გაუქმებული საბჭოთა კოსმოსური აპარატი ორბიტიდან მალე დედამიწის ატმოსფეროში შემოვა და დაიწვება — #1tvმეცნიერება
1972 წელს გაშვებულ თანამგზავრ Kosmos-482-ს მალე ცეცხლოვან აღსასრული დაუდგება.
50 წელიწადი კოსმოსში ყოფნის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მისია Kosmos-482 რამდენიმე დღეში დედამიწის ატმოსფეროში შემოვა.
მისია 1972 წლის 31 მარტს გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა Molniya-8K78M-ით და ის პლანეტა ვენერასკენ უნდა წასულიყო.
რამდენიმე დღით ადრე, 27 მარტს, წარმატებით გაუშვეს მისია ვენერა 8. 1960-1970-იანი წლების საბჭოთა კოსმოსური პროგრამები უჩუმრად ხორციელდებოდა და მათ შესახებ მხოლოდ წარმატების შემთხვევაში ვიგებდით.

ეს ცივი ომის ხანა იყო, როცა დაძაბული იყო ურთიერთობები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საბჭოთა კავშირი გაშვების წარუმატებლობას არასოდეს აღიარებდა და ამის მაგალითია მისია Kosmos-482-იც.
სავარაუდოდ, ეს მისია ორბიტაზე გააჩერა ტაიმერის ანომალიამ. გაშვებიდან მალევე, მარგი ტვირთი ოთხ ნაწილად დაიშალა და მათგან რამდენიმე, გაშვებიდან სამი დღის შემდეგ, 3 აპრილს, ახალი ზელანდიის თავზე შემოვიდა ატმოსფეროში.

ასეთივე წარუმატებლობა ხვდა წილად 2011 წელს მარსის თანამგზავრ ფობოსისკენ გაშვებულ მისია Фобос-Грунт-ს, რომელიც დედამიწაზე 2012 წლის 15 იანვარს ჩამოვარდა.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა ვენერას საბჭოთა მისიები დიდწილად წარმატებული იყო, პოსტსაბჭოთა რუსეთის კოსმოსურმა პროგრამებმა წარმატებით ვერც მთვარის და ვერც პლანეტური მისია განახორციელა.
ძველი კოსმოსური ხომალდების ორბიტიდან დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლო შემოსვლა ოდნავი რისკია.

ამ კონკრეტული საბჭოთა ხომალდის ნარჩენის წონა 500 კილოგრამია. 2011 წლის 24 სექტემბერს ატმოსფეროში შემოვიდა NASA-ს გაუქმებული თანამგზავრი UARS, რომელიც 5900 კილოგრამს იწონიდა.
Kosmos-482-ს შეიძლება ჯერ კიდევ მიბმული აქვს გამწევი Blok-L, რომელმაც მისიის ვენერას გზაზე დაყენება ვერ შეძლო.
„ვინაიდან ეს ხომალდი ისეა აგებული, რომ გაეძლო ვენერას ატმოსფეროსთვის, არ არის გამორიცხული, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისასაც ხელუხლებელი გადარჩეს. ამ საკითხზე მრავალი გაურკვეველი ფაქტორია, მათ შორის ასაკი ისიც, რომ ეს იქნება ამ ობიექტის შემოსვლის გრძელი ტრაექტორია“, — ამბობს ანალიტიკოსი მარკო ლანგბროეკი.
Kosmos-482 დედამიწას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ და მოძრაობს 52-გრადუსიანი დახრილობის მქონე 156 X 394 კმ ორბიტაზე.

ატმოსფეროში მისი შემოსვლა სავარაუდოდ 10 მაისს მოხდება, მაგრამ თარიღი კიდევ უფრო დაზუსტდება რამდენიმე დღით ადრე. შემოსვლის კოორდინატები საკმაოდ ფართოა, ჩრდილოეთის 52-გრადუსიანი განედიდან სამხრეთის 52-გრადუსიან განედამდე.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.