გულნარამ რძალი და ტატიანა თავის საძინებელში გაიყვანა და დიდი პატივით დაუთმო. ვაჟა უხმოდ, კუდში დაყვებოდა დედას. გულნარამ თბილისში, რაც და ვინც იცოდა, მოიკითხა. ვიღაცამ კარზე მოაბრახუნა და ვაჟას გაკაწრა გულზე. უცებვე მოეშვა. სიმონა და მამიდამისის ქმარი იყვნენ. სიმონა ქუდის ქვემოდან აქეთ-იქეთ ატარებდა თვალებს, ყველას უყურა ერთხანს. ეტყობა, რაღაცის თქმას აპირებდა და დაწყება უჭირდა. უცებ მოიხადა ქუდი, მუხლზე დაიდო და ჩაახველა.

– ვასიკოსთან ახლა ლაპარაკს არა აქვს აზრი, – ლილის და ვაჟას მიაჩერდა მხოლოდ, – არც ხვალ და არც ზეგ მაი ამ სახლის მომვლელი არაა. შარშან და მის უკან რამდენიც ჩამევიდა, აქანე საქათმე უნდა ჩავდგაო, – კაცს გაეღიმა, – საქათმიზა ზომავდა ადგილს, სახლი ქე ენგრეოდა თავზე… ახლა, ატყობთ, გამაგრებულია და გადახურული, – გულნარას ქმარს გადახედა სიმონამ, – აგი ხალხი კი არ იმადლება, მარა…

– ისე იჩემებდა საწყალი დედა ჩემს უფროს ბიჭზე, მიყვარს შვილიშვილებში ყველაზე უფროო, რომ ჩვენს უჩუმრად დაუტოვებია მისთვის სახლი, – უკმაყოფილო სახე მიიღო გულნარამ.

– არაა მაი საჭირო, – თავი გაუქნია ქმარმა და კედელზე დაკიდებულ თავის ფოტოს მიაჩერდა.

– თქვენი სტუმრობით ყოველთვის მოხარული ვიქნებით აგენიც და მეც, თუ მიკადრებთ, – სიმონა წამოდგა და ვაჟას თავზე გადაუსვა ხელი, – საქათმით დაწყება არ გამიგია, უტოპისტია მამაშენი, ბიძია, უტოპისტი.

ტატიანას პატარა გოგოსავით ფხუკუნით გაეღიმა და ლილისაც გაკრა მხარი.

– რა გითხრათ, – წყნარად წამოიწყო ლილიმ, – როგორც ბრძანეთ, რასაც გვთავაზობთ, მაინც ასეა და ასე დარჩება… ვასიკოს ნუ ეტყვით. ცოდოა, უყვარს აქაურობა და სულ დაკარგვა, რა თქმა უნდა, ატკენს გულს.

გულნარა და მისი ქმარი გავიდნენ. სიმონამ ცოტა ხანი იარა ოთახში, ისიც სურათებს უყურებდა, გულნარას ფერად სურათებს.

– შენ ჩამოი, ვაჟა, ხშირად ჩამოი, – ახლა თავზე აკოცა ბიჭს, ღამე ნებისა უსურვა ქალებს და დატოვა იქაურობა.

გვერდითა ოთახიდან, სადაც ცხედარი ესვენა, ზუზუნა ტირილი გამოდიოდა. გამოკვეთილად მხოლოდ, ჩემო ტკბილო რძალო, ისმოდა. იყო კი ტკბილი ან ანგელოზი მულისთვის? ეს არავინ იცის. ვერც მოხუცი, რძალს შებერებული ქალი იტყოდა მართალს. არც ბებიას ექნებოდა ამის პასუხი, სამარადისოდ წაღებული.

ვაჟი კი ვერა და ვერ იძინებდა. არა, ეს ტირილი, მიცვალებულის სიახლოვე, არ აწუხებდა, არც ახსოვდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა უნდა მომხდარიყო, რომ ის და ნანა ასე უცხოები გამხდარიყვნენ ერთმანეთისთვის. ნუთუ შეიძლებოდა დიდი, თუნდაც ძალიან დიდი ხნის მერე ასე დაშორებოდნენ ერთმანეთს, როგორც მამისი და გულნარა. ვაჟა დარწმუნებული იყო, მამა აწი აღარც შეხვდებოდა დას და გულნარაც ისე ჩავიდოდა თბილისში, ალბათ, ძმის ნახვის არავითარი სურვილი და მოთხოვნილება არ შეაწუხებდა… მოენატრა ნანა, მისი ჭკუის დარიგებები, ტკეპნია საუბარი და სასაცილო, სრულიად არაპრაქტიკული წინადადებები.

 

3.

ეს პატარა საპარიკმახერო არაფრით გამოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში, ისეთს მაინც რას წარმოადგენდა, რომ ვაჟა კარგა მოზრდილ მანძილს გამოივლიდა სახლიდან და თმის შესასწორებლად აქ მოდიოდა. არადა, ვერ წარმოედგინა ბიჭს აქაურობასთან კავშირის მთლიანად გაწყვეტა. ეს მისი ძველი უბანი იყო. ხშირად აქ ქუჩაშიც ურბენია და უთამაშია. მერე დაანგრიეს მათი სახლი. მოკლედ, ამ საპარიკმახეროში ძველი უბნის სიყვარული ეწეოდა ბიჭს. ვაჟას რაც ახსოვს, მოხუცი ხელოსანი ჰამო და მისი ახალგაზრდა კოლეგა ყოველთვის საქმიანად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. იწყებდა ჰამო და ახალგაზრდა ხანდახან ჩაერეოდა ხოლმე. ახლა ბიჭს თავი წაღუნული ჰქონდა. აი, ეს კი არ უყვარდა – კისრის გასუფთავება. თმის ანაკრეჭიც უსიამოვნოდ ჩხვლეტდა.

– კარგი, ბიჭო, გააჩერე თავი, – ჰამო ღონივრად დააწვა ვაჟას, თან შეწყვეტილი საუბარი განაგრძო, – უყიდნია სახლი, ეზო რამე ორად.

– ვაა, – გაიკვირვა ახალგაზრდამ.

– ორად, მაშ, – სუნამოიანი ბოთლი აიღო ჰამომ, – მუქთია ორად.

– არ დამისველო, – იუარა ვაჟამ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28