– ძაღლიანი?.. არა, – გაეღიმა კაკუჩას, – მხატვარია.

– ეჰ, ჩემო ბიძია, – კეფა მოიფხანა სიმონამ. ქუდი ისე ჩამოეწია თვალებზე, ვაჟას შეეშინდა, არ წაიქცესო, -ჩემო ბიძია, მე არ ვიცი, რა კაცი ხარ, რას აპირებ და რა გინდა, არც მაია ჩემი საქმე, ერთს კი გეტყვი, ახლა მაგ ძაღლიან მხატვარს ქურდი თუ წამოსაყენებელი უნდიხარ ძმაკაცად, მამფერთან ეამაყება მეგობრობა და ახლობლობა. მარა აბა ცადე და ქაღალდზე დახატესავით, რაცხას მიამგვანე. პირველი მაი მოგსპობს, მაი გაგიდგება… მოგვდგამს ყაჩაღების ახლობლობით თავის მოწონება, მარა ის საწყალი სუფთა ყაჩაღი უნდა იყოს, სხვა არაფერი არ უნდა ცადოს.

სიმონა ლაპარაკის ეშხში იყო შესული. კაკუჩა არც უგდებდა ყურს, ისევ სანთიას მიუბრუნდა. როგორც იქნა, სიგარეტიანმა გამოიარა და მოუკიდა ბიჭმა.

– აი, სალუდეც, – ხელი გაიშვირა კაკუჩამ, – ყვითელჯემპრიანია.

– რას საქმიანობს! – იკითხა სიმონამ. ვაჟა ელოდა, გიას “ქურდიბიჭობითაც” დაინტერესდებაო.

– მგონი ფიზიკოსია, – მერე ვაჟას მიუბრუნდა კაკუჩა, – მე ნანას ძმა სხვა მეგონა. ერთი მაღალი ბიჭია თქვენთან… კარგად იყავით, – უცებ დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით გაშორდა.

– რავა ერთი წარტყმით დაგვაყენა კვალზე, – გააყოლა სიმონამ თვალი.

ღია ლუდხანა ქუჩის მეორე მხარეს იყო. გადასასვლელზე დაქროდნენ მანქანები და ვაჟამ შეამჩნია, უფრთხოდა, შებორკილი მოძრაობდა ქალაქს მიუჩვეველი კაცი. როგორც იქნა მიაღწიეს, მაგრამ ჯემპრიანი ვაჟი იქ არ დახვედრიათ.

სიმონა ბიჭთან ერთად იმ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც ყვითელი ადრევე დალანდა. მოუბოდიშა და ჰკითხა, გია სად არისო.

– ვინა? – გაიკვირვა ულვაშამ, – აქ რომ იჯდა?.. არ ვიცი, დღეს გავიცანი.

– გია? – ჩაერია თეთრხალათიანი დახლიდარი, – სად დაიკარგება, საღამომდე გამოჩნდება, – გაუღიმა კიდეც.

– მადლობა, – სიმონამ ხელი გადახვია ვაჟას და ასე გაუყვნენ ქუჩას, – სახე თუ გაარჩიე?

ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– მე კი ვეღარ ვიყურები მაგ სიშორეს. ხომ დაიმახსოვრე? – ბიჭის მხარზე ხელი დამძიმდა, – რა გვიქნა ამ გოგომ, – ვაჟას ხმა ეუცხოვა და ახედა. სიმონა გაფითრებულიყო, ღაწვებზე ცრემლი უციმციმებდა…

 

4.

რა მოხდა? ვინ არის ცუდად? სასწრაფო დახმარების მანქანის დანახვისთანავე დაებადა ვაჟას ეს კითხვები. დარწმუნებული იყო, მანქანა მათთან იქნებოდა. კიბე აირბინა. სახლის კარიც რომ ღია დაუხვდა, სულ აფორიაქდა და ისე სწრაფად შევარდა დერეფანში, ისე კისრისტეხვით, კინაღამ გამომსვლელებს დაეჯახა. ნანას აქეთ-იქეთ ლილი და ტატიანა ამოსდგომოდნენ, უკან თეთრხალათიანები. გოგო შეშფოთებულ თვალებს აცეცებდა. თხელ კაბაში მუცელი უფრო ემჩნეოდა. შესივებული ტუჩები მშრალად ააცმაცუნა და ჩუმად გაისმა, – შენც წამოდი, ვაჟა, შენც წამოდი.

– აბა, რას ვიზამ, – ბიჭმა ჩანთა იატაკზევე დადო და უკანვე სწრაფად ჩაირბინა კიბე.

როგორ ელოდა ვაჟა ამ დღეს. ის კი იყო, ბოლო ხანებში თითქოს ყველას გადაავიწყდა. შეიძლება უფრთხოდნენ ამაზე ლაპარაკს, ოჯახში უკვე მოახლოებულს უფრთხოდნენ.

– ნუ გეშინია, დედიკო, ნუ გეშინია, – ამშვიდებდა ლილი ნანას.

– მამასთან ხომ დარეკეთ, ტატიანა დეიდა? – დედის მხარზე მიასვენა ნანამ თავი მანქანაში ჩაჯდომისთანავე, – ხომ დარეკეთ, ტატიანა დეიდა?

გოგომ თვალი მილულა და მთელი გზა არ გაუხელია.

– კი, დედიკო, დარეკა, – ლილი თმაზე ეფერებოდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28