ვაჟას ესმოდა, მშვენივრად ესმოდა ყველაფერი და უცდიდა, ან თავბრუ დამეხვევა, ან გული ამტკივდებაო. კედელს კიდევ უფრო აეკრა. ზურგი სველი ჰქონდა. სისველემ, ცივმა ოფლმა ვაშლის ხიდან ჩამოვარდნა და დის მაშინდელი გამოხედვა გაახსენა. ისევ სიბრალული იგრძნო. გული ჩაეთუთქა. ესმოდა კაკუჩას გაუთავებელი ლაპარაკი. სულ მთლად შეცივებული ბიჭი გრძნობდა, როგორ ჩამოსდიოდა სახეზე ცრემლები.

– აი, გუშინწინ, – სიმონამაც დაიწყო კიბეზე ასვლა. კაკუჩას ორივე ხელი წინ წაეწია, თითქოს ამით აპირებდა კაცის შეჩერებას, – გუშინწინ, ბიძაჩემო, მითხრა, ფეხმძიმედ ვარ გიასაგანო… ჩემგან რა გინდა, ბიძაჩემო.

ვაჟა უკვე ვერც ერთს ვერ ხედავდა. ზემო სართულიდან ისმოდა კაკუჩას გაურკვეველი ლაპარაკი და სიმონას მძიმე ნაბიჯების და ქშენის ხმა.

– ბიჭი! ბიჭი! – უცებ იყვირა კაკუჩამ, – სადარბაზოს კარი გააღე, ბიჭი!

ვაჟამ კარი გააღო.

– შემოუშვი ძაღლი! ძაღლი შემოუშვი! – იღრიალა კაკუჩამ, როგორც კი კარის გაღების ხმა მოესმა.

ძაღლი ლამაზად გამოქანდა. თუმცა ვაჟასთვის ეს მოხდენილი მოძრაობა ახლა მხოლოდ შიშს აახლოებდა. ბიჭი მხოლოდ ხახასა და წითელ ენას ხედავდა. მაგრად აეკრა, თითქმის მიეწება კედელს. თვალებიც კი დახუჭა. უცებ ხელზე სითბო, სველი სითბო იგრძნო. დოგი მის წინ ჩაჩოქილიყო და ხელს ულოკავდა.

– შემოუშვი, შემოუშვი! – ისევ იღრიალა კაკუჩამ. ამ ხმაზე ერთი კი დააგრუხუნა სადარბაზოში ძაღლმა და მშიდად გავიდა ქუჩაში.

– რა გინდა, კაცო, ჩემგან… ხელი გამიშვი, – კაკუჩას ნერვიული ხმა ისმოდა. უცებ ზემოდან შლიგინით დაეშვა. ეტყობა, გაითავისუფლა თავი. რაც უფრო ქვემოთ მიიწევდა, უფრო უმატებდა მუქარიან ყვირილს, – დედას გიტირებ, ნაწლავებს დაგაჭერინებ ხელშიო…

ვაჟასთან წამით შეჩერდა. ცრემლიანი თვალები ჰქონდა და სახეც უთრთოდა. გარეთ გაიხედა. ძაღლიანი იქვე იცდიდა. ასე არ უნდოდა ნამტირალევს გასვლა. ჯიბეში რაღაც მოიძია, ვერ იპოვა და ვაჟას ჰკითხა, – ცხვირსახოცი გაქვს?

ვაჟამ გაუწოდა. სიმონა ზევიდან ნელა ჩამოდიოდა. კაკუჩა თან თვალებს იწმენდდა, თან მოახლოებულ ნაბიჯებს უკრთოდა.

– არ გაიქცე, მაჩვენე გია, – გაისმა სიმონას ხმა.

კაკუჩამ მოუცადა, არც განძრეულა.

– წამოი, ვაჟა, შენც, – სიმონამ ხელი გადახვია, თვალიც ჩაუკრა ბიჭს. ყველაფერს იფიქრებდა და სიმონას ასეთ საქციელს ვერ წარმოიდგენდა.

კაკუჩამ ისევ გასძახა ძაღლიანს, მომიცადე, მალე მოვალო.

კარგა ხანს ხმა არც ერთს არ ამოუღია, მიაბიჯებდნენ. მხოლოდ კაკუჩა აწვალებდა სანთიას. ვერაფრით ვერ მოუკიდა სიგარეტს.

– სად მივდივართ? – იკითხა სიმონამ.

– ხევში რომ სალუდეა, იქ არის ხშირად გია, შეიძლება ახლაც სვამს, – მერე ისევ გააჩხაკუნა სანთია და კაცის მომავალ კითხვას პასუხი დაასწრო – სახლი არ ვიცი.

– ქურდი ბიჭი ხარ? – სიმონა დაინტერესებული ეკითხებოდა. ვაჟას ისევ გაეღიმა და რადგან ამ ღიმილის გამგებად მიიჩნია კაკუჩა, გახედა.

– მინდა წამომაყენონ, – სერიოზულად უპასუხა კაკუჩამ.

– ის ბიჭიც აპირობს?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28