ნასამ ახალი მარსმავალი წარმატებით გაუშვა — „პერსევერანსის“ შეუპოვარი მისია იწყება #1tvმეცნიერება
ნასამ ახალი მარსმავალი წარმატებით გაუშვა — „პერსევერანსის“ შეუპოვარი მისია იწყება #1tvმეცნიერება

ნასას ახალმა მარსმავალმა „პერსევერანსმა“ (Perseverance) წითელი პლანეტისკენ წარმატებული სტარტი აიღო. გაშვება კანავერალის კონცხიდან, რაკეტა Atlas V-ით მოხდა.

სპორტული ავტომობილის ზომის მავალი ნასას მეხუთე, უახლესი მარსმავალია. მისიის ღირებულება 2,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მარსის ზედაპირზე ივლის და უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის, გადაიღებს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიომასალებს, შეაგროვებს ქანების ნიმუშებს, რომელსაც შემდეგი მისია დედამიწაზე ჩამოიტანს.

მომავალში მარსზე ადამიანების გამგზავრების მოსამზადებლად, მავალი ასევე აღჭურვილია ექსპერიმენტული მოწყობილობით, რომელიც პლანეტის თხელ ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის; ასევე გატესტავს კოსმოსური სკაფანდრების პოტენციურ მასალას, რათა დადგინდეს, რამდენად კარგად უზრუნველყოფს ის მარსის რადიაციისგან დაცვას.

მავალის კორპუსში ჩაყენებულია პატარა ვერტმფრენი, სახელად „ინჯენუიტი“ (Ingenuity — „გამჭრიახობა“), რომელიც ფრენას შეეცდება — ეს ისტორიაში პირველი ფრენა იქნება სხვა პლანეტაზე. მავალს ასევე აქვს რობოტული მკლავი, კამერების ნაკრები და ორი მიკროფონი.

შვდითვიანი მოგზაურობის შემდეგ, „პერსევერანსი“ მარსის ეზეროს კრატერში 2021 წლის 18 თებერვალს დაჯდება. შორეულ წარსულში ეს კრატერი წყლით იყო სავსე; პლანეტურმა მეცნიერებმა ის ხუთწლიანი დეტალური კვლევების შემდეგ შეარჩიეს, რადგან მის ქანებსა და თიხას აქვს პოტენციალი, შეიცავდეს წარსულში არსებული სიცოცხლის ელექტროქიმიურ ხელწერას.

თუმცა, ამავე მახასიათებლების გამო, ეზეროს კრატერი საკმაოდ რთული ადგილია მავალის დასაჯდომად, რადგან რელიეფი სავსეა ორმოებით, ბორცვებითა და ლოდებით.

მიუხედავად ამისა, ინჟინრებმა დაშვების ტექნოლოგია დახვეწეს; მათ შორის, გააუმჯობესეს დამშვები პარაშუტი. ნასას წინა მავალი „კურიოზიტი“ 2012 წელს მარსზე ამავე მეთოდით დაეშვა. იგივე ტექნოლოგია გამოიყენა ზონდმა „ინსაითმაც“, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდა.

დატოვე კომენტარი