მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პლანეტა ვენერაზე ახლაც ბევრი აქტიური ვულკანია — #1TVმეცნიერება
მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პლანეტა ვენერაზე ახლაც ბევრი აქტიური ვულკანია — #1TVმეცნიერება

პლანეტა ვენერა სქელი ატმოსფეროს ქვეშ ჯოჯოხეთურად ცხელია; მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი გამოკვეთილია ვულკანურ აქტივობათა ტალღებისა და ნაკადების შედეგად. თუმცა, პლანეტური გეოლოგები ამაოდ ცდილობდნენ ეპოვათ იმის მყარი მტკიცებულება, რომ პლანეტა დღემდე ვულკანურად აქტიურია.

თუმცა, ახლახან, მეცნიერებს ხელში ჩაუვარდათ ამის საუკეთესო მტკიცებულება. ვენერას ზედაპირზე უამრავი ვულკანური მახასიათებელია — ვრცელი ვულკანური დაბლობები, ვულკანური გუმბათები და კორონები, მთაგორიანი ფარისებრი ვულკანები. იმის გასარკვევად, თუ როგორ წარმოიქმნება და იზრდება ვულკანური გვირგვინები (კორონა), მკვლევართა ჯგუფმა სიმულაციები გამოიყენა და დაადგინა, რომ ვენერაზე შემჩნეული ასეთი მახასიათებლები საკმაოდ ახალგაზრდა უნდა იყოს. მკვლევართა ჯგუფს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოფიზიკოსი ანა გულხერი ხელმძღვანელობდა.

მათი თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ვენერა ვულკანურად ჩამქრალი არ არის.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მივუთითოთ კონკრეტულ სტრუქტურებზე და ვთქვათ, შეხედე, ეს არა უძველესი, არამედ დღესაც მოქმედი ვულკანია, შეიძლება მიძინებული, მაგრამ არა ჩამქრალი“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის გეოლოგი ლორენ მონტესი.

მისივე თქმით, ეს კვლევა მნიშვნელოვნად ცვლის შეხედულებას ვენერაზე — დგინდება, რომ პლანეტა, რომელიც არააქტიური გვეგონა, სინამდვილეში მისი წიაღი დღემდე ბობოქრობს და შეუძლია მრავალი აქტიური ვულკანის კვება.

გარკვეულწილად უკვე ცნობილი იყო, რომ ვენერას ზედაპირი მარსისა და მერკურის ზედაპირებთან შედარებით ახალგაზრდაა. ანალიზებმა და პლანეტის გეოლოგიურმა გარუკვამ გამოავლინა, რომ ვენერას დიდმა ნაწილმა გასული მილიარდი წლის განმავლობაში ზედაპირის ცვლილება განიცადა.

მილიარდ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ვენერას წიაღი გაცივდა, ქერქი გამყარდა იმ დონემდე, რომ თხევადი მაგმა ზედაპირზე ვეღარ ამოდის. თუმცა, სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომლებიც მეტყველებს, რომ ვენერას ამ წერტილისთვის ჯერ არ მოუღწევია.

მაგალითად, 1970-1980-იან წლებში ვენერას გარშემო მოძრავმა თანამგზავრმა Pioneer-მა ვენერას ატმოსფეროში დააფიქსირა გოგირდის დიოქსიდი. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ძალიან ახალგაზრდა გეოლოგიური მახასიათებლებისთვის შესაფერისი გარდამავალი კაშკაშა წერტილები შეიძლება, ლავის ნაკადებს შეესაბამებოდეს. წლის დასაწყიში გამოქვეყნებულ კვლევაში კი, სიმულაციებმა დედამიწის დობილ პლანეტაზე მინერალ ოლივინის გამოფიტვის მაჩვენებელთა შესახებ, მიუთითა, რომ ვენერაზე არსებული ლავის ნაკადები ძალიან ახალგაზრდაა.

გლუხერის ჯგუფი ამ კითხვაზე პასუხს ვულკანური მახასიათებლის ერთ-ერთ ტიპში, გვირგვინში ეძებდა. გვირგვინები (კორონა) გარკვეულწილად წააგავს დარტყმით კრატერებს და შედგება ჩაძირული კრატერის გარშემო ამოზიდული რგოლისგან (გვირგვინის მსგავსი); ჩამწკრივებული მახასიათებლები გარეთაა მიმართული. ისინი შეიძლება ასობით კილომეტრზეც იყოს გადაჭიმული.

ერთ-ერთი ვულკანური გვირგვინი ვენერაზე.

თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს სტრუქტურები კრატერები იყო, მაგრამ ახლო ანალიზებმა გამოავლინა, რომ ისინი ვულკანური ბუნებისაა. წარმოქმნილია პლანეტის წიაღიდან ამოსული ცხელი, გამდნარი მასალის ნაკადის შედეგად, რომელიც ზედაპირს მაღლა გუმბათივით სწევს, გაციების შემდეგ კი დაბლა კოლაფსირდება, გვერდებიდან ჟონავს და წარმოქმნის რგოლს.

ტექტონიკური ფილების მოძრაობის გამო, დედამიწაზე გვირგვინის მსგავსი მახასიათებლები იაშვიათია, მაგრამ ვენერას ტექტონიკური ფილები არ გააჩნია და შესაბამისად, გვირგვინებიც ადვილად იზიდება მაღლა, ბუშტუკებივით.

ამ ფორმაციის პროცესში გასარკვევად, მეცნიერებმა ვენერას წიაღის თერმომოქანიკური აქტივობის კომპიუტერული მოდელირება მოახდინეს. შედეგად კი მიიღეს გვირგვინის წარმოქმნის პროცესის მაღალი რეზოლუციის 3D სიმულაცია; ცვლიდნენ ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა ნაკადის ზომა და ტემპერატურა, ლითოსფეროს სისქე.

დროთა განმავლობაში გვირგვინების ევოლუციის სიმულირებით, ჯგუფმა გამოავლინა მახასიათებლები, რომლებიც ძირითადად გვხვდება ძალიან ახალგაზრდა, ბოლო პერიოდში აქტიურ გვირგვინებში; ამავე დროს, განსაზღვრეს ის ცვლილებები, რომლებიც ამ გვირგვინებმა განიცადა დროთა განმავლობაში.

ამის შემდეგ, ეს სიმულაციები შეადარეს ვენერას ზედაპირზე არსებულ ნამდვილ გვირგვინებს, როგორც ამას ზემოთ ფოტოზე ხედავთ.

სიმულაციაში ნაჩვენები ბოლო დროს აქტიური მახასიათებლები ნამდვილ გვირგვინებს არა მხოლოდ დაემთხვა, არამედ შეძლეს იმის ჩვენებაც, რომ ვენერას ზედაპირზე გვირგვინების სახესხვაოებები სინამდვილეში წარმოადგენს გეოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპს. ეს კი ძლიერ მიუთითებს, რომ გვირგვინები ჯერ კიდევ ვითარდება და შესაბამისად, პლანეტის წიაღი ჯერ კიდევ აქტიურია.

„წინა კვლევებთან შედარებით ამ მოდელების რეალიზმის გაუმჯობესებული ხარისხი შესაძლებელს ხდის გვირგვინების ევოლუციის რამდენიმე ეტაპის იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს დიაგნოსტიკურ გეოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებიც მხოლოდ ამჟამად აქტიურ გვირგვინებშია წარმოდგენილი“, — ამბობს მონტესი.

მისივე თქმით, ჯგუფმა დაადგინა, რომ ბოლო პერიოდში ვენერაზე აქტიური იყო სულ მცირე 37 ვულკანური გვირგვინი.

ეს 37 გვირგვინი დაჯგუფებულია რამდენიმე ადგილას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი რეგიონი სხვებზე უფრო აქტიურია და წარმოაჩენს იმ ადგილებს, რომლებსაც სამომავლო მისიებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.