დილით საძინებელი ოთახის ორივე ფანჯრიდან სვეტებად დაეშვა მზის სხივები, ოთახში ჩაიღვარა და სასიამოვნო, ლამაზი გახდა ყველაფერი. ვაჟას ადრევე გამოეღვიძა, წამოდგა და ისე, რომ არავის გაეგო, მისაღებ ოთახში გაიჭყიტა. ნანას მშვიდად ეძინა. სკამზე ფაქიზად ეწყო დის ტანსაცმელი. მერე ისევ ჩაწვა ბიჭი და დილის ძილმა თავი წაართვა. მზემ მიანათა და ამან გამოაფხიზლა. მშობლები ამდგარიყვნენ. ვაჟა ტრუსების ამარა გავიდა. სამზარეულოს კარი მიკეტილი დაუხვდა. არასოდეს ახსოვდა ეს კარი მიხურული და ის იყო უნდა შეეღო, რომ თითქმის ჩურჩულით ნათქვამს მოკრა ყური, ვაი ჩვენი ბრალი, ესღა გვაკლდაო. მამის შეშფოთებულმა ხმამ გაყინა ბიჭი. მერე დედის ტირილით ნათქვამიც მოესმა, ოღონდ ვერ გაარჩია, რას ამბობდა, რა იყო სატირალი. კარგი, კარგი, რამე უნდა ვიღონოთ, ისევ ვასიკომ დაამშვიდა ცოლი და უფრო თავის თავის გასამხნევებლად დაუმატა, უნდა ვიღონოთ, აბა რა, უნდა ვუშველოთო.

– თავი მაქვს მოსაკლავი, თავი მაქვს მოსაკლავი, – დედის ჩუმმა, მაგრამ ნერვიულმა წამოტირებამ კარი შეაღებინა ვაჟას.

– ნანა როდის მოვიდა გუშინ? – შესვლისთანავე იკითხა ბიჭმა. იკითხა ისე, რომ მშობლები ოდნავ შეკრთნენ კიდეც, – როდის მოვიდა?! – ხმას აუწია ვაჟამ.

– არ დაუგვიანია, – თქვა ლილიმ.

– არც ისე გვიანი იყო, – ვასიკომ თავისმართლებასავით წამოისროლა ეს სიტყვები.

– სად ვიყავიო?!

მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს და უხერხულად აიჩეჩეს მხრები.

ამ დროს შემოვიდა ნანაც.

– სად იყავი გუშინ და ვისთან ერთად?! – იმავე მკაცრ კილოზე იკითხა ვაჟამ.

– შენ მაკლიხარ კიდევ, – ნანამ გასვლა დააპირა.

– სად იყავი გუშინ?! – უფრო აუწია ხმას ბიჭმა და უკნიდან ღამის პერანგში წვდა დას. პრიწინით ჩამოიხა პერანგი. ნანა უცებ შეტრიალდა ძმისკენ, ვაჟას დაძაბულ სახესა და მზერაზე შეშინდა და ამოილუღლუღა, ამხანაგთან ერთად ვიყავი კინოშიო.

დის მორჩილ, დამფრთხალ გამოხედვაზე მოეშვა ბიჭი. ცრემლი, სიბრალულის ცრემლიც კი მოაწვა და აკანკალებული, რიხს მოკლებული ხმით იკითხა:

– როდის დაბრუნდი, ნანა, როდის დაბრუნდი?

ნანა უხმოდ იდგა. ძმის უეცარმა შეცვლამ ჩამოხსნა სიმორცხვე, დაბნევა და ახლა ამაყად მიაჩერდა ბიჭს.

– ნანა! – წამოიკივლა უცებ ვაჟამ. ლილი და ვასიკო შეაკრთო ამ კივილმა, – მითხარი, სად იყავი, მართალი მითხარი, სად და ვისთან ერთად.

– ეს ბავშვი სამკურნლოა, – მშობლებს გახედა ნანამ.

– სამკურნალო და საექიმო ვინც არის, კი ვიცი, შვილო, მე, – გამომშრალი ხმით თქვა ლილიმ.

– თქვენთან ხომ არაფრის თქმა, მოყოლა არ შეიძლება, – ნანამ დატოვა სამზარეულო.

ზარის ხმაზე ვასიკო წავიდა კარის გასაღებად. ლილი ვაჟას უყურებდა და თავისთვის ოცნებით ამბობდა:

– შენ მაინც იყო უფროსი. ერთად უფრო მივხედავდით ამ ამბავს.

– რა ამბავს? – დაინტერესდა ვაჟა.

სამზარეულოში ხმაურით შემოაბიჯა სიმონამ. უკან იდგა ვასიკო და დაბნეული იღიმოდა.

– რაია, გეწყინათ ჩემი ჩამოსვლა?

სიმონამ ვაჟას თავზე გადაუსვა ხელი და აკოცა, – სად მიხვალ, ბიჭო, შენ?

– არსად, დღეს კვირაა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28