონი აღნიშნავს, რომ მუმიის სახის ყველაზე გამოკვეთილი მახასიათებლებია მისი ძლიერი ყბები და ცხვირის ფართო ძვალი, რომელიც თვალებს შორის ძლიერ მაღლა და ძლიერ გამოკვეთილად არის მოთავსებული.

მას შემდეგ, რაც სახის ზოგადი სტრუქტურა განსაზღვრეს, ინფორმაცია იმავე პროგრამულ უზრუნველყოფაში შეიტანეს, რომელსაც კრიმინალური რეკონსტრუქციებისას იყენებენ. ეგვიპტელთა ძვლების გაზომვებისა და სახის კუნთების სისქეზე დაყრდნობით, მკვლევრებმა გადამფარავი კუნთები და ლიგამენტები აღადგინეს.

„რაც უფრო ძლიერია კუნთი მიმაგრების ადგილას, მით უფრო მეტად ტოვებს ხილულ ნიშნებს მისი მიმაგრებები თავის ქალის ზედაპირზე“, — განმარტავს ვილკინსონი.

შედეგად მიიღეს ხანდაზმული კაცის გრძელი სახე, ფართო კეხიანი ცხვირით, ერთმანეთთან ახლოს მოთავსებული თვალებით, ხშირი რუხი წარბებით, ფართი პირითა და თხელი ზედა ტუჩით, როგორც ამას სურათზე ხედავთ.

ბოლო შრეების სახით, რეკონსტრუქციას დაამატეს ფარაონის კანი და თმები.

კანის ფერი შეარჩიეს იმ მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომელიც მეცნიერთა აზრით, იმ პერიოდის ეგვიპტეში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. რაც შეეხება თმის ფერს, ის მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეარჩიეს, მათ შორის რამზეს II-ის ვიზუალის მიკროსკოპული კვლევებისა და სხვა თმიან მუმიათა საფუძველზე, რომლებიც მიუთითებს, რომ ერთ დროს მას წითელი თმით სრულად დაფარული თავი უნდა ჰქონოდა.

ძველ ეგვიპტეში წითელი თმა ღვთიურ თვისებად მიაჩნდათ, რაც მოკრძალებასა და პატივისცემას იწვევდა; ამიტომ რამზეს II-ს ხშირად ღვთაებად გამოსახავდნენ. უცნობია, დაეხმარა თუ არა მას წითელი თმა ფარაონად გახდომაში, თუ სწორედ მისი წარმატების შემდეგ გახდა წითელი თმა ლიდერობის ნიშანი.

მართალია, შეიძლება დაზუსტებით ვერც ვერასოდეს გავიგოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ეს დიადი ფარაონი, მაგრამ როგორც ვილკინსონი აღნიშნავს, მისმა ჯგუფმა სახის რეკონსტრუქციის მეთოდები ცოცხალი დონორების კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირებებით დატესტა და დაადგინა, რომ დეტალების 70 პროცენტი პიროვნების სახის ნამდვილ სტრუქტურას მილიმეტრების სიზუსტით ემთხვევა.

მკვლევართა ვარაუდით, რამზეს II 92 წლის ასაკში დაიღუპა, 66-წლიანი მეფობის შემდეგ (ძვ. წ. 1279 – 1213), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მუმია ხანდაზმულ ასაკშია გაკეთებული.

ვილკინსონმა, სალიმმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ასაკის უკუქცევის სამგანზომილებიანი მეთოდით შეძლეს მისი ახალგაზრდა ვერსიის აღდგენა: შუახნის ასაკის რამზეს II საკუთარი მმართველობის პიკში.

როგორც ქვემოთ სურათზე ხედავთ, ხანდაზმული ვერსიიდან ბევრი არაფერია შეცვლილი გარდა ნაოჭებისა.

მკვლევართა ჯგუფი ამჟამად მუშაობს, რომ ამავე მეთოდებით აღადგინოს ფარაონ ტუტანხამონის სახე.

მომზადებულია ljmu.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.