როგორ გამოიყურება შიგნიდან ძველეგვიპტურ ცხოველთა მუმიები — ახალი რენტგენული 3D ვიზუალიზაცია #1tvმეცნიერება
როგორ გამოიყურება შიგნიდან ძველეგვიპტურ ცხოველთა მუმიები — ახალი რენტგენული 3D ვიზუალიზაცია #1tvმეცნიერება

2000 წლის წინ ძველ ეგვიპტეში მუმიფიცირებულ კატას, გველს და ჩიტს მაღალი რეზოლუციის არაინვაზიური 3D რენტგენული სკანირება ჩაუტარეს. მიზანი ათასობით წლის წინანდელი მუმიფიცირების კომპლექსური პროცედურების გარკვევა იყო.

ახალმა კვლევამ შეიძლება ნათელი ასევე მოჰფინოს ძველ ეგვიპტელთა ურთიერთობას ცხოველებთან და როლს, რომელსაც ეს ცხოველები თამაშობდნენ მათ კომპლექსურ სულიერ ცხოვრებაში.

ძველი ეგვიპტელები მუმიფიცირებას მრავალ ცხოველს უკეთებდნენ. ეს მთელი ინდუსტრია იყო. აღმოჩენილია მილიონობით მუმიფიცირებული ცხოველი, კიბორჩხალებიდან და ლეკვებიდან დაწყებული, იბისებით და ნიანგებით დამთავრებული.

ზოგიერთი შინაური ცხოველის მუმია პატრონთან ერთად იყო დაკრძალული. ზოგ მათგანს კი ადამიანებს საფლავში იმქვეყნად საკვებისთვის ატანდნენ. ზოგიც წმინდა ცხოველად ითვლებოდა, რომლებსაც სიცოცხლეში თაყვანს სცემდნენ, სიკვდილის შემდეგ კი მუმიფიცირებას უტარებდნენ.

თუმცა, მუმიფიცირებულ ცხოველთა აბსოლუტური უმრავლესობა სავარაუდოდ ღმერთებისადმი მსხვერპლად შეწირული იყო წყალობის მიღების მიზნით. ზოგ მათგანს ველურად იჭერდნენ, მაგრამ მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ მრავალ ცხოველს ამ მიზნით „მუმიების ფერმებში“ ამრავლებდნენ და იმ ადამიანებზე ყიდდნენ, ვისაც ღმერთებისგან წყალობა სურდა.

მართალია, ამ ციცქნა მუმიებს ძალიან ბევრი რამის გადმოცემა შეუძლია ამ უძველესი პრაქტიკის შესახებ, მაგრამ მათი შესწავლა სულაც არ არის ადვილი, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეგზემპლარის დაზიანება არ გსურს.

თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ვიქტორიანულ ინგლისში, ეგვიპტომანიის პიკში, ქირურგი თომას პეტიგრიუ ავადმყოფურად დაინტერესებული აუდიენციის წინაშე ხსნიდა მუმიების ხვეულებს და ათასობით წლის წინანდელ სხეულებს აუტოფსიას უტარებდა.

ახლა სამეცნიერო საზოგადოებაში არქეოლოგიურად და კულტურულად ფასდაუდებელი ობიექტების ამ გზით კვლევა დანაშაულად ითვლება და გახსნის ნაცვლად, მუმიების კვლევისთვის რენტგენული ვიზუალიზაციის ტექნოლოგიას იყენებენ.

თუმცა, უბადლო არც ეს მეთოდია. ტრადიციული რადიოგრაფია ორგანზომილებიანია, რაც კიდევ უფრო ართულებს მუმიფიცირებული ნარჩენების სამგანზომილებიანი ფორმის მიღებას; შედარებით დაბალი ხარისხისაა სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც სამგანზომილებიანია.

ახლახან გამოჩნდა მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფიის ხელსაწყო, რომელიც უფრო მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას გვაძლევს და ფრიად ხელსაყრელია მუმიების შესასწავლად. სწორედ ეს ტექნოლოგია გამოიყენა მკვლევართა ჯგუფმა სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ძველეგვიპტური მუმიის შესასწავლად, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სუონსის უნივერსიტეტის ეგვიპტის ცენტრის კოლექციაში ინახება.

„მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფიის წყალობით, შეგვიძლია ეფექტიანად აღვადგინოთ ძველ ეგვიპტეში 2000 წელიწადზე მეტი ხნის წინ მომკვდარ ცხოველთა გამოსახულებები. მისი რეზოლუცია სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიისას ასჯერ აღემატება და შედეგად, შევძელით აღგვედგინა მათი სიცოცხლე და სიკვდილი, გაგვეგო ის პირობები, რაშიც ისინი ინახებოდა და სიკვდილის გამომწვევი სავარაუდო მიზეზებიც“, — ამბობს სუონსის უნივერსიტეტის მასალების მეცნიერი რიჩარდ ჯონსტოუნი.

ეს სამი ცხოველი იყო კატა, ჩიტი და გველი.

როგორც სკანირებამ გამოავლინა, დიდი ალბათობით, კატა შინაური კნუტი (Felis catus) იყო — სიკვდილის დროს ხუთ თვეზე ნაკლების, რადგან ყბებზე კბილები ჯერ ბოლომდე არ აქვს ამოსული. გარდა ამისა, გადატეხილი აქვს კისერი, რაც ხშირად გვხვდება კატების მუმიებში. სავარაუდოდ, ისინი სპეციალურად მუმიფიკაციისთვის ჰყავდათ მოშენებული.

უცნობია, კნუტის სიკვდილის მიზეზი ეს მოტეხილობა გახდა თუ დაზიანება მუმიფიცირებისას მიიღო.

ცოტა უფრო ძნელი აღმოჩნდა ფრინველის იდენტიფიცირება. როგორც ძვლების გაზომვის შედეგად ჯგუფმა დაადგინა, ყველაზე მეტად ის წააგავს ევრაზიულ კირკიტას (Falco tinnunculus); უცნობია სიკვდილის მიზეზიც, რადგან არ ჩანს გაგუდვის ნიშნები ან კისრის მოტეხილობა.

სამაგიეროდ, ძალიან მკაფიო იყო გველის მუმია. ის გახლდათ ახალგაზრდა ეგვიპტური კობრა (Naja haje) და როგორც მისი ნაღრძობი ხერხემალი მიუთითებს, მოკვდა მას შემდეგ, რაც კუდით დაიჭირეს და მათრახივით ურტყეს; ამაზე მეტყველებს თავის ქალის ვრცელი დაზიანებებიც.

როგორც ჩანს, ამ გველსაც საკმაოდ არაკომფორტული სიცოცხლე ჰქონდა. მისი თირკმლები დაბინძურებული იყო კალციუმით, რაც თირკმლის დაავადებაზე მიუთითებს და დღესაც შეიმჩნევა იმ გველებში, რომლებსაც შინაური ცხოველის სახით ზრდიან და არასაკმარის წყალს აძლევენ. სამწუხაროდ, მუმიისგან ვერაფერს გავიგებთ მისი მომვლელების შესახებ.

გარდა ამისა, გველს აკლია ეშვები. ეგვიპტური კობრა შხამიანია და შესაძლოა, მკვდარ კობრას ეშვები მებალზამის უსაფრთხოების მიზნით მოაძრეს.

ეს ყველაფერი საკმაოდ საზარელ სურათს ხატავს ღმერთებისთვის შესაწირი ცხოველებისადმი ძველეგვიპტელთა მოპყრობის შესახებ. ამავე დროს, ამ კვლევამ დაადასტურა, როგორ შეუძლია მიკრო კომპიუტერულ ტომოგრაფიას ისეთი სათუთი დეტალების გამომჟღავნება, რაც სხვა გზებით შეუძლებელია.

„ინჟინრებს, არექოლოგებს, ბიოლოგებსა და ეგვიპტოლოგებს შორის თანამშრომლობამ აჩვენა, რამდენად ღირებულია, როდესაც ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა დარგის მკვლევრები. ჩვენმა კვლევამ სრულიად ახალი ცნობები მოგვცა ძველ ეგვიპტეში მუმიფიკაციის, რელიგიისა და ადამიანი-ცხოველის ურთიერთობის შესახებ “, — ამბობს სუონსის უნივერსიტეტის ეგვიპტის ცენტრის კურატორი კაროლინ გრეივს-ბრაუნი.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.