აღმოჩენილია ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ, დედამიწის ყველა დროის ყველაზე დიდ არსებას ეკუთვნის
აღმოჩენილია ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ, დედამიწის ყველა დროის ყველაზე დიდ არსებას ეკუთვნის

ინგლისში, გიგანტური პრეისტორიული წყლის რეპტილიის ძვლები აღმოაჩინეს. 205 მილიონი წლის წინანდელი იქთიოზავრის სიგრძე 26 მეტრი უნდა ყოფილიყო, დაახლოებით ლურჯი ვეშაპის ზომის. მეცნიერთა შეფასებით, იგი დედამიწის ყველა დროის ყველაზე დიდი არსება უნდა ყოფილიყო.

სხვადასხვა ზომის იქთიოზავრების ნაშთები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა აღმოჩენილი. ადრეული ტრიასული და გვიანდელი ცარცული ეპოქის ოკეანეების ბინადარი ეს ქმნილება ძალიან ჰგავდა თანამედროვე დელფინებს და წარმოადგენდა იმ დროის ზღვის ნომერ პირველ მტაცებელს.

იქთიოზავრის ყბის ძვალი გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბრისტოლთან აღმოაჩინეს. ამ ძვლის საფუძველზე, მეცნიერებმა ადვილად შეძლეს იმის განსაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო რეპტილია სინამდვილეში. აღმოჩნდა, რომ ეს კონკრეტული იქთიოზავრი უბრალოდ გიგანტური უნდა ყოფილიყო.

2016 წელს ნამარხებზე მონადირე პოლ დე ლა სალემ ძვალი ლილსტოკის პლაჟზე იპოვა. თავდაპირველად კლდის ნამტვრევად ჩათვალა, მაგრამ მალევე შენიშნა ძვლის სტრუქტურა და ივარაუდა, რომ შესაძლოა, მის ხელთ იქთიოზავრის ყბის ძვალი იყო და სასწრაფოდ დაუკავშირდა ექსპერტებს, მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარ დინ ლომაქსსა და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯის მკვლევარ ჯუდუ მასარეს.

კანადაში აღმოჩენილი 21-მეტრიან იქთიოზავრთან შედარების შემდეგ, ლომაქსმა და მასარემ დაასკვნეს, რომ ახლად აღმოჩენილი არსება 25%-ით გრძელი უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 26 მ.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ასევე ამოხსნას კიდევ ერთი საიდუმლო. 1850 წელს ბრისტოლის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ოსტში რამდენიმე უძველესი ძვალი აღმოაჩინეს. მაშინ ჩათვალეს, რომ ეს ძვლები სხვადასხვა სახის დინოზავრებს, მაგალითად, სტეგოზავრებსა და ზავროპოდებს ეკუთვნოდა. თუმცა, ახალი აღმოჩენიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ოსტის ძვლებიც იქთიოზავრებს ეკუთვნოდეს.

მომზადებულია Popular Mechanics-ის მიხედვით