ვასიკოს გაზეთი გაეშალა. ვაჟა ხედავდა, როგორ ჩასჩერებოდა კაცი გაზეთს, მაგრამ რომ ვერ კითხულობდა, ესეც აშკარა იყო. მერამდენედ დაინტერესდა, დიდი ხანია შევიდნენო? ბიჭი უყურებდა მამას და დოდო მასწავლებლის სიტყვები ესმოდა, როგორც გამიგია, უპატიოსნესი მუშაკია და ოჯახზე მისი ზედმეტი ზრუნვა სამსახურში ზოგიერთების სიცილსაც იწვევსო. ვაჟა მაშინ იმდენად აღელვებული და შეურაცხყოფილი იყო, არც მიუქცევია ყურადღება. ახლა ამაზე ფიქრობდა და გრძნობდა პატივისცემას მამისადმი.

ლილი და ტატიანა გამობრუნდნენ.

– რამე ხომ არაა ჯერ? – კითხვით შეხედა ვასიკომ.

– უფრო ღამეა მოსალოდნელიო, – ლილიც ჩამოჯდა.

– მესამე სართულზე აიყვანეს, გადმოიხედავს, – ტატიანამ კარი გააღო და გავიდა.

ორიოდე თვის წინ ერთმა კლასელმა წამოსძახა ვაჟას ეს ამბავი, შენ შენს დას მიხედეო. ვაჟას არც კი ახსოვდა, როგორ გამოუდგა ბიჭს და ვერც იმას იტყოდა, რას უზამდა, რომ დაწეოდა. მაშინ იყო, დოდო მასწავლებელმა რომ შეაჩერა. ეს ქალი სანამ მისი მასწავლებელი გახდებოდა, მანამდეც სიმპათიას იმსახურებდა, ოღონდ ეს იყო, ქალის ზედმეტად სათნო და მიუკარებელი გარეგნობა ყოველთვის მგლოვიარეს აგონებდა და მისი ღიმილიც უკვირდა, გაკვეთილზე იშვიათი ოხუნჯობა, გამკილავი ოხუნჯობაც არ აღიმებდა ვაჟას. რატომღაც დოდოსგან ყოველთვის, ყოველდღე ელოდა შავებით, ძაძებით მოსვლას. შეაჩერა დოდომ, შეიყვანა ცარიელ კლასში და პირდაპირ ჰკითხა:

– ბოლო დროს რა დაგემართა შენ, ვინ გადაგრია, – და რასაც არ ელოდა, ვერც წარმოიდგენდა ვაჟა, – შეყვარებული ხომ არა ხარ?

ბიჭი მოეშვა. თითქოს დაიცალა ყოველგვარი ბოღმისაგან. მერხზე ჩამოჯდა.

– რა დაგემართა ვაჟა, ვისზე ხარ გულდაწყვეტილი?

– ოჯახზე, – ისე თქვა ვაჟამ, არც დაფიქრებულა, წამოცდა.

– მე დედას არ ვიცნობ. მამაშენი და ჩემი მეუღლე ერთად მუშაობენ. როგორც გამიგია, უპატიოსნესი მუშაკია და ოჯახზე მისი ზედმეტი ზრუნვა სამსახურში ზოგიერთების სიცილსაც იწვევს… ამას დაფასება უნდა, ვაჟა, გენაცვალე.

ვაჟა არ უსმენდა, რადგან გულმა დაუწყო ჩხვლეტა და ერთი ღრმადაც ჩაისუნთქა.

ახლა აგონდებოდა ეს ყველაფერი და დედ-მამის აღელვებულ სახეებს რომ უყურებდა, გრძნობდა ამ ხალხის გულის მომწურავ სიყვარულს. ეს გრძნობა იმ წუთში ისე მოეძალა, რომ საერთო ღელვა, ნერვიულობაც სიხარულად ელამუნებოდა.

რაღაც ეუცხოვა ვაჟას. თითქოს უჩვეულო გარემოში მოხვდა და თან ესიამოვნა, სულ ცოტა ხნით შეწყდა პატარა მოსაცდელში მისვლა-მოსვლა, სულ ცოტა ხნით დაისვენა ყურებმა კარის გაუთავებელი გაღება-დახურვით, აღარც აჭრელებული, აყაყანებული ხალხი ტრიალებდა. ისევ გაიღო ხმაურით კარი და ახალგაზრდა თეთრხალათიანი გოგონა შემობაკუნდა. ერთხანს შედგა კედელთან. სიას დაუწყო თვალიერება. გოგონას პერანგზევე ეცვა ხალათი და მკერდთან ოდნავ მოღებოდა. ვაჟამ მშობლებს შეავლო თვალი. არც ერთს არ შეუნიშნავს გოგონა და მისი მოხსნილი მკერდი. ბიჭს ისევ სიწითლემ გადაუარა. რამდენიმე დღის წინ თიკას მკერდიც გამოკვეთილად მოხვდა თვალში. გოგონას ფორმის ყავისფერ კაბაზე, ზედ მარჯვენა ძუძუსთან ცარცის კვალი დამჩნეოდა და ეს კიდევ უფრო უბზეკდა მკერდს. ვაჟამ თვალი გააპარა ისევ დედ-მამისკენ, ორივე უძრავად იატაკს ჩასჩერებოდა. უცებ ტატიანამ შემოყო თავი და გამოიხედაო, ახარა. ყველანი ეზოში გავიდნენ.

ნანა ზემოდან იყურებოდა. სულ გამოცვლილიყო გოგო. ვაჟას ყელში მოებჯინა რაღაც, ისე შეეცოდა და.

– გრძნობ რამეს, დედიკო? – ლილი ცალი ხელით ქმარს ჩაფრენოდა. გაღიმებული ვასიკო თვალებს აპარპალებდა, ვერ უსწორებდა მზერას ქალიშვილს, ეტყობა, შეკითხვაც უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა, – გინდა რამე?

– არაფერი… არსად წახვიდეთ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28