რამდენიმე საათში, არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე ხომალდს გაუშვებს — პირველად არაბული სამყაროს ისტორიაში #1TVმეცნიერება
რამდენიმე საათში, არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე ხომალდს გაუშვებს — პირველად არაბული სამყაროს ისტორიაში #1TVმეცნიერება

რამდენიმე საათში, არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე პირველ საკუთარ ხომალდს გაუშვებს. ეს იქნება არაბული სამყაროს პირველი კოსმოსური ფრენა სხვა პლანეტისკენ.

სპორტული ავტომობილის ზომის კოსმოსური ხომალდი, სახელად „ჰოუფი“ (Hope) მარსისკენ მგზავრობას შვიდ თვეს მოანდომებს. მას შემდეგ, რაც ის იქ მივა, შეისწავლის წითელი პლანეტის ატმოსფეროს; ამისათვის კი დააკვირდება, როგორ ურთიერთქმედებს ატმოსფერო მზის ქართან და მონიტორინგს გაუწევს წყალბადისა და ჟანგბადის დანაკარგებს.

„ჰოუფის“ მიზანია პლანეტის კლიმატის გლობალური რუკის შექმნა მარსის მთლიანი წლის მონაცემებით. ეს იქნება კაცობრიობის პირველი ასეთი სურათი მარსის ატმოსფეროსთვის.

„შეგვეძლება მთლიანი მარსის დაფარვა, დღის ნებისმიერ დროს, მარსის მთელი წლის განმავლობაში“, — ამბობს მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, არაბთა გაერთიანებული საამიროების მოწინავე მეცნიერებათა მინისტრი სარაჰ ალ ამირი.

დიდი, ოვალური ფორმის ორბიტის გამო, ზონდი პლანეტის უმეტესი ნაწილის გადაღებას შეძლებს ყოველი 55-საათიანი ორბიტის დროს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ძალიან გულმოდგინედ მუშაობდა არა მხოლოდ ტექნოლოგიების სადემონსტრაციოდ, არამედ საკუთარი წვლილის შესატანად მარსის სამეცნიერო გაგებაში“, — ამბობს ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მარსის პროგრამის ოფისის უფროსი მეცნიერი რიჩარდ ზურეკი.

ხომალდი 15 ივლისს, თბილისის დროით 00:51 საათზე, იაპონიიდან, ტენაგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან გაეშვება.

„ჰოუფი“ ერთ-ერთია იმ სამი ხომალდიდან, რომელიც ივლისის ბოლო კვირებში მარსზე გაიგზავნება. 30 ივლისს, ნასა მარსზე გაუშვებს თავის ახალ მავალს, სახელად „პერსევერანსს“. თვის ბოლომდე, წითელ პლანეტაზე მავალსა და ორბიტერს გაუშვებს ჩინეთიც.

სამივე გაშვება ასე ახლო შუალედში იმიტომ არის დაგეგმილი, რომ 15 აგვისტომდე გაშვების შემთხვევაში, რადგან ამ დროის გაშვების შემთხვევაში, ისინი „დაიჭერენ“ დედამიწასთან ახლოს გავლილ მარსს.  თუ კოსმოსური სააგენტოები ამ შანსს ხელიდან გაუშვებენ, მათ შემდეგი ასეთი შესაძლებლობა 2022 წლის ივლისამდე აღარ მიეცემათ.

თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ხომალდი „ჰოუფი“ მარსის ორბიტაზე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს და პლანეტას ზემოდან ორი წლის განმავლობაში შეისწავლის.

გაშვებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლაივსტრიმზე ან იაპონური გამშვები პროვაიდერის, Mitsubishi Heavy Industries-ს სტრიმზე.