რა დაემართა ვენერას - კატასტროფულ მოვლენამდე, დედამიწის „დობილ“ პლანეტაზე შესაძლოა, სიცოცხლეც იყო
რა დაემართა ვენერას - კატასტროფულ მოვლენამდე, დედამიწის „დობილ“ პლანეტაზე შესაძლოა, სიცოცხლეც იყო

ადამიანის სტანდარტებით, ვენერა არც ისე კარგი ადგილია. პლანეტა, რომელსაც რომაული მითოლოგიის სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთის სახელი უწოდეს, სინამდვილეში ტოქსიკური, სუპერცხელი, ჯოჯოხეთური ადგილია. თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, როგორ შეიძლება ყოფილიყო უძველესი ვენერა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, ოკეანეებით დაფარული პლანეტა, ვიდრე დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ იქ რაღაც იდუმალი მოხდებოდა, რამაც ვენერა მთლიანად შეცვალა.

„ნასას“ (NASA) გოდარდის ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერის, მაიკლ ვეის განცხადებით, ამჟამად გაბატონებულია თეორია, რომლის მიხედვითაც, ვენერას მილიარდობით წლის განმავლობაში ჰქონდა სტაბილური კლიმატი.

მისივე თქმით, სავარაუდოდ მოხდა რაღაც გლობალური მოვლენა, რომელმაც დედამიწის მსგავსი კლიმატის მქონე პლანეტა ისეთ ჯოჯოხეთად გადააქცია, როგორიც ის დღესაა.

3D GCM (ზოგადი ცირკულირების მოდელი) მათემატიკური მოდელირება მიუთითებს, რომ ვენერამ თავისი ისტორიის დიდი ნაწილი გაატარა ზედაპირზე თხევადი წყლით, ფილების ტექტონიკითა და დედამიწის მსგავსი ზომიერი კლიმატით.

მკვლევართა აზრით, დედამიწის მსგავსი კლიმატური სტაბილურობა და თხევადი წყალი ოკეანეებში შესაძლოა ვენერაზე 3 მილიარდი წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. ამაზე მიუთითებს პლანეტის წარსულის შესახებ ჩატარებული მრავალი კომპიუტერული სიმულაცია.

ვენერას ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთისთვის ჩაატარეს რამდენიმე ჰიპოთეტური სცენარის სიმულაცია. მათ შორის იყო ღრმა (310 მეტრი) და თავთხელი (10 მეტრი) სიმულირებული ოკეანე, ასევე სრულიად ოკეანით დაფარული პლანეტა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ ვენერაზე მართლაც უნდა ყოფილიყო თხევადი წყალი, ზედაპირის ტემპერატურა კი 20-40 გრადუსი ცელსიუსით.

ასე უნდა ყოფილიყო სულ მცირე 4,2 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან დაახლოებით 700 მილიონი წლის წინანდელ პერიოდამდე. ამ პერიოდში ვენერაზე რაღაც მოხდა, რის შემდეგაც პლანეტა წარმოუდგენლად ცხელი გახდა, ტოქსიკურ, სიცხის ჩამჭედ, სათბურის ეფექტის მქონე ატმოსფეროში მთავარი წილი ნახშირორჟანგმა და აზოტმა დაიკავა.

ვენერას წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მიზეზი დიდწილად ატმოსფეროს შემადგენლობა გახდა, მაგრამ საინტერესოა, რატომ დაემართა ეს ყველაფერი დედამიწის „დობილ“ პლანეტას?

ვეის თქმით, ვენერაზე მოხდა რაღაც ისეთი, რამაც ატმოსფეროში გამოყო უზარმაზარი ოდენობის გაზი, რომელიც ქანებმა უკან ვეღარ შთანთქა.

დიდი ოდენობით აირების გამოყოფის მაგალითები დედამიწაზეც გვაქვს. მათ შორის არის ციმბირის ტრაპების წარმოქმნა 500 მილიონი წლის წინ, რამაც გამოიწვია მასობრივი გადაშენება. თუმცა, ვენერაზე ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა.

რა თქმა უნდა, ამ ახალ კვლევაზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ვენერაზე სიცოცხლე არსებობდა, თუმცა მოდელირება მიუთითებს, რომ თხევადი წყლითა და ზომიერი კლიმატით, ერთ დროს ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო.

უცნობია, რა მოხდა იქ. მეცნიერთა ერთ-ერთი ვერსიით, ვენერაზე მოიშალა დედამიწაზე არსებულის მსგავსი კარბონატ-სილიკატური ციკლი (რომლის დროსაც ატმოსფეროში არსებულ CO2-ს ბუნებრივად შთანთქავს ქანები). ამის მიზეზი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ძლიერი ვულკანური აქტივობის პერიოდი, რა დროსაც ზედაპირზე გაყინული მაგმა ამ ციკლს აჩერებდა და ხელს უშლიდა ქანების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმას.

როგორც წესი, ვენერას მსგავს პლანეტებს სიცოცხლისათვის არახელსაყრელად მიიჩნევენ დედავარსკვლავთან სიახლოვის გამო. თუმცა, თუკი ახალი კვლევის შედეგები მართებულია და ვენერა ერთ დროს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო, ეს მოსაზრებაც საეჭვო ხდება.

მომზადებულია europlanet-society.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი