პლანეტა ვენერაზე წარსულში შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდა - ახალი კვლევა
პლანეტა ვენერაზე წარსულში შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდა - ახალი კვლევა

პლანეტა ვენერა დღეს არასტუმართმოყვარე ადგილია; ზედაპირის ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ადვილად გადნება ტყვია. თუმცა, გეოლოგიური მტკიცებულებები და კომპიუტერული მოდელირების სიმულაციები მიუთითებს, რომ მილიარდობით წლის წინ ის გაცილებით ცივი იყო, უნდა ჰქონოდა ოკეანე და ძალიან ჰგავდა დედამიწას.

ამჟამინდელი ვენერა დედამიწისგან მხოლოდ მაღალი ტემპერატურითა და ძლიერ კოროზიული ატმოსფეროთი როდი განსხვავდება. გარდა ამისა, ვენერა ძალიან ნელა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო — მისი ერთი დღე დედამიწის 243 დღეს უდრის. თუმცა, მილიარდობით წლის წინ, ვენერას ბრუნვა გაცილებით სწრაფი უნდა ყოფილიყო, რის გამოც პლანეტა სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.

ოკეანის მიქცევა და მოქცევა პლანეტის ბრუნვაზე მუხრუჭივით მოქმედებს, რადგან ხდება ხახუნი მოქცვის ტალღებსა და ზღვის ფსკერს შორის. ამჟამად დედამიწაზე ასეთი მუხრუჭი დღის ხანგრძლივობას მილიონ წელიწადში 20 წამით ცვლის.

ახალი კვლევის ფარგლებში, ნასას მეცნიერმა მატიას გრინმა უძველესი ვენერასთვის ასეთი მუხრუჭის ეფექტი გამოთვალა. როგორც შედეგებმა აჩვენა, ვენერას ოკეანის მიქცევა-მოქცევა იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ პლანეტის ბრუნვა მილიონ წელში შეენელებინა დედამიწის დღესთან შედარებით ათობით უფრო მეტად, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ვენერას ბრუნვის სიჩქარე მაშინ იგივე იყო, რაც დღეს დედამიწას აქვს.

ამ გამოთვლების შედეგად კი ირკვევა, რომ მიქცევა-მოქცევის მუხრუჭს ვენერას ბრუნვა ამჟამინდელ მაჩვენებლამდე სულ რაღაც 10-50 მილიონ წელიწადში უნდა შეენელებინა. შესაბამისად, ვენერა ასე მოკლე პერიოდში გახდებოდა სიცოცხლისათვის შეუფერებელი პლანეტა.

მატიას გრინის განცხადებით, მისი კვლევა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ოკეანის მიქცევა-მოქცევა პლანეტის ბრუნვისათვის. თანაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პლანეტაზე ოკეანე თუნდაც მხოლოდ 100 მილიონი წლის განმავლობაში არსებობს. შედეგად კი ნათელი ხდება, რამდენად გადამწყვეტია მიქცევა-მოქცევა პლანეტის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.