– ვაჟა ხარ?.. მომისმინე ახლა, ბიძია, ბებიაშენი… არ შეშინდე, ბიძია, ბებიაშენი მოკვდა… გეიგე, ხომ?.. ჰოდა, დოურეკე, შეატყობინე მამაშენს ჩქარა… ასე, ბიძია, ასე… ტირი, ხო? გიყვარდა ხო, ბებიე?..

ვაჟა არ ტიროდა. მეზობლის ქალს უყურებდა, რომელიც თავს აქნევდა და ქვედა ტუჩს კბილებით აწვალებდა. ვაჟამ რომ ყურმილი დადო, მე ვიცოდი, მაგრამ ვერ ვთქვიო, გამოტყდა ქალი.

– იქნებ თქვენ ელაპარაკოთ მამას, – მამა უფრო ეცოდებოდა, რომელსაც დედის სიკვდილი უნდა გაეგო, ვიდრე ბებია.

– არა, შენი ჭირიმე, – იუარა ტატიანამ, – შენ ვერ გითხარი და ახლა ვასიკოს როგორ ვეტყვი ამას.

– უბრალოდ, ნუ აუხსნით ნურაფერს, სასწრაფოდ მოდი-თქო, – ვაჟამ ჩქარა დაწერა მამის ტელეფონის ნომერი ქაღალდის ნახევზე და ასევე ჩქარა დატოვა ოთახი.

– არ დავრეკავ, ვერ დავრეკავ, იცოდე, – დააწია ქალმა, მაგრამ ვაჟას გასვლისა და კარის გაბრახუნების ხმაზე ყურმილი აიღო, ქაღალდის ნახევი ერთხანს თვალებთან ახლოს დაიჭირა, მერე ფრთხილად დადო და ნომერი აკრიფა.

სახლში შებრუნებული ვაჟა საწერ მაგიდასთან დაჯდა, თავისი უჯრა გამოსწია და იქიდან ალბომი ამოიღო. ვაჟამ ერთი წლის წინ სურათების საკუთარი ალბომი გაიჩინა. ბევრი ფოტო სხვადასხვა ადგილებიდან ამოგლიჯა, ამიტომ მიუხედავად ალბომის სიახლისა და ხასხასა ფერისა, სურათები კი იყო შელანძღული. ბებიას ფოტოს ეძებდა ბიჭი, სიმართლე რომ ითქვას, იცოდა, არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც იმ იმედით, იქნებ არ მახსოვდესო, თავიდან დაიწყო ალბომის თვალიერება. აგერ ვაჟა სამი თვის. გაეღიმა, ტანი თავზე ცოტათი დიდი ჰქონდა ამ ასაკში. მერე უფრო მოსწონდა სურათები, საიდანაც ლამაზი, მრგვალთვალება ბიჭუნა იცქირებოდა. ნანას პატარაობა. მოწკურული თვალები და ცხვირთან გაქექილი ფეხსაცმელები. აგურის კედელთან ატუზულიყო გოგო. მშობლები. სკოლა. უამრავი სურათი პირველი კლასიდან. ნელ-ნელა ფურცლავდა ვაჟა, ფურცლავდა სიამოვნებით. ისევ მამა, მამას პორტრეტზე ბებია გაახსენდა. ნეტავი ვინმე მობრუნდებოდეს მამის მოსვლამდეო. როგორ მოება თავი. ყველაფერზე თანახმა იყო, ყველაფერს აიტანდა, ოღონდ ეს არ ჰქონოდა ახლა შესატყობინებელი. იქნებ ტელეფონშივე უთხრა ტატიანა დეიდამ. ხომ შეიძლებოდა ჩასციებოდა მამა, რა არის ასეთი სასწრაფოო და ეთქვა ქალს. უცებ დააიმედა ამან, დაამშვიდა. ქუჩაში მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა. ვაჟამ ფანჯარა გამოაღო და თავი გარეთ გაყო. ტროტუართან ხალხი შეგროვილიყო. რაც პირველი მოხვდა ვაჟას თვალში, ეს ასფალტზე დამსკდარი და ყვითლად აციმციმებული რამდენიმე კვერცხი იყო. მანქანის პატრონი მთელი ხმით იგინებოდა. მანქანასთან თავჩაღუნული იდგა ვაჟას თანაკლასელი და მეზობელი ნიკა, რომელსაც კვერცხებიანი თასი ეჭირა. ერთიორჯერ გაიწია კიდეც მძღოლი, ბიჭისთვის თუ უნდოდა წაერტყა, მაგრამ არ დაანებეს. უცებ ნიკამ წრე გაარღვია და კისრისტეხით შევარდა სადარბაზოში. ამან სულ გადარია ისედაც გაცეცხლებული კაცი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა გამოკიდებას და ერთი ისე შეიგინა, რომ მარტო ნიკას მისამართით არ იყო ნათქვამი. ყველაფრით უკმაყოფილო კაცის გულის მოსაფხანი გინება იყო.

ზარის ხმაზე კარის გასაღებად წასულ ვაჟას ეჭვიც არ შეპარვია, ნიკა იქნებოდა, იმდენად იყო დარწმუნებული, რომ უცებ მამამისი ვერც კი იცნო, ეუცხოვა. ვასიკო გაფითრებული და აღელვებული ჩანდა.

– რა იყო, ბიჭო, – პალტოთი ჩამოჯდა მაგიდასთან, – მოდი აქ.

ვაჟა მიუახლოვდა. ვასიკომ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა ბიჭი.

– ამ ოხერმა ისეთი ხმით დამირეკა, – ხმა უკანკალებდა კაცს, – ისეთი ხმით, რომ ვიფიქრე, რაღაც უბედურებაა ჩემს თავს-მეთქი.

ვაჟას ნამიანი პალტო სახეს უორთქლავდა. მამის სუნი სცემდა და მთლიანად ისე გათბა, რომ რაღაც წამებში კინაღამ ჩაეძინა. ესმოდა, ჩურჩულით რომ ეფერებოდა მამა. თავზე ხელს უსვამდა. კაცის გულის გამალებული ხმა თენთავდა ბიჭს. სულ არაფერზე, არაფერზე ფიქრი არ უნდოდა. მთლიანად მოეშვა, მიეკრა მშობელს. ისევ ჩურჩულით ნათქვამი გაიგო, გული არ გამიხეთქა იმ ოხერმა ქალმაო.

ქალის, ტატიანას ხსენებაზე დაიძაბა ბიჭი. ამოტივტივდა უსიამოვნო სათქმელი, პირზეც მოადგა, მაგრამ დუმდა, ხმას ვერ იღებდა. უკვე ამის დასაფარავად აღარ წევდა თავს. ზარის ხმამ უშველა. მამის თვალებში ცრემლი შენიშნა და მზერა აარიდა. მერე ზურგი შეაქცია და კარისკენ მიმავალმა გამომშრალი ხმით თქვა:

– მამა, სიმონა ბიძიამ დარეკა, ბებია მოკვდაო.

ჩქარი ნაბიჯით გავიდა დერეფანში. ნიკა მოსულიყო. იქვე დაიწყო მოყოლა, როგორ გადაურჩა მანქანას და რა ამბავი დააწია მძღოლმა.

– მეც შევაგინე, ბიჭო, და დავეთესე… ისე, ორი კვერცხი გამიტყდა, – ნიკა უკვე ოთახის კართან იდგა, საიდანაც აშკარა ტირილის, დაგუდული ზლუქუნის ხმა ისმოდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28