ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის ნიშნები დააფიქსირეს — ყველაფერი, რაც ამ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ უნდა ვიცოდეთ #1tvმეცნიერება
ვენერას ღრუბლებში სიცოცხლის ნიშნები დააფიქსირეს — ყველაფერი, რაც ამ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ უნდა ვიცოდეთ #1tvმეცნიერება

ვენერა, იგივე ცისკრის ვარსკვლავი, შეიძლება ღამის ცაზე საკმაოდ ლამაზად კიაფობს, მაგრამ ახლოდან მისი გარემო იმდენად არასტუმართმოყვარეა, როგორიც კი შეიძლება იყოს კლდოვანი პლანეტა — გოგირდმჟავას წვიმები, მხუთავი CO2-ის ატმოსფერო და ზედაპირზე იმაზე 100-ჯერ მაღალი ატმოსფერული წნევა, ვიდრე დედამიწაზეა.

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ჩვენეულ აღქმაზე დაყრდნობით, ვენერა ნამდვილად უნდა იყოს ის უკანასკნელი ადგილი მზის სისტემაში, სადაც შეიძლება ცოცხალ არსებებს ვეძებდეთ. თუმცა, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა სულ ახლახან დააფიქსირა რაღაც, რაც შეიძლება, ბიოხელწერა — ანუ სიცოცხლის ნიშანი იყოს.

ასევე შესაძლებელია, რომ ეს რაღაც სინამდვილეში აბიოტური (არაცოცხალი) ქიმიური პროცესი იყოს, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით. არ არის გამორიცხული ისიც, რომ ადგილი ჰქონდეს ვენერაზე ძალიან მწირად შესწავლილ გარკვეულ გეოლოგიურ პროცესს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი აღმოჩენა რაღაც ისეთის მომასწავებელია, რაც ახალ ცნობებს მოგვაწვდის.

მაღლა, ვენერას ღრუბლებში, სადაც გარემო უფრო ზომიერი და ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ზედაპირზე, მეცნიერებმა დააფიქსირეს ფოსფინის აირის კვალი. დედამიწაზე ამ ქიმიურ ნაერთს წარმოქმნის როგორც ცოცხალი (ბიოტური), ისე არაცოცხალი (აბიოტური) პროცესები.

მკვლევართა განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვენერას ღრუბლების ზედა ნაწილში ამ ოდენობის ფოსფინს — დაახლოებით 20 ნაწილს მილიარდზე (ppb) — არაცოცხალი პროცესები წარმოქმნიდეს.

ფოსფინის უნიკალური სპექტრული ხელწერა მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა დროს ორი სხვადასხვა ინსტრუმენტით დააფიქსირა — ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით 2017 წელს და ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპით (ALMA) 2019 წელს.

„თავზარი დამეცა, გულწრფელად გეუბნებით. ამ აირის ასეთი სიუხვე მიუთითებს, რომ საკმარისი წყარო უნდა იყოს ორგანიზმები, თუ ისინი იქაც ისე მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ისინი შეიძლება დედამიწის ორგანიზმებთან შედარებით ფოსფინს პიკში მხოლოდ 10-პროცენტიანი ეფექტიანობით აწარმოებდნენ, იმდენს, რასაც ვენერაზე ვხედავთ“, — განუცხადა კვლევის ავტორმა, კარდიფის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგმა ჯეინ გრივსმა ScienceAlert-ს.

აღმოჩენა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი იმით არის, რომ ვენერას მჟავა ღრუბლები ფოსფინს საკმაოდ სწრაფად უნდა შლიდეს. ორჯერ დაფიქსირება თითქმის ორწლიანი შუალედით კი მიუთითებს, რომ ამ ქიმიური ნაერთის წარმოქმნა განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

კვლევის შემდეგი ნაბიჯი იყო ყველა იმ სხვა ცნობილი პროცესის ყოვლისმომცველი კვლევა, რომლებსაც ფოსფინის წარმოქმნა შეუძლია.

