მეცნიერებმა ვენერას ტოქსიკურ ატმოსფეროში ნიმუშების აღების რადიკალური გეგმა წარმოადგინეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ვენერას ტოქსიკურ ატმოსფეროში ნიმუშების აღების რადიკალური გეგმა წარმოადგინეს — #1tvმეცნიერება

ვენერას ატმოსფეროში წარმოუდგენლად მაღალი ტემპერატურა და წნევაა. შედგება ნახშირორჟანგისა და გოგირდმჟავას სქელი ნაზავისგან. ეს ყველაფერი ადამიანისთვის მომაკვდინებელია, მაგრამ ჩინეთს ამ სასტიკ გარემოში ჩასვლის და იქიდან ნიმუშების ჩამოტანის გეგმა აქვს.

ამბიციური გეგმის ავტორები არიან ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია და ჩინეთის ეკიპაჟიანი კოსმოსური ინჟინერიის ოფისი.

გეგმა შარშან გამოქვეყნდა და მისიის გაშვება 2028-დან 2035 წლამდე იგეგმება. თუმცა, ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი მისიის შესახებ.

მისიის პროგრამის შესახებ სლაიდი სოციალურ მედიაში ვრცელდება და ცხადყოფს მისიის რამდენიმე მიზანს; მათ შორის არის სიცოცხლის ნიშნების მოძებნა, პლანეტის ჩამოყალიბების ამბის განსაზღვრა და ატმოსფერული ციკლების ანალიზი.

რამდენად სასტიკიც არ უნდა იყოს ვენერა და მისი ატმოსფერო, ახალი კვლევები მიუთითებს, რომ პლანეტაზე შეიძლება არსებობდეს გარკვეული ფორმის მიკრობული სიცოცხლე. პირდაპირ წყაროდან ნიმუშების აღებით შეიძლება ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვეს.

სლაიდებში ასევე მოხსენიებულია ვენერას კიდევ ერთი დიდი საიდუმლოს ახლოდან კვლევა — როგორ შთანთქავენ მისი ღრუბლები ულტრაიისფერ რადიაციას იმის მიუხედავად, რომ მათ ეს არ უნდა შეეძლოთ. ამ საკითხის შესახებ უკვე არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა.

სავარაუდოდ, საჭირო იქნება სულ მცირე ორი კოსმოსური ხომალდი. ერთი ვენერას გარშემო ორბიტაზე დარჩება, მეორე კი მის ძლიერ შტორმიან ატმოსფეროში ჩაეშვება და აირებისა და ნაწილაკების ნიმუშებს აიღებს.

ამ პროცესის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ, რადგან ვენერას ატმოსფეროს მისია 2022 წელს NASA-ს შესთავაზა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT), რომელიც საბოლოოდ არ დამტკიცდა.

MIT-ის შეთავაზებაში, ვენერას ღრუბლებში კანისტრით უნდა შესულიყო ტეფლონით დაფარული, კოროზიისადმი რეზისტენტული საჰაერო ბურთი; შემდეგ ეს კანისტრა კვლავ ორბიტაზე უნდა გადასროლილიყო, საიდანაც ის დედამიწაზე დაბრუნდებოდა.

ვენერას ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის სარგებელი ის არის, რომ შესაძლებელი გახდება ლაბორატორიებში ჩატარდეს იმაზე გაცილებით დახვეწილი ტესტები, ვიდრე ეს თავად ვენერაზე მოხერხდება. თუმცა, დიდ პრობლემად რჩება ათეულობით მილიონი კილომეტრის მანძილი ვენერამდე.

ვენერაზე მისიები წარსულში უკვე ნამყოფია. 1960-იან და 1970-1980-იან წლებში ვენერას ზედაპირზე ზონდები დასვა საბჭოთა კავშირმა. პლანეტის სასტიკ გარემოში აპარატებმა მხოლოდ რამდენიმე საათით გაძლეს და ადგილზევე დაიშალნენ, მაგრამ მოასწრეს ფოტოების გადაღება.

ვენერა

ასევე განხორციელდა რამდენიმე წარმატებული გადაფრენა; ამ დროს აღებული მონაცემები ფასდაუდებელი იქნება ვენერას ნიმუშების აღების მისიების დასაგეგმად.

სულ მცირე ოდენობის ნიმუშების ჩამოტანამაც კი შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწის დობილი პლანეტის შესახებ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.