არის თუ არა სიცოცხლე ვენერას ღრუბლებში - ახალი მტკიცებულებები
არის თუ არა სიცოცხლე ვენერას ღრუბლებში - ახალი მტკიცებულებები

არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში, მეცნიერთა მთელი ძალისხმევა ქანებისკენ არის მიმართული.

მაგალითად, მარსს აქვს გეოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებს, რომ ერთ დროს მას ჰქონდა და დღესაც აქვს მიწისქვეშა თხევადი წყალი — სიცოცხლის აუცილებელი წინაპირობა. მეცნიერთა მახვილი მზერა ასევე მიმართულია სატურნის მთვარეების, ტიტანისა და ენცელადისკენ, ისევე როგორც იუპიტერის მთვარეების — ევროპას, განიმედესა და კალისტოსაკენ. მათი აზრით, ამ მთვარეთა ზედაპირქვეშა ოკეანებში სავარაუდოდ არის სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო.

ამჯერად მეცნიერები დაუბრუნდნენ ძველ მოსაზრებას, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის სიცოცხლის ძიებას დედამიწის მიღმა – პლანეტა ვენერას ღრუბლებში.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი განიხილავს შემთხვევას, რომ შესაძლოა, ვენერას ღრუბლებში არსებობდეს არამიწიერი მიკრობული სიცოცხლე.


„ვენერას თავზესაყრელი დრო ჰქონდა საკუთარი სიცოცხლის წარმოსაქმნელად“, — განმარტავს პლანეტარული მეცნიერი სანჯაი ლიმაიე და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოდელის მიხედვით, ვენერას ერთ დროს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი კლიმატი ჰქონდა, 2 მილიარდი წლის განმავლობაში კი მის ზედაპირზე თხევადი წყალი იყო, რაც გაცილებით დიდი პერიოდია, ვიდრე მარსის შემთხვევაში.

დედამიწაზე, მიკროორგანიზმებს, ძირითადად, ბაქტერიებს აქვთ ატმოსფეროში ასვლის უნარი. კვლევის თანაავტორის, NASA-ს მკვლევარ დევიდ სმიტის თქმით, მეცნირებს ცოცხალი ბაქტერიები ნანახი აქვთ დედამიწის ზედაპირიდან 41 კმ სიმაღლეზეც კი, ატმოსფეროში.

ასევე იზრდება ჩვენთვის ცნობილ იმ ორგანიზმთა ოდენობა, რომლებსაც ჩვენს პლანეტაზე უკიდურესად სასტიკ გარემოში შეუძლიათ არსებობა, მათ შორის იელოუსტონის ცხელ წყაროებში, ოკეანის სიღრმეებში განრთხმულ ჰიდროთერმულ ღრმულებში, ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურებულ ზონებში და მჟავა ტბებში.

„ვიცით, რომ დედამიწაზე, სიცოცხლეს შეუძლია გაიფურჩქნოს ძალიან მჟავა გარემოში, იკვებოს ნახშირორჟანგით, წარმოქმნას გოგირდმჟავა“, — ამბობს ბიოლოგიური ქიმიის პროფესორი რაკეშ მოგული და შენიშნავს, რომ ვენერას ღრუბლებიანი, ძლიერ ამრეკლავი და მჟავა ატმოსფერო ძირითადად შედგება ნახშირორჟანგისა და გოგირდმჟავას შემცველი წყლის წვეთებისგან.

ვენერას ღრუბლების სიცოცხლისუნარიანობის იდეა პირველად 1967 წელს წამოჭრეს ბიოფიზიკოსმა ჰაროლდ მოროვიცმა და სახელგანთქმულმა კარლ სეიგანმა. ათწლეულების შემდეგ, ეს მოსაზრება განავრცეს პლანეტარულმა მეცნიერებმა — დევიდ გრინსპუნმა, მარკ ბალოკმა და მათმა კოლეგებმა.


იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლის არსებობა, 1962-1978 წლებში დედამიწის დობილ პლანეტაზე მრავალი კოსმოსური ზონდი გაუშვეს. გაირკვა, რომ ვენერას ატმოსფეროს ქვედა და შუა ნაწილებში, ზედაპირიდან 40-60 კმ სიმაღლეზე არსებული ტემპერატურა და წნევა არ უნდა გამორიცხავდეს მიკრობულ სიცოცხლეს. თუმცა ცნობილია, რომ პლანეტის ზედაპირის გარემო უკიდურესად სასტიკია, 450 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურით.

სანჯაი ლიმაიე NASA-ს მკვლევრის სტატუსით მონაწილეობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ ვენერასთან გაგზავნილ აკაცუკის მისიაში. პლანეტის ატმოსფეროს კვლევის განახლების იდეა მას პოლონეთის ზიელონა-გორას უნივერსიტეტის მეცნიერ გრეგორ სლოვიკთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა. სლოვიკმა მას უამბო დედამიწაზე გავრცელებული ბაქტერიის შესახებ, რომელსაც სინათლის შთამნთქმელი თვისებები აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც ვენერას ღრუბლებში გამოვლენილ ნაწილაკებს, რომლებიც წარმოქმნიან აუხსნელ ბნელ ლაქებს. ამ ნაწილაკთა იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.

