1.

საბანში გახვეულ ვაჟას არათუ ძილი, თვალის დახუჭვაც ვერ მოეხერხებინა. ახლა, ამ წუთას ბიჭისთვის დედის ფასი არავინ იყო და არც მასზე საცოდავი, უმწეო ეგულებოდა ვინმე. დიდი ხნის წინანდელად ეჩვენებოდა თხუთმეტი წლის ბიჭს ეს შიში, რომელიც ხშირად, ძალიან ხშირად ეუფლებოდა, ვაითუ ნაშვილები ვარო, და მაშინაც არავინ, არავინ ებრალებოდა ისე (არც საკუთარი თავი), როგორც დედა, რომელიც ყველაფერ ცუდსა და გულის სატკენს შიშით უმალავდა შვილებს და, რა თქმა უნდა, ამის გამხელა, ამის გაგებინება ვაჟისათვის თვით დედის ტრაგედია იქნებოდა. ეს, ახლა ღიმილისმომგვრელი ჯავრი, ღამით ესტუმრებოდა ხოლმე ვაჟას. გათენებისთანავე კი ქრებოდა ეჭვი, გათენებისთანავე აგონდებოდა, რა ხშირად აღნიშნავდნენ ნათესავები თუ ნაცნობები ბიჭისა და მამის საოცარ მსგავსებას.

დიდი ხნის წინანდელად ეჩვენებოდა ვაჟას ეს ღამეული ფიქრი, თუმცა არც ისე ადრეული იყო. ახლა ერთიანად დაძაბული, საბანში შეციებულივით გახვეული ქუჩაში კანტიკუნტი მანქანების ხმას მოლოდინით ადევნებდა სმენას. სადღა იყო ეჭვი ნაშვილობაზე, ან რა უკვალოდ გამქრალიყო ყოველი ბავშვისათვის გამოვლილი პერიოდი დარდით სავსე, ესეც უმთავრესად ღამეული დარდით, როდესაც მოზარდში შემოდის იმის გაგება, რომ მუდმივი არაფერია და მშობლებიც ადრე თუ გვიან აღარ იქნებიან.

ვაჟა მამას უცდიდა. ისე აგვიანებდა, აშკარად ნასვამი დაბრუნდებოდა. მერე ვაჟას და დედამისს უნდა კარგა ხანს ეცადათ, როდის დაიძინებდა, უფრო სწორედ, როდის დაწვებოდა ყოველთვის გაჭინჭყლებული, ყოველთვის უხასიათოდ აფორიაქებული კაცი.

მანქანა ჭრიალით შეჩერდა მათ სახლთან. ვაჟა მოეშვა და სადღაც უნიათო, მაგრამ მაინც იმედიანმა აზრმა გაუელვა, იქნებ კრება გაგრძელდა გვიანამდე და მამაც დაღლილიაო. მშობლის შეცოდებით ერთგვარად ბრაზი, ნერვიული მოლოდინი უამდებოდა, მაგრამ ეს სულ რაღაც წამები გრძელდებოდა. მით უმეტეს, გაჩერებული მანქანის მიხურული კარის ხმაც გაისმა და ქალი დაემშვიდობა მომცილებელს.

ვაჟა დედ-მამის საძინებელში იწვა ტახტზე. გვერდითა მოზრდილ ოთახში კი მისი უფროსი და ნანა იძინებდა. ბიჭმა იცოდა, უდარდელად ფშვინავდა ახლა ნანა. ეს მხოლოდ ოდნავი იზოლაციით და მშობლებისაგან მცირე ტერიტორიული მოშორებით არ იყო გამოწვეული. ნანას არასოდეს აღელვებდა დედ-მამის ჩხუბი, იგი არ ერეოდა ოჯახურ საქმეებში. არა, ზარმაცი ნამდვილად არ იყო, ეხმარებოდა კიდეც დედას, მაგრამ მისთვის არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა, ვინ სად მიდიოდა, როდის ბრუნდებოდა. ვაჟას არ ახსოვს, ნანას ყურადღება მიექციოს დედის ნამტირალევი თვალებისთვის.

ბიჭს ისევ დედა შეეცოდა. ხშირად ისმოდა მისი საწოლის ხმა, ვერც ქალი ისვენებდა და სუნთქვითაც ადვილი მისახვედრი იყო, რომ არ ეძინა.

– დედა, – ჩურჩულით გასძახა ვაჟამ, – დედა!

ქალს ხმა არ გაუღია. ვაჟა ხვდებოდა, გრძნობდა, რომ ამ უპასუხობით, ვითომ ძილით შვილს უფრთხილდებოდა, ამშვიდებდა დედა.

ისევ ჭრიალით გაჩერდა მანქანა. რამდენიმე კარი გაიღო.

– ახლა სძინავთ ჩემებს, თორემ გავაგრძელებდით, – ნამდვილად მამა ბოდიშობდა.

დედა იმწამს, ხმის გაგონებისთანავე, წამოიწია, ეტყობა, ფეხით ფლოსტები მოიძია და ამან დააკარგვინა მზადყოფნისათვის დრო. მერე გზაზევე სწრაფად წამოიხურა ხალათი და კარის გასაღებად წავიდა.

ქუჩიდან კოცნის უსიამოვნო წრუპუნი ჭრიდა ყურს. აბა, კარგად, კარგადო, დაემშვიდობა მამა და მალე სადარბაზოში გაისმა ფეხის ხმა. ეს თითქოს ძალად ხმაურიანი ნაბიჯები იმედს აძლევდა ბიჭს, იმის იმედს მაინც, რომ რაც ადრე დაბრუნდებოდა მამა, მით მალე გაათავებდა ჩხუბს, მით მალე მოისვენებდა დედა-შვილი.

– მაგარი ვიღაცაა ეს ვასიკო, – გაისმა ქუჩიდან ქირქილა ხმა.

– გადააშენე ერთი.

– კარგი რა, რაც არის, ეს არის, – გამოესარჩლა ქირქილა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28