ორი გრაფიკი, რომელიც გიჩვენებთ, რამდენად ეფექტიანია Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები COVID-19-ის წინააღმდეგ — #1tvმეცნიერება
ორი გრაფიკი, რომელიც გიჩვენებთ, რამდენად ეფექტიანია Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები COVID-19-ის წინააღმდეგ — #1tvმეცნიერება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გამოაქვეყნა კომპანია Moderna-ს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ვაქცინა საკმაოდ კარგად ახდენს COVID-19-ის პრევენციას, განსაკუთრებით, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემთხვევების.

14 დეკემბერს კი აშშ-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია Pfizer-ის ვაქცინით დაიწყეს.

Moderna-ს ვაქცინა დიდი ალბათობით აშშ-ში ავტორიზებული მეორე ვაქცინა გახდება. მისი ეფექტიანობის მაჩვენებელი თითქმის Pfizer-ის ვაქცინის იდენტურია, 94 პროცენტი.

Moderna-ს ვაქცინა ადამიანების დაცვას 14 დღის შემდეგ იწყებს

შეხედეთ გრაფიკს. თვალნათლივ ჩანს, რამდენად კარგად დაიცვა ვაქცინამ ცდაში მონაწილე 15 000-კაციანი ჯგუფი COVID-19-ისგან, მეორე 15 000-კაციან ჯგუფთან შედარებით, რომლებსაც პლაცებო (ამ შემთხვევაში უსარგებლო მარილწყალი) გაუკეთეს.

შედარება Pfizer-ის გრაფიკთან

Moderna-ს ვაქცინის დიაგრამა ძალიან ჰგავს Pfizer-ისას, რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს FDA-მ მიანიჭა ავტორიზაცია.

Pfizer-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინა ინფექციისგან ადამიანთა დაცვას პირველი დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ იწყებს.

თუმცა, ძნელია იმის გარკვევა, რამდენად მყარი იქნებოდა მხოლოდ ერთი ინექციით შეძენილი თავდაცვა, რადგან Moderna-ს ცდაში თითქმის ყველა მონაწილეს 28 დღის შემდეგ მეორე დოზაც გაუკეთეს. (Pfizer-ის შემთხვევაში, მეორე დოზა 21 დღის შემდეგ გაუკეთეს).

ვაქცინირებულ ჯგუფში COVID-19-ის მწვავე შემთხვევები არ ფიქსირდება

Moderna-ს ვაქცინირებულ ჯგუფში COVID-19-ის მხოლოდ 11 შემთხვევა დაფიქსირდა; სრული ეფექტი მეორე დოზის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ მიიღწევა. კვლევის მეორე, საკონტროლო ჯგუფში, რომლის წევრებსაც პლაცებო გაუკეთეს, ამავე პერიოდში დაფიქსირდა COVID-19-ის 185 შემთხვევა.

გარდა ამისა, ვაქცინირებულ ადამიანებში არ დაფიქსირებულა COVID-19-ის მწვავე შემთხვევა. პლაცებოს ჯგუფში კი COVID-19 საკმაოდ გაურთულდა 30 ადამიანს, მათგან ერთი გარდაიცვალა.

კვლევის დროს დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები მსუბუქია; მონაწილეთა 17 პროცენტს ვაქცინაციის შემდეგ აღენიშნებოდა თავის ტკივილი, სიცხე და კუნთების ტკივილი, რაც 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

Moderna-ს ცდაში მწვავე გვერდითი მოვლენები უფრო ახალგაზრდა მონაწილეებში დაფიქსირდა, 65 წელს ქვემოთ. გამოცემა San Diego Union Tribune-ის ცნობით, როგორც Pfizer-ის, ისე Moderna-ს შემთხვევაში, ზოგიერთ მონაწილეს მეორე დღეს სამსახურში თავისუფალი დღის აღება დასჭირდა, რათა ეფექტებისგან სრულად აღდგენილიყვნენ.

დიდი ალბათობით, FDA მოდერნას ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის 18 დეკემბერს დაამტკიცებს და ის მეორე ვაქცინა გახდება კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.