სპექტროგრაფიულმა დაკვირვებებმა, ძირითადად ულტრაიისფერში, აჩვენა, რომ ეს ბნელი ლაქები შედგება კონცენტრირებული გოგირდმჟავასა და სინათლის მშთანთქმელი სხვა უცნობი ნაწილაკებისაგან.

ლიმაიეს თქმით, ეს ბნელი ლაქები დედამიწიდან ტელესკოპებმა პირველად თითქმის საუკუნის წინ შენიშნეს და მას შემდეგ, საიდუმლოებითაა მოცული. შემდეგში პლანეტაზე გაგზავნილმა ზონდებმა წარმონაქმნები უფრო დეტალურად შეისწავლა.


„ვენერაზე შეიმჩნევა გარკვეული ეპიზოდური, ბნელი, გოგირდით მდიდარი ლაქები, რომლებიც 30-40%-ით კონტრასტირდება ულტრაიისფერში და იხშობა უფრო დიდ ტალღის სიგრძეებში. ეს ლაქები რამდენიმე დღეს ძლებს, გამუდმებით იცვლის ფორმასა და კონტრასტს და როგორც ჩანს, დამოკიდებულია მასშტაბებზე“, — ამბობს ლიმაიე.

ბნელი ლაქების შემადგენელ ნაწილაკებს თითქმის იგივე ზომები აქვს, რაც დედამიწის ზოგიერთ ბაქტერიას. მიუხედავად ამისა, ყველა იმ ინსტრუმენტმა, რომელმაც ვენერას ატმოსფეროს ნიმუშები აიღო, ვერ შეძლო ორგანული და არაორგანული ნივთიერებების გარჩევა.

ლიმაიესა და მოგულის აზრით, ეს ლაქები შეიძლება ენათესავებოდეს წყალმცენარეთა აფეთქებებს, რაც რუტინულად ხდება დედამიწის ტბებსა და ოკეანეებში. უბრალოდ, ისინი უნდა უძლებდნენ ვენერას ატმოსფეროს.

ლიამე, რომელმაც მთელი თავის კარიერა პლანეტათა ატმოსფეროს შესწავლას მიუძღვნა, იდეით იმდენად მოხიბლული დარჩა, რომ ვენერას ღრუბლებში მიკრობული სიცოცხლის არსებობის ჰიპოთეზის გადასახედად ესტუმრა ჩრდილოეთ ინდოეთში, ზღვის დონიდან ძალიან მაღლა მდებარე მარილის ტბა ცო-კარს. იგი დააკვირდა, როგორ ადიოდა ატმოსფეროში ტბის ნაპირებზე, გახრწნილ ბალახებში კონცენტრირებულ გოგირდის მაფიქსირებელი ბაქტერიის ფხვნილისებრ დანალექები.


როგორც ლიმაიე შენიშნავს, ჯერჯერობით უცნობია განტოლების ერთი ნაწილი — როდის აორთქლდა ვენერას თხევადი წყალი, რადგან ბოლო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, პლანეტის ადრეული ისტორია გაანადგურა და შთანთქა ვულკანური ლავის ვრცელმა ნაკადებმა.

არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობის პროცესში, დედამიწის გარდა, სხვა პლანეტათა ატმოსფეროები დიდწილად შეუსწავლელია.

ლიმაიეს თქმით, ვენერას ღრუბლების ნიმუშების შეგროვება არც თუ ისე რთული საქმეა: ამჟამად მიმდინარეობს ვენერას ატმოსფეროში მანევრირებადი პლატფორმის (Venus Atmospheric Maneuverable Platform (VAMP)) პროექტირება. ეს იქნება ხომალდი, რომელიც თვითმფრინავივით იფრენს და წლების განმავლობაში იდრეიფებს პლანეტის ღრუბლების ფენებში, თან შეაგროვებს მონაცემებსა და ნიმუშებს. მისია სავარაუდოდ 2026 წელს გაეშვება.

ლიამეს განცხადებით, ასეთი პლატფორმა აღჭურვილი უნდა იყოს მეტეოროლოგიური და ქიმიური სენსორებით, ისევე როგორც სპექტრომეტრით. გარდა ამისა, შესაძლებელია იგი აღიჭურვოს მიკროსკოპით, რომელსაც ცოცხალი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება შეეძლება.

„იმისათვის, რათა სინამდვილე ვიცოდეთ, საჭიროა ამ ღრუბლებში წასვლა და ნიმუშების შეგროვება. ვენერა შესაძლოა, სრულიად ახალი, ამაღელვებელი თავის სახით შევიდეს ასტობიოლოგიურ კვლევებში“, — აღნიშნავს ლიამე.

მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ ასეთი თავი მალე მართლაც გაიხსნება, რადგან აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა NASA-ს შესაძლო მონაწილეობის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ მისია ვენერა-D-ში, რომელიც 2020-იანი წლების ბოლოსთვის იგეგმება. ამჟამინდელი გეგმით, ვენერა-D შეიძლება იყოს ან ორბიტერი, ან მავალი. NASA-ს მონაწილეობამ პროექტს შეიძლება შესძინოს ზედაპირის სადგური და მანევრირებადი საჰარო პლატფორმა.

მომზადებულია wisc.edu-ს მიხედვით.