ეგვიპტეში აღმოაჩინეს ოქროთი დაფარული მუმია, რომელიც შეიძლება, ყველაზე ძველი და სრულყოფილი იყოს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში აღმოაჩინეს ოქროთი დაფარული მუმია, რომელიც შეიძლება, ყველაზე ძველი და სრულყოფილი იყოს — #1tvმეცნიერება

არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა მუმია, რომელიც შეიძლება, ყველაზე ძველი და სრულყოფილი იყოს ეგვიპტეში ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

4300 წლის წინანდელი მუმია კაცს, სახელად ჰეკაშეპსის ეკუთვნის და არქეოლოგებმა ის კაიროს სიახლოვეს, ეგვიპტის V-VI დინასტიის უძველეს სამარხში იპოვეს; ეს დინასტიები ძვ. წ. 2500-2100 წლებში მეფობდნენ.

თავი შიგნით ჩავყავი, რომ დამენახა, რა იყო სარკოფაგში: ჩემ წინაშე აღმოჩნდა კაცის მშვენიერი მუმია, რომელიც მთლიანად ოქროს შრეებით იყო დაფარული“, — ამბობს ეგვიპტის სიძველეთა ყოფილი მინისტრი ზაჰი ჰავასი.

ძველი ეგვიპტე

მუმია ჯოსერის პირამიდის მახლობლად, საკარის ნეკროპოლისზე, 15-მეტრიანი შახტის ძირში აღმოაჩინეს. თავად საკარა მდებარეობს მემფისში, ძველი ეგვიპტის პირველ დედაქალაქში.

ჰავასის განცხადებით, გაკეთდა სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაც, მათ შორის სამეფო სასახლის „საიდუმლოთა მცველის“, ვინმე მერის და უნასის პირამიდების კომპლექსის ქურუმის, ხნუმ-დჯედ-ეფის საფლავები.

ასევე აღმოაჩინეს ღვთაებათა მრავალი ქანდაკება, ამულეტები, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და ქვის ჭურჭლები.

„აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან მეფეებს მათ ირგვლივ მცხოვრებ ხალხთან აკავშირებს“, — ამბობს არქეოლოგთა ჯგუფის წევრი ალი აბუ დეშიში.

აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, არქეოლოგთა სხვა ჯგუფმა, ქალაქ ლუქსორთან უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინა.

ბოლო წლებში, ეგვიპტეში მრავალი დიდი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებას.

ტურიზმის ინდუსტრია ეგვიპტეში მნიშვნელოვნად დაზარალდა 2011 წელს დაწყებული პოლიტიკური არეულობის შემდეგ, რასაც მოგვიანებით COVID-19-ის პანდემიაც დაერთო.