მთლიანად წყლით დაფარულ პლანეტებზე სიცოცხლე შესაძლებელია - ახალი კვლევა
მთლიანად წყლით დაფარულ პლანეტებზე სიცოცხლე შესაძლებელია - ახალი კვლევა

მთლიანად წყლით დაფარულ პლანეტებზე იმაზე უკეთესი სასიცოცხლო გარემოა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა იუწყება.

სამეცნიერო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ღრმა ოკეანეებით დაფარულ პლანეტებზე არ უნდა ხდებოდეს მინერალებისა და აირების ციკლური წარმოქმნა. სწორედ ეს მექანიზმი ხდის დედამიწის კლიმატს სტაბილურს. შესაბამისად, მის გარეშე გარემო სიცოცხლისთვის არახელსაყრელია.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთლიანად ოკეანეებით დაფარული პლანეტები იმაზე დიდხანს უნდა რჩებოდეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამ დასკვნამდე კვლევის ავტორები ათასზე მეტი კომპიუტერული სიმულაციის ჩატარების შემდეგ მივიდნენ.

„ეს ვარაუდი უკუაგდებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლისთვის საჭიროა დედამიწის კლონი — ხმელეთითა და თავთხელი ოკეანით დაფარული პლანეტა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა პროფესორი ედუინ კაიტი.

რაც უფრო იხვეწება ტელესკოპები, ასტრონომები სულ უფრო და უფრო მეტ ეგზოპლანეტას, ანუ სხვა ვარსკვლავებთან მოძრავ პლანეტებს პოულობენ. ამის კვალდაკვალ, მეცნიერები აქტიურად სწავლობენ, როგორ შეიძლება აღმოცენდეს და გადარჩეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზე, განსაკუთრებით კი დედამიწისგან ძალიან განსხვავებულ სხეულებზე. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ასობით კილომეტრის სისქის ოკეანით იყოს დაფარული.

გამომდინარე იქიდან, რომ სიცოცხლეს აღმოცენებისთვის ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება და იმის გამო, რომ სინათლე და სითბო პლანეტაზე მისი დედავარსკვლავის ასაკთან ერთად იცვლება, მეცნიერები როგორც წესი, ეძებენ პლანეტებს, რომლებზეც არის წყალი და სტაბილური კლიმატი. კარგად არის ცნობილი, როგორ ახერხებს ამას დედამიწა. დროთა განმავლობაში, ჩვენმა პლანეტამ გაციება თავად მოახერხა, სათბურის გაზების მინერალებად გარდაქმნის შედეგად. ამის შემდეგ, ამ მინერალების ვულკანებიდან ამოფრქვევის გზით, დედამიწა გათბა.

მაგრამ ეს მოდელი არ მუშაობს მთლიანად წყლით დაფარულ პლანეტებზე, რომლებზეც ღრმა წყლები ქანებს ფარავენ და ვულკანებს ახშობენ.

კვლევის ავტორებს სურდათ გაერკვიათ, არსებობს თუ არა სხვა რაიმე გზაც. ამ მიზნით, ათასობით შემთხვევითი პლანეტისათვის შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია და დააკვირდნენ მათი კლიმატის ევოლუციას მილიარდობით წლიან მონაკვეთში.

„გასაოცარი ის არის, რომ როგორც სიმულაციამ აჩვენა, მრავალი მათგანის კლიმატმა სტაბილურობა მილიარდზე მეტი წლის განმავლობაში შეინარჩუნა. ჩვენი ვარაუდით, ასეთი უნდა იყოს წყლით დაფარულ პლანეტათა დაახლოებით 10 პროცენტი“, — ამბობს კაიტი.

ეს იღბლიანი პლანეტები თავიანთ დედავარსკვლავიდან შესაფერის მანძილზე მდებარეობენ. აქვთ ნახშირბადის შესაბამისი ოდენობა და არ უნდა ჰქონდეთ ქერქიდან ოკეანეში გახსნილი ძალიან ბევრი მინერალი, რომელიც ატმოსფეროს ნახშირბადს გამოაცლიდა. დასაწყისში აქვთ წყლის საკმარისი ოდენობა და ნახშირბადის ციკლი ხდება მხოლოდ ატმოსფეროსა და ოკეანეს შორის. ეს კი შესაფერისი კონცენტრაციის შემთხვევაში საკმარისია სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„რამდენი დრო აქვს პლანეტას, დიდწილად დამოკიდებულია ნახშირორჟანგსა და ადრეულ წლებში მის განაწილებაზე ოკეანეს, ატმოსფეროსა და ქანებს შორის. როგორც ჩანს, არსებობს გზა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უზრუნველყოფს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობას დედამიწაზე არსებული გეოქიმიური ციკლის გარეშე“, — აღნიშნავს კაიტი.

მისი თქმით, სიმულაციები მზის მსგავს ვარსკვლავებს ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ოპტიმისტურია წითელი ჯუჯებისთვისაც. ამ ტიპის ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტები სიცოცხლის აღმოცენების იმედისმომცემი კანდიდატებია, რადგან მათი სიკაშკაშე ჩვენს მზეზე გაცილებით ნელა იმატებს. შესაბამისად, სიცოცხლეს აღმოცენებისთვის უფრო მეტი დრო აქვს. მეცნიერთა თქმით, მათ კვლევაში მოდელირებული გარემო პირობების მორგება შესაძლებელია წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა პლანეტებზეც, რადგან თეორიულად, ყველაზე მეტად საჭიროა ვარსკვლავის სტაბილური სინათლე.

მომზადებულია uchicago.edu-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი