მეცნიერებმა გამოავლინეს ეგზოპლანეტები, სადაც შესაძლოა, დედამიწის მსგავსი სიცოცხლე არსებობს
მეცნიერებმა გამოავლინეს ეგზოპლანეტები, სადაც შესაძლოა, დედამიწის მსგავსი სიცოცხლე არსებობს

როგორ და სად უნდა ეძებონ ადამიანებმა არამიწიერი სიცოცხლე? მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომებმა უკვე აღმოაჩინეს ათასობით კანდიდატი პლანეტა, ახალ კვლევაში მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავარკიოთ, სად ვეძებოთ სიცოცხლე სინამდვილეში.

მკვლევართა თქმით, სიცოცხლის აღმოცენებას შესაძლოა, დედავარსკვლავიდან მომდინარე ულტრაიისფერი სინათლის ოდენობა იწვევდეს. ამის საფუძველზე, მათ შეარჩიეს პლანეტათა ჯგუფი, რომლებზეც სიცოცხლე იმავე გზით აღმოცენდა და განვითარდა, როგორც დედამიწაზე.

„ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმა მოითხოვს მოლეკულური სტრუქტურის სახესხვაობებს, რომლებიც მრავალ ფუნქციას ასრულებენ უჯრედში“, — განმარტავს კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი პოლ რიმერი.

მისი თქმით, მათ შორის არის დნმ, რნმ, ცილები და უჯრედის მემბრანები, რომლებიც შედგენილია შედარებით მარტივი სამშენებლო ბლოკებით (ლიპიდებით, ნუკლეოტიდებითა და ამინომჟავებით). როგორც იგი აღნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში, საიდუმლოებით რჩებოდა მოცული ამ სამშენებლო ბლოკების წარმომავლობა, მაგრამ ბოლო დროს მრავალი გარღვევა მოხდა და ასე თუ ისე გაირკვა, როგორ აღმოცენდნენ ისინი ადრეული დედამიწის ზედაპირზე.

„მაგალითად, წყალში, წყალბადის ციანიდზე (ქიმიური ნივთიერება, რომელიც ბუნებაში არსებობს) ულტრაიისფერი სინათლის დანათება, უარყოფითად დამუხტულ იონთან ერთად (ატომი, რომელმაც ელექტრონები დაკარგა), წარმოქმნის მარტივ შაქრებს“, — აღნიშნავს რიმერი.

შესაფერის პირობებში, წყალბადის ციანიდს, რომელიც უხვად არის პროტოპლანეტურ დისკოებში, და უარყოფითად დამუხტულ იონს შეუძლია შექმნას სიცოცხლის სამშენებლო მრავალი ბლოკის ფართო კონცენტრაცია. თუმცა, იმისათვის, რათა ასე მოხდეს, მათ ესაჭიროებათ შესაბამისი ოდენობის ულტრაიისფერი სინათლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ ინერტული ნაერთებია.

ეს ყველაფერი ჯგუფმა ექსპერიმენტულად წარმოადგინა 2015 წელს. მეცნიერებმა აჩვენეს, როგორ წარმოიქმნა ცოცხალი უჯრედების კომპონენტები — ლიპიდები, ამინომჟავები და ნუკლეოტიდები წყალბადის ციანიდზე ულტრაიისფერი სინათლის დანათებით. როცა მკვლევრები საკმარისი ოდენობის ულტრაიისფერ სინათლეს არ იყენებდნენ, რეაქცია არ მიმდინარეობდა.

რიმერმა და მისმა ჯგუფმა ეს კვლევის საფუძვლად გამოიყენა. 2015 წლის ექსპერიმენტში გამოყენებული ულტრაიისფერი გამოსხივების ოდენობა მათ შეადარეს კეპლერის ტელესკოპის მიერ აღმოჩენილ იმ პლანეტათა მიერ გამოყოფილი სინათლისას, რომლებზეც შესაძლოა, სიცოცხლე იყოს.

პლანეტათა ორბიტებამდე მისული ულტრაიისფერი სინათლის ოდენობის საშუალებით, მკვლევრებმა დაიანგარიშეს, სად შეიძლება მიმდინარეობდეს ეს ქიმიური რეაქციები. ასეთ ზონებს აბიოგენეზისის ზონები ეწოდება.

კეპლერის კანდიდატ პლანეტათა კრიტერიუმების მიხედვით, ისინი უნდა იყოს კლდოვანი, რაც არსებითად აწესებს ზომების გარკვეულ ლიმიტებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს პლანეტები დედავარსკვლავის გარშემო უნდა მოძრაობდნენ ე. წ. სასიცოცხლო ზონაში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ვარსკვლავთან არც ისე ახლოს უნდა იყვნენ, რომ სიცხისგან თხევადი წყალი აორთქლდეს და არც ისე შორს, რომ სრულიად გაიყინოს. რა თქმა უნდა, სიცოცხლისუნარიანობისთვის სხვა მრავალი პირობაც არსებობს, მაგრამ მათი დადგენა პლანეტაზე პირდაპირი დაკვირვებების გარეშე შეუძლებელია.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, სასიცოცხლო ზონა და აბიოგენეზისის ზონა ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. დედამიწაზე, ჩვენ შესანიშნავ მანძილზე ვიმყოფებით შესაფერისი ვარსკვლავისგან. ჯგუფმა გაარკვია, რომ ზუსტად მზის ტემპერატურის მქონე ვარსკვლავები გამოყოფენ სიცოცხლისათვის შესაფერისი ოდენობის ულტრაიისფერ სინათლეს.

მეორე მხრივ, ცივი ვარსკვლავები არ წარმოქმნიან პროცესის გასააქტიურებლად საკმარისი ოდენობის ულტრაიისფერ სინათლეს. სამაგიეროდ, ისინი გამოირჩევიან ხშირი ვარსკვლავური ამოფრქვევებით, რომლებსაც როგორც უკვე ცნობილია, სიცოცხლის სრულად განადგურება შეუძლია.

გამომდინარე აქედან, სიცოცხლის არსებობა შესაძლოა, გამოირიცხოს იმედისმომცემ პლანეტა როს 128 b-ზე. თუმცა, არის ერთი კარგი ამბავიც — ეგზოპლანეტა კეპლერ 452b, რომელსაც 2015 წელს NASA-მ „დედამიწის ბიძაშვილი“ უწოდა, მოქცეულია როგორც სასიცოცხლო, ისე აბიოგენეზისის ზონაში.

ეგზოპლანეტა კეპლერ 452b, მხატვრული წარმოსახვა.

შესაძლებელია ისიც, რომ არამიწიერი სიცოცხლი ტოტალურად სხვანაირი იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რანაირი შეიძლება იყოს სხვა ფორმები, მოქმედების საუკეთესო გზაა ისეთი სიცოცხლის ძებნა, როგორიც უკვე ვიცით.

„არ ვარ დარწმუნებული, რამდენად შემთხვევითია სიცოცხლე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ მისი მხოლოდ ერთი მაგალითი გაგვაჩნია, უპრიანია, რომ ის ისეთ ადგილებზე ვეძებოთ, რომლებიც ჩვენსას ჰგავს“, — აღნიშნავს რიმერი.

მისი თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება საჭიროსა და საკმარისს შორის. სამშენებლო ბლოკები აუცილებელია, მაგრამ შესაძლოა, ისინი საკმარისი არ იყოს. შესაძლებელია, რომ ისინი ერთმანეთს მილიარდობით წლის განმავლობაში ერეოდნენ, მაგრამ არაფერიც არ მოხდეს. შესაბამისად, საჭიროა სულ მცირე ისეთი ადგილის ძებნა, სადაც არსებობს აუცილებელი საგნები.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cam.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი