– გმადლობთ, გმადლობთ, – იღიმებოდა ტატიანა, ერთგვარად კოპწიაობდა კიდეც.

– ეჰ, – უცებ ამოიხვნეშა ვასიკომ.

ყველამ მისკენ გაიხედა. ვაჟას ენიშნა მამის მთვრალი გამოხედვა. ვასიკომ სუფრაზე მოატარა მზერა. ბიჭმა იცოდა, დედაზე გაყინავდა თვალებს და სკამი გაახმაურა. მხოლოდ ორიოდე წამით შეხედა კაცმა ვაჟას და უმალვე ცოლს მიაჩერდა, – შენ რომ არა, ხომ ვიქნებოდი დედაჩემის ორმოცზე… წინა კვირაში ხომ მინდოდა მამიდაჩემის მონახულება… შენ, შენ რომ კარგი დედა იყო, ნანაც იქ იქნებოდა მაშინ, დასაფლავებაზე.

– დედა რა შუაშია?! – რაც უნდა, ის ქნასო, გაიფიქრა ვაჟამ და ისე იკითხა.

– ვაჟა, შენ გაჩუმდი, ნუ ერევი, – ლილიმ შვილს შეუტია, ქმარს გახედა და მშვიდად უთხრა, – მერე? მე არ გაგიშვი, თუ რა, – ქალი გამომწვევად უყურებდა ვასიკოს, – შენ სულ რაღაცას აპირებ, – ხმადაბლა დაუმატა, – ნეტავი მეტი სადარდებელი და მოსაგვარებელი მართლა არაფერი გვქონდეს.

ვასიკოს დაასლოკინა. უცებ წამოხტა და პირზე ხელაფარებული გავარდა ოთახიდან. ლილიც მიჰყვა. ოთახში სუფრაზე სიჩუმე ჩამოწვა, უხერხული სიჩუმე. სიმონამ თითები ააკაკუნა მაგიდაზე, რამდენჯერმე ჩაახველა კიდეც.

– სამადლობელი მაქვს დასალევი, – გაიღიმა ტატიანამ.

– უჰ, – სიმონასაც გაეღიმა, – თქვენ გაგიმარჯოთ, ქალბატონო, – კაცი წელში გაიმართა. ეტყობა, რაღაც განსაკუთრებულის სათქმელად მოემზადა. ცალი თვალით ვაჟას გახედა. ბიჭი იმდენად დაინტერესებული უყურებდა, რომ სიმონა დაიბნა, უხერხულად შეიშმუშნა, ხმა ვერ ამოიღო ხელში ჭიქაშემართულმა.

ვაჟა საწერ მაგიდასთან გადაჯდა. სურათების ალბომი გადაშალა.

ნანას სურათზე ისევ ის გაახსენდა, ისევ ის გაიფიქრა, რომ გათხოვდესო. შეუვსებელ გვერდებზე თვალით მოზომა კიდეც დის საქორწინო სურათებისათვის ადგილი. სულ ორიოდე ფურცელი რჩებოდა ცარიელი. სანამ საწერ მაგიდასთან გადაჯდებოდა, იმასთან ერთად, რომ სიმონას უხერხულობას მოერიდა, ვაჟა ფიქრობდა, დედ-მამის საუბარსაც მივუგდებ ყურსო. მაგრამ ახლა ნანას გათხოვების მოლოდინმა სულ დაავიწყა ყველაფერი და ალბომის ბოლო ფურცლები ბავშვის ფოტოებისთვის ღიმილით დაიგულა.

– რა არის, რომ მიგვატოვეთ ყველამ, – სიმონა სკამის ჭრიალით შებრუნდა ვაჟასკენ, – მოი სუფრასთან, – ბიჭის მისვლისთანავე საუბარი განაგრძო სიმონამ, – ახლა, დღეს, მოვდივარ ქუჩაში და რა აცვიათ? ყოლიფერი ძველმოდური. როგორ აცვიათ? ზუსტად ისე, ძველად რომ ეცვათ, მარა აგდებით… იმიტაციის დროიაი, ქალბატონო, იმიტაციის.

ვაჟამ გაღიმებულმა გახედა ტატიანას. იცოდა ქალის დამცინავი ხასიათი, მაგრამ ისე სერიოზულად უსმენდა ტატიანა სიმონას, ისეთი გულისყურით, რომ ვაჟას ეჭვი შეეპარა, ხომ არ დათვრაო. უსმენდა კი არადა, თანხმობის ნიშნად თავიც დაუქნია რამდენჯერმე და თქვა, – სწორი ბრძანდებით, ჩემო ბატონო, სინდისის, პატიოსნების იმიტაციის დროც გახლავთ. ვბაძავთ, ვცდილობთ, მაგრამ როგორ?

ლილი და ვასიკოც შემობრუნდნენ ოთახში.

– უკაცრავად, უკაცრავად, – ბოდიშობდა შერცხვენილი ვასიკო. ეტყობა, პირიც დაებანა, ისე სველი ჰქონდა თმა, – უკაცრავად, ძალიან ნანერვიულები ვარ და…

– რა უჭირს მერე, – მხარზე ხელი დაჰკრა სიმონამ, – ქეიფი და დროსტარება მარტო სმა კი არაა… ვილაპარაკოთ, ვიჭუკჭუკოთ, – სიმონამ ტატიანას მიუჭახუნა ჭიქა, – ამ ოჯახის მომავალი ვადღეგრძელოთ.

– რა მომავალი? – შემკრთალმა გაიკვირვა ვასიკომ.

– ნანა და ვაჟა, – მოკლედ აუხსნა სიმონამ.

– ნანა და ვაჟა, – გაიმეორა ვასიკომ და უცებ გადამრჩენივით, ცით მოვლენილი იმედივით შეხედა სიმონას, – რომ იცოდე, რა დღეში ვარ, რომ იცოდე…

– ვასიკო, ვასიკო, გაჩუმდი! – სახე შეეცვალა ლილის.

ვაჟას შეეშინდა, აყვირდება მამაო, მაგრამ მისდა გასაოცრად, თავჩაღუნულმა ვასიკომ ჩუმად თქვა, – რა გავჩუმდე, შე კაი ქალო, რა გავჩუმდე… დღეს დილით ნანამ დედამისს გამოუცხადა, ფეხმძიმედ ვარ მგონიო.

– დედა, ჩემი სიკვდილი! – ლოყაზე მიირტყა ხელი ტატიანამ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28