როგორი სისხლი ჰქონდათ დინოზავრებს, ცივი თუ თბილი — მეცნიერებმა პასუხი მათი კვერცხის ნაჭუჭებში იპოვეს
როგორი სისხლი ჰქონდათ დინოზავრებს, ცივი თუ თბილი — მეცნიერებმა პასუხი მათი კვერცხის ნაჭუჭებში იპოვეს

დინოზავრების კვლევაში არის ერთი დიდი საიდუმლო, რომლის ამოხსნაზეც მეცნიერები ათწლეულებია, თავს იმტვრევენ — როგორი სისხლი სჩქეფდა ამ უძველეს არსებათა ძარღვებში, ცივი თუ თბილი?

ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ თანამედროვე რეპტილიების მსგავსად, დინოზავრები ცივსისხლიანი არსებები იყვნენ. თუმცა, ფრინველთა დინოზავრებისგან წარმოშობის შესახებ ბოლო დროს გამოაშკარავებულმა არაერთმა დეტალმა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა და სანაცვლოდ მიუთითებს, რომ დინოზავრებს, მათი თანამედროვე ბუმბულებიანი შთამომავლების მსგავსად, შესაძლოა, თბილი სისხლი ჰქონოდათ.

უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას მიეძღვნა, მტკიცებულება, რომ დინოზავრები მართლაც თბილსისხლიანები იყვნენ, ეფუძნება დინოზავრთა განმარხებულ კვერცხის ნაჭუჭებში აღმოჩენილ ქიმიურ ნივთიერებებს.

იელის უნივერსიტეტის გეოფიზიკოს რობინ დაუსონის განცხადებით, მათი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ დინოზავრთა უმთავრეს ჯგუფებს მათ გარემოზე მაღალი სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ.

„ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ სხეულის ტემპერატურის გარემოს ტემპრატურაზე მაღლა აწევის მეტაბოლური უნარი დინოზავრებში ევოლუციის საკმაოდ ადრეულ ეტაპზე გაჩენილი თვისება იყო“, — ამბობს დაუსონი.

დაუსონმა და მისმა კოლეგებმა კანადაში აღმოჩენილი 75 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტები შეისწავლეს; მათ შორის იყო დიდი ბალახისმჭამელი მაიაზავრი (Maiasaura peeblesorum) და პატარა, ფრინველის მსგავსი ტროოდონი (Troodon formosus).

ასევე შეისწავლეს რუმინეთში აღმოჩენილი 69 მილიონი წლის წინანდელი კვერცხის ნაჭუჭი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯუჯა ტიტანოზავრ ზავროპოდს ეკუთვნის.

შეჯგუფებული იზოტოპების პალეოთერმომეტრიის სახელით ცნობილი მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს კვერცხის ნაჭუჭის შემადგენელ უძველესი კარბონატული მინერალის ქიმიურ ბმებს.

მოლეკულურ ბადეში ნახშირბადისა და ჟანგბადის იზოტოპების ატომების წყობა მიუთითებს იმ ტემპერატურაზე, რომელზეც ეს მასალა წარმოიქმნა — ამ შემთხვევაში მიუთითებს იმ დინოზავრის სხეულის შიდა ტემპერატურაზე, რომელმაც ეს კვერცხები დადო.

ზემოთ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, ჯგუფმა დაადგინა, რომ როგორც ნიმუშები მიუთითებს, სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე გარემოს ტემპერატურა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ენდოთერმული (ორგამიზმში სითბოს გამომუშავების უნარი) ცხოველები იყვნენ და არა ექტოთერმული, ანუ გარემოდან მიღებულ სითბოზე დამოკიდებული.

ტესტებმა აჩვენა, რომ კონკრეტული კვერცხის ნაჭუჭები უნდა წარმოქმნილიყო ტემპერატურაზე, რომელიც გარემოს ტემპერატურაზე 3 – 6 გრადუსი ცელსიუსით, ზოგიერთ შემთხვევაში კი 15°C-ით მაღალი იყო. მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ იმის კარგი მტკიცებულება, რომ დინოზავრებს ტემპერატურის მეტაბოლური კონტროლი შეეძლოთ.

„ჩვენი კვლევის შედეგად მიღებული დინოზავრთა სხეულის ტემპერატურა, ასევე ოვირაპტოზავრებისა და დიდტანიანი ზავროპოდების წინა კვლევები მიუთითებს, რომ დინოზავრების სამი უმთავრესი ხაზის ყველა წარმომადგენელს გარემოზე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა; ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სხეულის შიდა ტემპერატურის მეტაბოლური კონტროლის უნარი დინოზავრებში წინაპრებისგან იყო მიღებული“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Sience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Science Advances-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი