ძველეგვიპტურ სამარხში აღმოაჩინეს ქალის ნეშტი, რომელსაც სიცოცხლეში იშვიათი ტიპის კიბო ჰქონდა — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტურ სამარხში აღმოაჩინეს ქალის ნეშტი, რომელსაც სიცოცხლეში იშვიათი ტიპის კიბო ჰქონდა — #1tvმეცნიერება

რომ არა მახვილი თვალი, ეგვიპტის უძველეს მიწისქვეშა სამარხთან მუშაობისას, არქეოლოგებს ის შეიძლება ვერც ვერასოდეს ეპოვათ — გაცვეთილი მენჯის მრუდში ამოშვერილი ერთი კბილი.

თავდაპირველად, ძეგლის ზედამხედველს, არქეოლოგ მელინდა კინგ ვეტცელს ეგონა, რომ მის წინაშე ეგვიპტელი ფარაონების დროინდელი ნაყოფი იყო.

თუმცა, როდესაც მან სამარხი ძეგლის ბიოარქეოლოგიურ დირექტორს, გრეტჩენ დაბსს აჩვენა, გაირკვა, რომ მათ წინაშე კიდევ უფრო იშვიათი აღმოჩენა იყო.

ძეგლის კიდევ ერთ ზედამხედველთან, ანა სტივენსთან ერთად, ვეტცელი და დაბსი აცხადებენ, რომ მათ იპოვე საკვერცხის მომწიფებული ტერატომის, ანუ ჩანასახოვანი უჯრედის სიმსივნის უძველესი მტკიცებულება.

ამჟამად, ეს მასა ჰგავს უწესრიგო და სრულად ჩამოყალიბებული ქსოვილების გაქვავებულ გროვას, მაგალითად, ძვალს და კბილს.

მისი ზომა დაახლოებით 3X2 სანტიმეტრია და ძვ. წ. მე-14 საუკუნის შუა წლებს ეკუთვნის. მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ამ დაავადების წარსულის შესახებ.

ტერატომა

სამივე მკვლევარი სხვადასხვა უნივერსიტეტს წარმოადგენს და მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ამ ძეგლზე უკვე წლებია, პროექტ Amarna-ს ფარგლებში მუშაობენ.

ამ ხანგრძლივი გათხრების მიზანი ჩვეულებრივი ხალხის საფლავების აღმოჩენაა, რომლებიც ფარაონ ეხნატონის მიერ ძვ. წ. 1345 წელს დაარსებული დედაქალაქის, ელ-ამარნას მახლობლად არიან დამარხული.

საკვერცხის კიბოს მქონე ახალგაზრდა ქალის სხეული მრავალკამერიან საფლავში იყო დამარხული; ის დაახლოებით 18-21 წლის იყო, როცა დაიღუპა.

ხელები ქალს მენჯებზე ჰქონდა დალაგებული, რაც ხშირია ამარნას სამარხებზე დაკრძალულ არადიდგვაროვანთა ნეშტებში. ამას გარდა, მას საფლავში უფრო მეტი სამკაული ჰქონდა ჩატანებული, ვიდრე ახლომახლოს დამარხულ სხვა მიცვალებულებს.

თუმცა, მისი მენჯის ძვლის ღრუში კიდევ ერთი, სულ სხვანაირი სამკაული იმალებოდა.

ტერატომა ჩანასახოვანი უჯრედის იშვიათი ტიპის კიბოა, ძირითადად კეთილთვისებიანი, მაგრამ შეიძლება თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი და უნაყოფობა.

ამ სახის კიბოებს არქეოლოგიაში იშვიათად პოულობენ. უფრო მეტიც, არქეოლოგებმა მსგავსი რამ მხოლოდ მეხუთედ აღმოაჩინეს და პირველად ეგვიპტეში.

ტერატომები არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილია ესპანეთში, საფრანგეთში, პერუსა და პორტუგალიაში. ეგვიპტეში აღმოჩენილი მათზე რამდენიმე საუკუნით ძველია.

თავდაპირველად, როდესაც ვეტცელმა კბილი დაინახა, იფიქრა, რომ ის ერთი ცალი იყო. თუმცა, ახლოდან შემოწმებისას, მან და მისმა კოლეგებმა კალციფიცირებულ მასაში კიდევ ერთი ცარიელი ჭრილი შენიშნეს.

ქალის ჩონჩხის გარშემო დამატებითი გათხრების შედეგად, ფეხის ძვლის თავზე, მენჯის ღრუში, მეორე კბილიც აღმოაჩინეს. ის მორგებულად იჯდა ცარიელ ჭრილში, რამაც არქეოლოგები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ეს მეორე კბილიც სიმსივნის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას გვამის გახრწნისას უნდა დაშორებოდა.

ორივე კბილი მთლიანად არის დაფარული ემალის გვირგვინით. ძირში ნაწილობრივ განვითარებული აქვს ფესვების სტრუქტურაც.

ადრეული სტადიის ნაყოფის კვალობაზე, ის ზედმეტად განვითარებულია და აშკარად მიუთითებს, რომ ეს მასა არა მუცლადმყოფი ნაყოფი, არამედ სიმსივნეა.

მკვლევართა განცხადებით, მარცხენა ხელზე, რომელიც ქალს კიბოსთან ახლოს ედო, ოქროს ბეჭედი ეკეთა. სამაჯურზე გამოსახული იყო ნაყოფიერებისა და დაცვის ძველეგვიპტური ღვთაება ბესი.

მეცნიერთა ვარაუდით, ბეჭედი მიზანმიმართულად იყო ამ ადგილას განთავსებული, რათა ბესს ქალისთვის სხეულის ამ ზონაში ტკივილი შეემსუბუქებინა და ნაყოფიერების პრობლემა მოეგვარებინა.

კვლევა International Journal of Paleopathology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.