ბოლო ხანებში ნანა მარტო არსად მიდიოდა. ვაჟას ოდნავ მორიდებითაც სთხოვდა სადმე გაყოლას. ბიჭს არ ეზარებოდა, პირიქით, თავს ვალდებულად თვლიდა, მაგრამ ქუჩაში გასვლისთანავე უხერხულობა ეუფლებოდა. ყველა გამვლელზე ეჭვი ეპარებოდა, სხვანაირად გვიყურებს, ნანას უცქერს დამცინავადო. ნანა კი ამაყად მიაბიჯებდა. სადღა იყო მისი ოდნავი დარეტიანებული სიარული. გოგოს თავი ზედმეტად მაღლაც ეჭირა და მის თვალებში სხვათა დამცირებაც შეიმჩნეოდა. ვაჟა ხედავდა ამას და გრძნობდა, რად უღირდა დას ეს შემართული პოზა. დაძაბული იყო გოგოს ყველა ნაკვთი, დაჭიმული, ხელის ერთი უხეში აქნევა და მთლიანად მოეშვებოდა, ატირებული დამჩვარდებოდა ეს სიამაყე. ნანა თითქმის გაუთავებლად ელაპარაკებოდა ძმას სიარულისას. ვაჟა ხშირად ვერ ხვდებოდა, რაზე საუბრობდა, რა უნდოდა ეთქვა. მხოლოდ ფრაზები ესმოდა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაზები. ბიჭი შეკითხვასაც ვერ ბედავდა, – ერთხელ წამოცდა, რაო და ნანამ ისე ხმამაღლა გაუმეორა ნათქვამი, რომ გამვლელების ყურადღება მიიქცია. ვაჟა მაინც ვერ მიხვდა, ვერ გაიგო, მაგრამ დას მორჩილად დაუქნია თავი.

სასწრაფოს მანქანა მიქროდა. ვაჟა მოუხერხებლად იჯდა. ქუჩის ნაგლეჯებს ხედავდა ბიჭი. უცებ რაღაცამ თბილად, სასიამოვნოდ დაუარა. თხელ, ცისფერ ლაბადაში მოაბიჯებდა სახელოაწეული და ჯიბეში ხელჩაწყობილი თიკა, ვაჟას თანაკლასელი გოგონა.

ვაჟას ხშირად უტყდებოდა ძილი. ცოტა, სულ ცოტა ყოფნიდა. ღამისთევა თითქმის ჩვეულებად ექცა. მისდა გასაოცრად, არაფერ ოჯახისეულზე არ ფიქრობდა ამ დროს. გათენება ენატრებოდა, გათენებას ესწრაფოდა. სკოლა, კლასი, ამხანაგები! აი, ეს ეჩქარებოდა. სკოლაში კი სულ მთლად ავიწყდებოდა სახლი. ღამეც ხომ თითქმის არ ფიქრობდა ოჯახზე. მაგრამ ერთი-ორჯერ მტკივნეულად გაახსენდებოდა თავიანთი შეურაცხმყოფელი, დამცირებული მდგომარეობა, რომ მთელ სხეულს ოხვრა, ჩახლეჩილი და ფიზიკურად მტკივნეული ოხვრა მოიცავდა. სკოლაში კი სულ მთლად ავიწყდებოდა სახლი. ეს მის შემდეგ მოხდა, როცა დილით პირის ბანისას ნიკაპზე ორი ღერი მუქი ბუსუსი შენიშნა. რაღაც გაეხარდა ბიჭს, სხვანაირად აუჩქროლა გული. მამის საპარსი ჩუმად შეიტანა სააბაზანოში, კარი ჩარაზა და წყალი ჩხრიალით მოუშვა, საპარსის ხმა რომ არ გასულიყო. მოიშორა ის ორად-ორი ბუსუსი, პარსვისას სარკეში იყურებოდა. აი, მაშინ სრულიად მოულოდნელად გაახსენდა თიკა და სიწითლემ გადაუარა. ეს იყო და ბიჭს სკოლაში მისვლის სურვილი მოეძალა. ამან გათენება შეაყვარა.

სასწრაფოს მანქანა კარგა მანძილით იყო გაშორებული იმ ადგილიდან, სადაც თიკა მიაბიჯებდა ჯიბეში ხელჩაწყობილი. ვაჟას დისა და დედის შერცხვა კიდეც, რატომღაც მათი მოწმეობა ეუხერხულებოდა. არადა, ვის ჰქონდა ბიჭის თავი. მანქანა უკვე სამშობიაროს ეზოში მიიკვლევდა გზას.

– შენ აქ მოიცადე, ვაჟა, – შეაჩერა ტატიანამ ბიჭი. ვაჟა ისე დაბნეული მიჰყვებოდა ქალებს, რომ მიმღებშიც არ ჩამოშორებია, – ბიჭო, არ გესმის, აქ დაიცადე, არ შეიძლება შენი შემოსვლა, – ტატიანამ ოდნავ შეანჯღრია კიდეც და გაუღიმა.

ვაჟა ჩამოჯდა მორყეულ სკამზე და კინაღამ გადავარდა. მერე სკამი გააწონასწორა და ფანჯარაში გაიხედა. მამა დაინახა. ვასიკო აჩქარებული ნაბიჯით მოდიოდა, მაგრამ არ იცოდა, რომელ კარში უნდა შესულიყო. ვაჟამ შუშაზე მიაკაკუნა და ანიშნა, აქეთო.

– დააწვინეს? – შემოსვლისთანავე იკითხა ვასიკომ. სიგარეტი ამოიღო, – ყველაფერი კარგად იქნება -თვალი ჩაუკრა ვაჟას და ისიც ჩამოჯდა, – აი, ნახე, რა კარგად იქნება ყველაფერი.

ვაჟამ თავი დაუქნია, დაეთანხმა მამას. უყურებდა კაცს და გრძნობდა მის ნერვიულობას, გადამდებ ცახცახს. ეცოდებოდა ახლა მამა. არა, მისი ნერვიული მოლოდინი არ მიაჩნდა შესაცოდებლად. ეცოდებოდა იმ წუთებში, როდესაც თვითონ, თვითონ ვაჟა ბრაზდებოდა მშობლებზე და ნერვებაშლილი, დაძაბული ყველაფრისთვის იმეტებდა.

უცებ დოდო მასწავლებლის სიტყვები გაახსენდა. მაშინაც და ახლაც გაუკვირდა, საიდან უნდა სცოდნოდა ქალს ვაჟას მამისადმი დამოკიდებულება. ბიჭი ხომ არავისთან სიტყვას არ ამბობდა ამის შესახებ. ეს ბოლო ხანებში იყო, რომ ერთიორჯერ გაბედა შეპასუხება, თორემ უწინ თავისსა და უმთავრესად დედის შეურაცხყოფას გალახული უმწეო ლეკვის წკმუტუნით იამებდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28