სატურნსა და იუპიტერზე ფოსფინი წარმოიქმნება ფოსფორის ერთი და წყალბადის სამი ატომისგან; ეს აირი ამ პლანეტებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით არის დაფიქსირებული. წარმოიქმნება გაზის გიგანტ პლანეტათა ცხელ, მაღალი წნევის მქონე წიაღში და ზედაპირზე კონვექციის გზით ამოდის.

თუმცა, ზედაპირის მთელი სიცხითა და წნევითაც კი, შეუძლებელია ვენერაზე იყოს ფოსფინის წარმოქმნის ისეთი გარემო პირობები, როგორც ეს მზის სისტემის გაზის გიგანტებშია.

ატმოსფერული ფოსფინის წარმოქმნა სხვა პროცესებსაც შეუძლია, მაგალითად, ჭექა-ქუხილს ფოსფორის შემცველ ზონებში ან ფოსფორის შემცველ მიკრომეტეორიტებს, მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა ეს მექანიზმიც გამორიცხა — ამ პროცესებს უბრალოდ არ შეუძლია იმდენი ფოსფინი წარმოექმნა, რამდენიც ვენერას ღრუბლებშია (20 ppb).

დედამიწაზე ფოსფინი უხვად არის აღმოჩენილი ანაერობულ (ჟანგბადის უმცირესი შემცველობის) ეკოსისტემებში. ნაპოვნია ჭაობებსა და ნალექ ტალახებში, სადაც ანაერობული მიკრობები ყვავის. აღმოჩენილია ნაწლავებსა და ძუძუმწოვართა მიერ გამოყოფილ გაზებშიც. ვენერას ღრუბლები კი ანაერობულია.

წინა თვეში, მეცნიერთა ჯგუფი,, რომელთაგან ზოგიერთი ამ ახალ კვლევაშიც მონაწილეობდა, ვენერას ღრუბლებში მუდმივად მოტივტივე მიკრობული საზოგადოებების შესაძლებლობას იკვლევდა; მათ ამის შანსი სწორედ იმ ზომიერ ზონებში დაუშვეს, სადაც ჯეინ გრივსმა და მისმა ჯგუფმა ფოსფინი დააფიქსირა. გამომდინარე აქედან, ახალი აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

თუმცა, სიცოცხლის არსებობა მხოლოდ ერთადერთი შესაძლო ახსნა როდია. აქ, დედამიწაზე, ფოსფინის წარმოების ერთ-ერთ პროცესს წაროადგენს ვულკანური აქტივობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა ეს შესაძლებლობაც გამორიცხა და ამისათვის 2015 წლის კვლევა დაიმოწმა, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ვენერა შეიძლება იმაზე მეტად იყოს ვულკანურად აქტიური, ვიდრე აქამდე გვეგონა.

„დედამიწაზე გვხვდება აირი ფოსფინი, რომელიც ვულკანური წყაროებიდან მოდის. ამ პუბლიკაციაში ეს შესაძლებლობა გამორიცხულია, რადგან დაფიქსირებული ფოსფინის ოდენობისათვის მხოლოდ ვულკანები შეიძლება საკმარისი არ იყოს. ცოტა არ იყოს, ეს ფაქტი ძალიან მაკვირვებს, რადგან ვენერაზე მიმდინარე ვულკანურ აქტივობაზე უამრავი მტკიცებულება მიუთითებს, თანაც უფრო დიდ აქტივობაზე, ვიდრე დედამიწაზე. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი არაფერი ვიცით ვენერას ზედაპირის შემადგენლობის შესახებ“, — ამბობს ავსტრალიის ბირთვულ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ორგანიზაციის პლანეტური მეცნიერი ელენ მეინარდ-კასლი ScienceAlert-თან საუბრისას. ის ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

 

გრივსის ჯგუფი ასევე ფრთხილობს იმის აღნიშვნას, რომ შესაძლოა, ვენერაზე მიმდინარეობდეს უცნობი ქიმიური პროცესი, რომელიც ფოსფინს წარმოქმნის. გამომდინარე ამ პლანეტის შესწავლის სირთულიდან, კარგად არ გვაქვს შესწავლილი მისი ზედაპირი და შესაბამისად, ძლიერ შესაძლებელია, რომ იქ მიმდინარეობდეს უცნობი ქიმიური ან გეოლოგიური პროცესი. ვენერამ უკვე „შებრაწა“ მის ზედაპირზე დაშვებული რამდენიმე ზონდი, რომლებმაც იქ მხოლოდ რამდენიმე საათს გაძლეს.

„შეიძლება მიუთითებდეს ამ დრომდე აღმოუჩენელ რეაქციათა მთელ ქსელზე ან ფოსფინის შემცველ მინერალებზე, რომლებიც დედამიწაზე არსებულებისგან ძლიერ განსხვავდება“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ჯეინ გრივსი.

რაც არ უნდა წარმოქმნიდეს ფოსფინს ვენერას ატმოსფეროში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რაღაც ახალს ნამდვილად გვასწავლის, რაღაცას ქიმიის, ფოსფორისა და იმ პროცესის შესახებ, რომელიც ფოსფინს წარმოქმნის… ანდაც თავად სიცოცხლის უდრეკობის შესახებ.

„დედამიწის მიღმა ბიოლოგიის ძებნის კვლევათა უმეტესობა კონცენტრირებულია ისეთი ადგილის პოვნაზე, სადაც გადარჩება ისეთი ბიოლოგია, როგორიც დედამიწაზე ვიცით. სწორედ ამიტომ მიიჩნევა იუპიტერის მთავრეები — ევროპა და განიმედე ბიოლოგიურ აქტივობათა შესაძლო ცხელ წერტილებად, რადგან ყინულოვანი საფარის ქვეშ ორივე მათგანზე არის ოკეანეები, რომლებიც შეიძლება მდიდარი იყოს მინერალებით და დაცული მკაცრი კოსმოსური ამინდისგან, ანუ, დიდად არ განსხვავდებოდნენ ჩვენი ოკეანეებისგან“, — ამბობს მეინარდ-კასლი.

მისივე თქმით, თუ ბიოლოგიას ვიპოვით ისეთ ადგილას, რომელშიც დედამიწაზე არსებული არანაირი ცოცხალი ორგანიზმი არ გადარჩებოდა, ეს ფაქტი ფართოდ გაუღებს კარს მრავალგვარი ბიოლოგიური აქტივობის შესაძლებლობას მზის სისტემის ყოველ კუთხეში.

ვენერას ამ საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება საკმაოდ მარტივიც იყოს. შესაძლებელია მეტ დაკვირვებათა ჩატარება უმძლავრესი ტელესკოპებით. შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ახლო დაკვირვებებიც, თუნდაც ორბიტაზე მოძრავი ზონდიდან, როგორიც ახლა ერთადერთია — იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „აკაცუკი“, რომელიც ვენერას გარშემო მოძრაობს. არ არის გამორიცხული ისიც, რომ ამ გამომწვევ კითხვაზე პასუხის მისაღებად ზედაპირზე ზონდის ჩაშვებაც იყოს საჭირო.

არსებობს ვენერას რამდენიმე მისიის შეთავაზება, მაგრამ როგორც წესი, შეთავაზებასა და აღსრულებას შორის საკმაოდ დიდი დროა.

ამასობაში, შესაძლებლობების დავიწროვების გზად რჩება მოდელირება და ექსპერიმენტები.

„უარყოფითი პასუხის დამტკიცება ძალიან რთულია. ახლა, ასტრონომებმა უნდა იფიქრონ ყველა იმ გზაზე, რომელიც ფოსფინის სიცოცხლის გარეშე წარმოქმნას გაამართლებდა, რასაც მივესალმები“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოლეკულური ასტროფიზიკოსი კლარა სოუზა-სილვა.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.