ტეხასში აღმოჩენილი უცნაური ნაკვალევი მიუთითებს, რომ გიგანტური ზავროპოდები მხოლოდ წინა ფეხებითაც დადიოდნენ
ტეხასში აღმოჩენილი უცნაური ნაკვალევი მიუთითებს, რომ გიგანტური ზავროპოდები მხოლოდ წინა ფეხებითაც დადიოდნენ

ისინი უდიდესი ცხოველები იყვნენ, რომლებსაც ოდესმე დედამიწაზე უვლიათ — ზავროპოდები, დინოზავრთა ჯგუფი იმდენად უზარმაზარი ზომითა და სიმაღლით, რომ ხშირად მათ „ჭექა-ქუხილის ხვლიკებსაც“ უწოდებენ.

ამ გიგანტურ არსებებს, რომლებიც ასევე მოიცავდნენ ბრონტოზავრებსა და ბრაქიოზავრებს, სჭირდებოდათ ოთხი სქელი, მძლავრი ფეხი, რომლებსაც მათი მასიური სხეული უნდა დაეჭირა და ეტარებინა, სულ მცირე, დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.

ახალი კვლევის ფარგლებში აღწერილმა იდუმალმა, უძველესმა ნაკვალევმა შესაძლოა, სრულიად ახალი მხარდაჭერა შესთავაზოს ერთ მეტად საკამათო ხედვას პალეონტოლოგიაში — რომ ეს გიგანტები ხანდახან არა ოთხი, არამედ ორი ფეხით დადიოდნენ, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათი ოთხფეხიანობის სტატუსს.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს ჰიპოთეზა ათწლეულებს ითვლის, როცა ნამარხების მკვლევარმა როლანდ ბირდმა ტეხასის პატარა ქალაქ ბანდერას ერთ-ერთ რანჩოზე დინოზავრის უცნაური ნაკვალევი აღმოაჩინა.

ეს ნაკვალევი უჩვეული იყო იმით, რომ ასახავდა მხოლოდ მანუსს (ცხოველის წინა კიდურების დისტალური ნაწილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნაფეხურები დატოვებული იყო მხოლოდ წინა ფეხებით.

„ეჭვგარეშეა, რომ ნაკვალევი ზავროპოდს ეკუთვნის, მაგრამ როგორც ვხვდები, დატოვებულია ინდივიდის მიერ ცურვის დროს. ყველა მათგანი წინა ფეხების ტიპური ნაკვალევია, თითქოს ცხოველი ოდნავ ეხებოდა ფსკერს“, — წერდა ბირდი 1940 წელს.

დროთა განმავლობაში, ბირდის ინტერპრეტაციამ მხარდაჭერა დაკარგა, რადგან თანამედროვე პალეონტოლოგებმა გაარკვიეს, რომ ზავროპოდები ძირითადად ხმელეთის ცხოველები იყვნენ და არა წყლის, როგორც ეს ერთ დროს მიიჩნეოდა.

მხოლოდ მანუსის შემცველი ნაკვალევის ალტერნატიული ახსნის მიხედვით, ზავროპოდების წინა ფეხების (იჭერენ სხეულის ძირითად მასას) ნაკვალევი დატოვებულია გარკვეული სახის ნიადაგის ზედაპირზე, რადგან უკანა ფეხები, რომლებიც სხეული უფრო ნაკლებ წონას იჭერს, ნიადაგსა და დანალექებზე უფრო ნაკლებ კვალს ტოვებს.

გადაჭრით არასოდეს გამორიცხულა ის ვერსია, რომ მაღალმხრებიანი დინოზავრები თავთხელ წყლებში მხოლოდ წინა ფეხებით ეხებოდნენ მიწას.

ბოლო პერიოდში ტეხასში აღმოჩენილი ზავროპოდების ნაკვალევთა მთელი სერია პალეონტოლოგებს ამ არგუმენტის სერიოზულად განხილვისკენ უბიძგებს.

ახალი ნაფეხურები პირველად 2007 წელს აღმოაჩინეს კირქვის საბადო „კოფი ჰალოუში“, რომელიც გლენ-როუზის ფორმაციას მიეკუთვნება — გეოლოგიურ ძეგლს, რომელიც 110 მილიონი წლის წინანდელი მრავალი დინოზავრის ნაფეხურს ინახავს.

ფორტ-ვაინის პურდუს ინივერსიტეტისა და ჰიუსტონის ბუნებრივ მეცნიერებათა მუზეუმის მკვლევართა ჯგუფებმა შეისწავლეს მხოლოდ მანუსით დატოვებული სამი სხვადასხვა ნაკვალევი, ისევე როგორც რამდენიმე ინდივიდუალური ნაფეხური.

მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებით არ ვიცით, თუ რა სახის ზავროპოდებმა დატოვეს მხოლოდ მანუსის შემცველი ნაფეხურები, მკვლევრები წინა პლანზე აყენებენ შესაძლებლობას, რომ სავარაუდოდ ისინი სხვა სახის დინოზავრები იყვნენ, ანუ განსხვავდებოდნენ იმ დინოზავრებისგან, რომლებმაც გლენ-როუზის ფორმაციაში მხოლოდ მანუსის შემცველი სხვა ნაფეხურები დატოვეს.

ნაფეხურების ზომიდან გამომდინარე (სიგრძე-სიგანეში დაახლოებით 70 სმ), ჯგუფი ფიქრობს, რომ ისინი ზავროპოდების დიდი სახეობა იყო, ნაფეხურები კი სავარაუდოდ მიწისპირზეა დატოვებული და არა წყლის ფსკერზე.

მკვლევართა თქმით, გადაჭრით ძნელია იმის თქმა, უჭერს თუ არა ეს ნაფეხურები მხარს ფეხებს შორის განსხვავებული წნევისა და „უჩვეულო ქცევის“ (ნაფეხურები დატოვებულია მოცურავე დინოზავრების მიერ) იდეას, მაგრამ სხვა ნამარხების წონიდან გამომდინარე, არსებომს მოსაზრება, რომელიც ყველაზე მეტად არის სავარაუდო.

როგორც მკვლევრები დოკუმენტში წერენ, მხოლოდ მანუსის შემცველი სხვა ზავროპოდების ნაფეხურების მსგავსად, „კოფი ჰალოუს“ ნაფეხურებს სავარაუდოდ კარგად ხსნის ის, რომ სუბსტრატზე წინა ფეხები უფრო დიდ დიფერენციალურ წნევას აღძრავდა, ვიდრე უკანა ფეხები; თუმცა, არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ ისინი გადაადგილების უჩვეულო უნარზე მიუთითებდეს.

მკვლევართა განცხადებით, მართალია, „უჩვეულო ქცევა“ აუცილებლად არ ნიშნავს ცურვას, გასათვალისწინებლად ნამდვილად ღირს როლანდ ბირდის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ წინა ფეხებით დატოვებული ზავროპოდების ეს ნაფეხურები ეკუთვნის დინოზავრებს, რომლებიც წყალში შედიოდნენ, სადაც ფსკერს მხოლოდ წინა ფეხებს ახებდნენ, უკანა ფეხები კი უბრალოდ ტივტივებდა, ფსკერთან შეუხებლად.

ჯგუფის განცხადებით, ამ საკითხს საბოლოო პასუხს გასცემს მომავალი აღმოჩენები.

კვლევა ჟურნალ Ichnos-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი