ჩინეთმა მარსზე მავალი გაუშვა — „ტიანვენ-1“ წითელი პლანეტის ქანებს შეისწავლის #1tvმეცნიერება
ჩინეთმა მარსზე მავალი გაუშვა — „ტიანვენ-1“ წითელი პლანეტის ქანებს შეისწავლის #1tvმეცნიერება

ჩინეთმა მარსზე მავალი გაუშვა, რომელიც ძლიერ ჰგავს აშშ-ის მისიას და ორ ქვეყანას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა ფაქტობრივად, ღრმა კოსმოსში ინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ივლისის მეორე ნახევარში მარსისაკენ სამი მისია მიემართება — რამდენიმე დღის წინ ხომალდი უკვე გაუშვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, 30 ივლისს კი ნასა მავალ „პერსევერანსს“ გაუშვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ პერიოდში მარსი დედამიწასთან ახლოს არის და მასთან მისაღწევად მისიებს შედარებით ნაკლები მანძილის გავლა უწევთ.

ჩინეთის მისიას „ტიანვენ-1“ ჰქვია, რაც „ზეციური ჭეშმარიტების ძიებას“ ნიშნავს. გაშვება კუნძულ ჰაინანიდან მოხდა, რაკეტა Long March 5-ით, რომელიც უდიდესია ჩინეთის კოსმოსურ რაკეტებს შორის.

მისიის ხელმძღვანელმა ჟანგ სუეუმ ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელ CCTV-ის ეთერში განაცხადა, რომ მისია წარმატებით გაეშვა.

გეგმის მიხედვით, ხუთტონიანი „ტიანვენ-1“ მარსზე შვიდთვიანი მოგზაურობისა და 55 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში დაჯდება.

მისია მოიცავს მარსის ორბიტერს, სტატიკურ აპარატსა და მავალს, რომელიც პლანეტის ნიადაგს შეისწავლის.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჩინეთის პირველი მცდელობაა, არ ველოდები, რომ ეს მისია რაღაც ისეთს იპოვის, რაც აშშ-მა უკვე ვერ შეძლო“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი ჯონათან მაკდაუელი.

1990-იანი წლების ბოლოდან დღემდე, ნასას მარსზე უკვე გაგზავნილი ჰყავს ოთხი მავალი.

შემდეგი იქნება „პერსევერანსი“, სპორტული მანქანის ზომის მავალი, რომელიც უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის და შეაგროვებს ქანების ნიმუშებს, რომელსაც დედამიწაზე სხვა მისია 2031 წელს ჩამოიტანს.

მაკდაუელის აზრით, „ტიანვენ-1“ მასშტაბებითა და ამბიციებით უფრო „ვიკინგს“ ჰგავს, ნასას მარსის მისიას 1975-1976 წლებში.

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის შემხედვარე ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა სამხედრო მიზნების მქონე კოსმოსურ პროგრამებში.

„მარსის რბოლაში ჩინეთის ჩართვა შეცვლის იქ აშშ-ის ნახევარსაუკუნოვან დომინირებას“, — ამბობს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ჩენ ლანი.

გასული ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა უდიდესი ნაბიჯები გადადგა; 2003 წელს გაგზავნა ადამიანები კოსმოსში. აზიური სახელმწიფო 2022 წლისთვის დედამიწის ორბიტაზე მუდმივმოქმედი კოსმოსური სადგურის გაშვებასაც გეგმავს.

ჩინეთმა უკვე გაგზავნა ორი მავალი მთვარეზე. მათ შორის, ჩინეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც შარშან ხომალდი წარმატებით დასვა მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს.

მთვარის მისიებმა ჩინეთს დედამიწის ორბიტის მიღმა ხომალდების მართვის გამოცდილება მისცა, მაგრამ მარსი სულ სხვა ამბავია. უფრო დიდი მანძილი ნიშნავს ხანგრძლივ მოგზაურობას და შესაბამისად, მეტ სიზუსტეს.

1960-იანი წლებიდან მარსზე გაშვებული ათეულობით მისიის უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ შორის იყო აშშ-ის, რუსეთის, ევროპის, იაპონიისა და ინდოეთის მისიები.

„ტიანვენ-1“ ჩინეთის მარსზე ჩაღწევის პირველი მცდელობა არ არის. 2011 წელს, რუსეთთან ერთად დაგეგმილი მისია ნაადრევად შეწყდა, რადგან გაშვებამ კრახი განიცადა.

ამჯერად პეკინი ამას მარტო ცდილობს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.