– რა არის ამაში, გულნარა, მისაბაძი, – ლილის ეღიმებოდა კიდეც მულის პრიმიტიულ დიპლომატიაზე, – უყვარს რძე და სვამს.

ვაჟაც ხვდებოდა, მამიდა თავისი შვილების დაუჯერებლობას სიამაყესთან რომ ატოლებდა (რა შუაში იყო სიამაყე), ამით ძმისშვილს ამცირებდა, სულ გადავრევო, ვაჟასაც გაეღიმა. კიდევ ჩამოისხა ქოთნიდან და სხვათაშორის თქვა, – ნანასაც ძალიან უყვარს რძე.

– ახლა ოჯახის უფროსიც მოვიგონოთ, – გულნარას ქმარმა ასწია ჭიქა. ვასიკომ უხმოდ დალია. მალე სიმონაც მოემატათ. ვაჟას თმა შეუქანჩალა და გადაკოცნა. რამხელა გამხდარა აი მამაძაღლიო. ყოველთვის სვანურქუდიანი სიმონა ბავშვივით ეშმაკ თვალებს აბრიალებდა.

– რას შობა, ლილი, ჩემი გოგო? – ნანათი დაინტერესდა ისევ გულნარა.

– არა უშავს, წელსაც ცდის.

– ცდის, – გამოაჯავრა ვასიკომ ცოლი, – არ მაქვს მე საცდელი ბაზა სახლში… შენ რომ ვარგებულიყავი, აქ იქნებოდა ახლა, – ორი ჭიქა საგრძნობლად ეტყობოდა კაცს. ვაჟამ დაიჭირა ნასვამი მშობლის ჭინჭყლის, ჩხუბისწინა კილო, იმ იმედით, რომ ამდენ ხალხში შერცხვება და არ იკადრებსო, თვითონაც სითამამე მოემატა, – რა შუაშია დედა?

ვასიკომ ისე გადახედა ბიჭს, რომ ვაჟამ კიდევ ინატრა, ნეტავი არც მე წამოვსულიყავიო. ბიძამისის “პატარე”, მამიდის “უჯიშობა”, მამიდაშვილების ფერზე გადაკვრას არ მოუწურავს გული ისე ბიჭისთვის, არ შეურაცხყვია, როგორც ამ გამოხედვამ, დავრჩენილიყავი ნანასთან თბილისში, რა მინდოდა აქო.

– არა, გოგოა ტყვილია, – არ ათავებდა გულნარა ნანას ქებას, – ახლა ალბათ რას დარდობს, რას ტირის, მაგრამ ვერ მეიცალა და აგიც აანერვიანებს.

სკამის ზურგს მაგრად მიეკრა ვაჟა და გაეხახუნა. ახლა ბეჭებსა და ფერდებზე მოედო ქავილი. უკნიდან სიმონა ამოსდგომოდა და რაღაცას ეუბნებოდა ბიჭს. ვაჟა იტანჯებოდა, ისე ეწვოდა უკვე ზურგიც, რომ არც ესმოდა, რას ლაპარაკობდა სიმონა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვას მოჰკრა ყური და იგრძნო, ნამდვილად იგრძნო, ისევ სოფლის ამბებს უყვებოდა კაცი. ყოველ ჩასვლაზე დაუჯდებოდა სიმონა ნანას და ვაჟას, სანამ პატარები იყვნენ, მუხლებზე ისვამდა, მოუთხრობდა სოფლის წარსულზე, ამ კუთხის გმირებზე. ხშირად შინამოუსვლელთა სტენდთანაც მიუყვანია და თითოეულ დაღუპულზე ცალ-ცალკე, მათ ვაჟკაცობაზე კაკალ-კაკალ ყველაფერი მოუყოლია. ვაჟა აჰყავდა ხოლმე სასაფლაოზე და წინაპრების საფლავებს (ამობურცულ მიწას) ამახსოვრებინებდა, გულდაწყვეტილი ამბობდა, შესჩიოდა ბიჭს, რატომ არ უნდა იყოს ბაბუაშენის საფლავზე ტირიფიო. ახლაც “ტირიფის” ხსენებაზე, ყურის მოკვრაზე მიხვდა ბიჭი, ისევ სოფელზე, მის სოფლისადმი მოვალეობაზე, საფლავის პატრონობაზე ესაუბრებოდა, არიგებდა მუდამ თვალებბრიალა კაცი. ვაჟას ყოველთვის მოსწონდა ის, რასაც სიმონა უყვებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ჰქონდა არაფრის თავი.

ვასიკო ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ გულნარას ბიჭებში ერთგვარი პატივისცემა და მორიდება გამოიწვია.

– მამა, სირცხვილია, – ჩუმად უთხრა ვაჟამ.

– შენი ჭკუის სწავლება მაკლია.

ვაჟა დედას ხანდახან გადახედავდა. ისიც წამით, დიდხანს ვერ უყურებდა ქალის დაბნეულ და შერცხვენილ სახეს. ბიჭს გული ჩაეწვა და ისევ ჩუმად თქვა, მამა, კარგი რაო.

– გაჩუმდი, ვასილა, – მოხუცი მამიდა მიუახლოვდა უაზროდ მომზირალსა და ახმაურებულ კაცს, – სირცხვილია.

ვაჟამ ვეღარ გაუძლო დედის მზერას, წამოდგა, მუშტით ცრემლი მოიწმინდა და ის იყო გაცლას აპირებდა, ვიღაცამ ხელი შეახო. ქვემოდან მისჩერებოდა ბაბუდა. უცებ მარჯვენაზე ეამბორა მოხუცი. მერე თვალებში რისხვა ჩაუდგა და ძმისშვილს მიმართა, – აგი ბაღანე მაინც შეიცოდე, შე უღმერთო, კვტარი დედის თუ არ გეხათრება… გაი ახლავე და დაიძინე!

ვასიკო უხმოდ გაბორძიკდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28