მერე მანქანა დაიძრა. ეტყობა, კარი კარგად ვერ დაიკეტა და ისევ გაისმა ჯახუნი. ამასობაში მამა დერეფანში პალტოს იხდიდა და ავისმომასწავებლად დუმდა. იშვიათად, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, ნასვამი თავიდანვე ხუმრობით შემოდიოდა სახლში. ვაჟა ამ ხუმრობებს უფრო ვერ იტანდა, რადგან მართლაც ისე იშვიათი იყო, რომ სათითაოდ ახსოვდა, ხოლო ეს სიჩუმიდან, დუმილიდან უმიზეზო ჩხუბზე გადასვლა თითქმის ყოველდღე ხდებოდა და ბიჭს ერთ შემთხვევად, მამის ბუნების, ხასიათის ერთ მთლიანობად ესახებოდა და ამას უკვე შეგუებული იყო. თუმცა ისედაც, ის ხუმრობებით სახლში შემობიჯებაც ყოველთვის კეთილად არ მთავრდებოდა.

დერეფანში ისევ სიჩუმე იდგა. ვაჟა უცდიდა, როდის აიჩემებდა კაცი რაღაც უცნაურს, არამართალს. თავადაც მშვენივრად იცოდა, რომ ამ ამოჩემებულს ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეტყობა, სწორედ ეს აცოფებდა და რაც თვითონ არ სჯეროდა, სხვა უნდოდა ყვირილით, უხეშობით დაერწმუნებინა იმაში.

– სად იყავი დღეს?! – ჩურჩულით იკითხა კაცმა.

– დაიწყო, – ვაჟას ჟრუანტელმა დაუარა. მოლოდინის, გამოცდილი, თითქმის ზეპირად შესწავლილი ფრაზებისა და მოქმედების, მაგრამ მაინც მოლოდინისა იყო, რომელიც განსხვავდებოდა იმ ჟრუანტელისაგან, როცა ვიღაც კაცმა რამდენიმე წუთის წინ დამამცირებლად, აგდებით მოიხსენია მამამისი.

დერეფნიდან ისევ ისმოდა ლაპარაკი. ვაჟა ცდილობდა, სიტყვებისათვის ყური არ მიეგდო. თითქოს ეს ოდნავ აშორებდა ამ უსიამოვნო გარემოს. მაინც რატომ ხდებოდა ასე, რა უნდოდა მამას? ნუთუ ვერ ხვდებოდა კაცი, რომ ესმოდა, ესმოდა და იტანჯებოდა ვაჟა. თუ ხვდებოდა და მაინც აკეთებდა, ეს კიდევ უარესი. ბიჭი გრძნობდა, რომ ერთნაირად აღიზიანებდა, გინდა მიუხვედრელობა რქმეოდა ამას და გინდა შვილის არაფრად ჩაგდება. ისევ ისმოდა კაცის ბუბუნი და შიგადაშიგ ქალის მოკლე პასუხებიც. ამ ხმაში კი, დაძაბულობასთან ერთად, ისიც იგრძნობოდა, რომ სიცივეს აეტანა დედა გრილ დერეფანში.

ქუჩაში კატები აჩხავლდნენ. როგორ ჰგავდა ბავშვის ტირილს. ვაჟა თითქოს ხედავდა კიდეც სიბნელეში ამ აღნავლებული კატების მწვანედ მოელვარე თვალებს. მაშინ ძველ სახლში ცხოვრობდნენ, ერთმა მოზრდილმა მეზობლის ბიჭმა კნუტებიან კატასთან მიუშვა, მიდი, მოეფერეო. თვითონაც ძალიან მოეწონა ვაჟას კნუტები. ერთს დას წავუყვანო, გაიფიქრა, ნანა ხშირად იჯდა საერთო აივანზე კალთაში კნუტით და ნაზად ეფერებოდა ფაფუკ ბეწვზე. არასოდეს დაუხედავს კატისათვის ნანას, ყოველ შემთხვევაში, მნახველს ასეთი აზრი გაუჩნდებოდა, რადგან გოგონა გაღიმებული იყურებოდა სადღაც შორს და ხელს კი ფისოს უთათუნებდა. წაიწია ვაჟა კნუტის ასაყვანად და უცებ ჩხავილით ეცა დედა კატა. ბიჭმაც ყოჩაღად მოასწრო გამოხტომა. ცხვირზე მაინც კარგა ხანს აჩნდა ნაკაწრი.

მშობლები ოთახში შემოვიდნენ. მამამ რაღაც ჩაიბუტბუტა და ვაჟა მიხვდა, სიმთვრალემ შეუშალა ხელი, თორემ უფრო გარკვევით შეიგინებოდა კაცი. მერე კარგა ხანს ესმოდა, როგორ ჭრიალებდა სკამი მამის სიმძიმით, ესმოდა გაზეთების შრიალი და იშვიათი, მაგრამ ენერგიული სლოკინი. ამას კაცი აუცილებლად მიაყოლებდა გინებას, რომელიც ცოლშვილის მისამართით იყო ნათქვამი. ვაჟას სკოლა მოაგონდა. ხვალ ორ საათზე პედსაბჭოზე გაყავდათ. ეს სრულებით არ აღელვებდა. სხვა თუ არაფერი, იცოდა, უდანაშაულო იყო. სლოკინი და მას მიყოლილი აუცილებელი გინება გახშირდა და ბიჭი ისევ მთლიანად მოიცვა ერთმა სურვილმა, მალე დაწოლილიყო მამა. მართლაცდა, არაფრად ეჩვენებოდა ხვალინდელ პედსაბჭოზე ფიქრი, რა უნდა ექნათ, რით უნდა დაესაჯათ, რომ ასე დამცირებულიყო, გალახულიყო, როგორც ეს გინება, ეს უაზრო შრიალი სპობდა. დაადგა საშველი და დაწვა კაცი. ერთ ხანს იწრიალა საწოლში. დედამ დრო იხელთა და შუქი ჩააქრო. აქამდე კედელთან ატუზული ელოდა ქმრის დაწოლას.

– რას მაიმუნობ, – მთქნარებით თქვა კაცმა, – იქნებ კითხვა მინდა.

ქალმა აღარ აანთო, ზედმიწევნით იცოდა ქმრის ჩვევები. მთქნარებით გაწეული პროტესტი ბევრს არაფერს ნიშნავდა. თვითონაც საწოლისაკენ წავიდა.

– მოდი ჩემთან, – ვაჟამ მამის ჩურჩული გაიგონა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28