პირველი არაბული მისია მარსისკენ წარმატებით გაეშვა — #1TVმეცნიერება
პირველი არაბული მისია მარსისკენ წარმატებით გაეშვა — #1TVმეცნიერება

პირველი არაბული კოსმოსური მისია მარსისკენ წარმატებით გაეშვა; ხომალდმა „ჰოუფმა“ სტარტი იაპონიიდან აიღო.

არაბთა გაერთიანებული საამიროების უპილოტო ხომალდი, რომელსაც არაბულად „ალ-ამალი“ დაარქვეს, იაპონიიდან, ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან წუხელ გაუშვეს.

თვის ბოლომდე, მარსისკენ სტარტს კიდევ ორი ხომალდი აიღებს, მათ შორის, ჩინეთის მავალი „ტიანვენ-1“ და აშშ-ის მავალი „პერსევერანსი“.

ხომალდი „ჰოუფი“ მარსის ორბიტაზე 2021 წლის თებერვალში გავა, რაც დაემთხვევა არაბთა გაერთიანებული საამიროების გაერთიანების 50-ე წლისთავს.

ივლისში მარსის გასაშვები კიდევ ორი სხვა ხომალდისგან განსხვავებით, „ჰოუფი“ წითელ პლანეტაზე არ დაჯდება — ის მარსის გარშემო იმოძრავებს 687 დღის განმავლობაში.

მისი ერთ-ერთი მიზანია წითელი პლანეტის ატმოსფეროში ამინდის დინამიკის ყოვლისმომცველი სურათის შექმნა, რაც კიდევ უფრო დიდ მიზანს ემსახურება — უახლოესი ასი წლის განმავლობაში მარსზე ადამიანთა დასახლების მოწყობას.

არაბთა გაერთიანებული საამიროების განცხადებით, ეს პროექტი ერთგვარი შთაგონების წყარო უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის რეგიონში, სადაც ხშირია კონფლიქტები და ეკონომიკური კრიზისები.

აფრენიდან ერთი საათის შემდეგ, ხომალდი გამშვებ რაკეტას წარმატებით გამოეყო და მარსისკენ გზა მარტომ განაგრძო.


აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ბოლო დროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სეგმენტში აქტიურად ჩაერთო. ქვეყანას ამჟამად დედამიწის ორბიტაზე ცხრა მოქმედი თანამგზავრი ჰყავს, უახლოეს წლებში კი კიდევ რვა თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

ქვეყნის უფრო ამბიციური მიზანია, 2117 წლისთვის მარსზე ადამიანთა დასახლება შექმნას.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი