რა ფაქტორებია საჭირო, რომ პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს - ახალი კვლევა
რა ფაქტორებია საჭირო, რომ პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს - ახალი კვლევა

დედამიწის რომელი მახასიათებლები აღმოჩნდა გადამწყვეტი სიცოცხლის აღმოცენებისა და შენარჩუნებისათვის? როგორ უნდა გამოავლინონ ეს მახასიათებლები მეცნიერებმა სხვა პლანეტებზე?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მეცნიერთა ჯგუფმა სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევა მრავალ სფეროს მოიცავდა, მათ შორის გეოქიმიას, პლანეტურ მეცნიერებასა თუ ასტრონომიას. მიღებული შედეგების შემდეგ, ჯგუფი სამეცნიერო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის უმთავრეს კომპონენტად აღიარონ პლანეტის წიაღის დინამიკა.

ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებით, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების დაფიქსირების პირველი ნაბიჯია მათ ატმოსფეროს შემადგენლობაზე დაკვირვება. თუმცა, კარნეგის ინსტიტუტის მკვლევრები ანატ შაჰარი, პიტერ დრისკოლი, ალისია ვაინბერგერი და ჯორჯ კოდი სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ პლანეტის რეალური სიცოცხლისუნარიანობის კვლევისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის პლანეტის ატმოსფერო დაკავშირებული მის წიაღში მიმდინარე მოვლენებთან.

მაგალითად, დედამიწის შემთხვევაში, ფილების ტექტონიკა გადამწყვეტია ზედაპირის კლიმატის შესანარჩუნებლად, სადაც სიცოცხლე ყვავის. გარდა ამისა, ზედაპირსა და წიაღს შორის მიმდინარე ნივთიერებათა ციკლის გარეშე, არ იარსებებდა კონვექცია, რომელიც მართავს დედამიწის მაგნიტურ ველს; ამ უკანასკნელის გარეშე კი პლანეტას კოსმოსური რადიაცია დაბომბავდა.

ანატ შაჰარის განცხადებით, უკეთესი წარმოდგენა გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს პლანეტის შემადგენლობა და წიაღი მის სიცოცხლისუნარიანობაზე. თავის მხრივ, ამის ცოდნა დაგვეხმარება იმ ეგზოპლანეტებისა და ვარსკვლავური სისტემების პოვნაში, სადაც შეიძლება, სიცოცხლე ყვაოდეს. თანაც, ამ მახასიათებელთა დაფიქსირება ტელესკოპებით იქნება შესაძლებელი.

ყველაფერი იწყება ფორმაციის პროცესით. პლანეტები იბადებიან ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვრისა და გაზის დისკოსგან. ელემენტარული სამშენებლო მასალები, რომლისგანაც კლდოვანი პლანეტები წარმოიქმნება — სილიციუმი, მაგნიუმი, ჟანგბადი, ნახშირბადი, რკინა და წყალბადი უნივერსალურია. თუმცა, მათი ოდენობა და გაცხელებისა და გაციების პროცესები, რომლებსაც ისინი ადრეულ ეტაპზე განიცდიან, გავლენას ახდენს წიაღისეულის ქიმიურ შემადგენლობაზე, რაც შემდეგ, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ოკეანეების მოცულობასა და ატმოსფეროს შემადგენლობაზე.

პიტერ დრისკოლის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება, შემდეგია — შესაძლებელია თუ არა სხვა პლანეტებზეც წარმოიქმნას გეოლოგიისა და დინამიკის ის მახასიათებლები, რომლებმაც ჩვენი პლანეტის სიცოცხლისათვის ხელსაყრელად გარდაქმნა განაპირობა.

კარნეგის მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ არამიწიერი სიცოცხლის ძებნას დისციპლინათშორისი მიდგომა სჭირდება, რომელმაც უნდა გააერთიანოს ასტრონომიული დაკვირვებები, პლანეტების წიაღის გარემოს ლაბორატორიული ექსპერიმენტები, მათემატიკური მოდელირება და სიმულაციები.

უახლოეს ათწლეულში, როცა მუშაობას დაიწყებს შემდეგი თაობის ტელესკოპები, ასტრონომები კლდოვან ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებში სიცოცხლის ნიშნების ძებნას დაიწყებენ. თუმცა, კარნეგის მეცნიერთა აზრით, დაკვირვებები უფრო ფართო კონტექსტით უნდა წარიმართოს; გაირკვეს, რა გავლენას ახდენს პლანეტის მთლიანი შემადგენლობა და წიაღის გეოქიმია სტაბილური და ზომიერი ზედაპირის ევოლუციაზე, სადაც შესაძლოა, სიცოცხლე აღმოცენდეს და განვითარდეს.

მომზადებულია carnegiescience.edu-ს მიხედვით.