– უფროსებთან ზრდილობაა საჭირო, – დაიწყო სიმონამ თავიდან, – მაი შენ კბილებთან შეგიძლია იხუმრო.

– სოფელშიც არ აშორებდით თვალს ტატიანა დეიდას, – ვაჟამ დიდი გაჭირვებით წარმოთქვა ეს წინადადება. ძალად გაღიმებული სახის ბოლომდე შენარჩუნებაც უჭირდა. დაძაბული იდგა, თითქოს სირცხვილს აჭერს ფეხს, ისე იშორებსო.

– აუჰ, – ისევ მოიხადა ქუდი სიმონამ და ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა თავზე, – არ დამანახოთ ის ქალი. აგენი ვინ ყოფილან, დამინგრევენ ოჯახს.

– რა მოგივიდათ, მართლა?! – ვასიკომ შვილებს მკაცრად შეავლო თვალი.

– საქმე მაქვს, მალე დავბრუნდები, – ნანამ დარჩენილი ჩურჩხელა მაგიდაზე დადო.

– სად მიდიხარ? – უცებ გამოერკვა და დაიწყო ვაჟამ.

ლილი და ვასიკოც თითქოს კითხვას, ზუსტად ამ კითხვას აპირებდნენ, ისე მიაჩერდნენ ნანას, მაგრამ მას არაფერი უპასუხია, ისე გავიდა.

მშვენიერი სუფრა გაეწყო. ლილიმ ტატიანასაც სთხოვა. სიმონა ისე დაიბნა ქალის შემოსვლაზე, რომ ვასიკოს გაეღიმა, – შენ, მართლა რამე ხომ არა, ა?

– აყევი ახლა ბაღნებს, – გადაუჩურჩულა სიმონამ.

– ხომ კარგად, ბატონო ჩემო, – სუფრაზე დაჯდომისთანავე მოიკითხა ტატიანამ სიმონა.

კაცი ისე აირია, რომ რამდენჯერმე მოიხადა და დაიხურა ქუდი, თან ქაღალდის ხელსახოცით იმშრალებდა დანამულ შუბლს. როდის-როდის ამოღერღა, არა მიშავს, თავად როგორ გიკითხოთო.

ვაჟამ მამას გახედა ღიმილით. ლილი და ვასიკო ერთმანეთს უყურებდნენ. არა, ერთმანეთისკენ მიმართული მზერა სადღაც შუაში გაეყინათ, სადაც ვაჟასთვის უცნობი, მაგრამ აშკარად არასასიხარულო, სევდიანი რაღაც ეკიდა. ვასიკო გამოერკვა და კარგი, კარგიო, ისევ თავის თავის გამხნევება გამოუვიდა. არაყი ჩამოასხა პატარა ჭიქებში.

– აჰ, მე არა, – ტატიანამ ხელი დააფარა ჭიქას.

– ეს სანთლისაა, გეამებათ, – სიმონა მეორე ბოთლს დაწვდა.

– სტუმარს გაუმარჯოს, ჩვენს სიმონას, თუმცა რა სტუმარია აქ, – ვასიკომ ასწია ჭიქა, – ყველას პატრონი და გამკითხავი ხარ, – ვაჟამ შენიშნა, მიუხედავად იმისა, თითქმის ყვირილით ამბობდა მამა სადღეგრძელოს, მაინც აშკარად იგრძნობოდა ხმის კანკალი, ბიჭმა შესამოწმებლად დედის სახეს შეავლო თვალი. არ შემცდარა, ლილიც აღელვებული შესცქეროდა ქმარს. ისე შესცქეროდა, შიშიც იგრძნობოდა ქალის მზერაში, ისე ერთნაირები, ერთი რაღაცით შეშფოთებული არც ახსოვს ვაჟას დედ-მამა და ესიამოვნა კიდეც. მერე ლილიმ ასწია ჭიქა. ჩემო სიმონა, შენ რომ არ იყო, სულ დავკარგავდით ნათესაობა ერთმანეთს და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს შენი თავიო.

– ასეა, თუ არ მოკვდა ვინმე, ნათესაობა ვერ ვხვდებით სხვანაირად, – სიმონამ შეამჩნია, მხოლოდ ტატიანა მისმენსო და მას მიმართა, – კიდევ კარგი, ვიხოცებით, კიდევ კარგი, სიკვდილი მაინცაა.

ვაჟას უსიამოვნოდ ჩაესმა ეს. სიმონას ცივად გახედა. კაცმა ხელი გადაუსვა თავზე და დაამშვიდა, – რასაც ვამბობ, კია მართალი, მაგრამ არაფერი ძნელი გამოსასწორებელი არაა.

ლილი და ვასიკო თავჩაღუნულები ისხდნენ. ვაჟა ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. ნაჩხუბრები ნამდვილად არ იყვნენ და ეს ამშვიდებდა ბიჭს.

– წასულები მოვიგონოთ, – გამოერკვა უცებ ვასიკო და ხელი მიადო ჭიქას, – აგერ დედაჩემი სულ ახალი გარდაცვლილია, ჯერ ორმოციც არ გადაგვიხდია და მისი თამადობით…

– გადაიხადეს, – გააწყვეტინა სიმონამ და თვალები ქუდს ქვემოთ დამალა.

ვასიკო გაშრა, ფერიც ეცვალა და სიმონას შეხედა, – შენ მაინც ვერ გამაგებინე?

– უცბათ მოხდა ყველაფერი… გულნარამ დიდი ბოდიშიც დამაბარა, მაგრამ შეწუხება არ უნდოდა თქვენი.

– ეს რა შეწუხებაა, შე კაი კაცო, – ვასიკო წამოდგა, ერთი წუთითო, და გავიდა ოთახიდან.

– შენ მაინც ხარ ყურადღებიანი, შენ რაღა დაგემართა, – ქმრის გასვლისთანავე ლილიმ მიმართა სტუმარს საყვედურით, – ხომ იცი, რა უიღბლო, უბედური, მართლა თავის თავის უბედურია ვასიკო და კიდევ ეს უნდოდა, – ქალმა ხელიც ჩაიქნია.

– რა მექნა მე, – სიმონა აქეთ-იქეთ იყურებოდა, – რა მექნა. ფედოსიმაც დეიჟინა, ერთი ვერ მომიკითხა, ვერ მინახულაო.

– ნაწყენი იქნება მამიდაჩემი, – შემობრუნებული ვასიკო კართან ატუზულიყო, – მომავალ კვირას ვინახულებ, – კაცი დაჯდა, – ბავშვებს ვფიცავ, ვინახულებთ, – მერე გაიღიმა. ეტყობა, გაუჭირდა ეს ღიმილი, – შენთან ვარ ალავერდს, ჩემო სიმონა. ქალბატონი ტატიანა ვადღეგრძელოთ… გაგიმარჯოთ, თქვენი ჭირიმე, ჯანმრთელობასა და სიკეთეს გისურვებთ.

ლილიმაც მიუჭახუნა ჭიქა, ღმერთმა ყველას მისცეს შენნაირი ახლობელიო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28