– ბებიაჩემი მოკვდა სოფელში, – ამ სიტყვებით სტუმრის შეჩერება გადაწყვიტა ვაჟამ.

ნიკა არ შემდგარა. შეაღო კარი. მაგიდაზე დამხობილმა ვასიკომ ერთი კი ახედა ბიჭს, მერე ისევ ჩაღუნა თავი. ნიკამ ხელი გაუწოდა და სანამ კაცი წამოიმართებოდა, ასე ხელგაშლილი იდგა. მერე ჩამოართვა და რაღაც ჩაიბუტბუტა. ნიკა ისევ დერეფანში გაბრუნდა, კარში გასვლისას თავი მოიქექა და ვაჟას დამნაშავესავით შეხედა, – დღეს ჩემი დაბადების დღეა და იმიტომ შემოგიარე.

საღამოს, როცა მთელმა ოჯახმა მოიყარა თავი, გადაწყდა, ღამის მატარებელს გაჰყოლოდნენ. ნანამ, მე ვერ წამოვალო. ლილის სიწითლემ გადაკრა და ვასიკოს გახედა. კაცმა ერთხანს უცხოსავით უყურა ქალიშვილს და ჩაიდუდუნა, – ტატიანა მოდის, შე კაი ადამიანო, და…

ვაჟამაც სთხოვა, როგორც კი მარტო დაიხელთა და, შენიშვნისმაგვარად სთხოვა, უხერხულია, წამოდიო.

– არ მცალია, ვერ გაიგეთ, არ მცალია, – ნანამ ისე ხმამაღლა და ისეთ კილოზე თქვა ეს, რომ ვაჟამ თვითონ იგრძნო უხერხულობა. თავად მოერიდა, არავის გაეგო და დაუყვავა, – კარგი რა, ჩუმად.

– ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ მეც შეიძლება საქმე მქონდეს. მეც მაქვს ჩემი ცხოვრება, – არ ისვენებდა ნანა.

სადარბაზოში, უკვე გზაზე დამდგარებს ჩასძახა ნანამ, ნუ გეშინიათ, ყველაფერს კარგად დაგახვედრებთო.

მატარებელში დაწოლამდე არავის ამოუღია ხმა.

– სიმონა გულნარასაც გააგებინებდა, თქვა ვასიკომ.

გულნარა, ვაჟას მამიდა, ყოველთვის თეთრად გადაფთქიალებული ქალი ულამაზესად ითვლებოდა სოფელში. ხუთი წელი იქნებოდა, რაც დაბაში გადასახლდა და მისი ყოველი სტუმრობა დედასთან დიდ ზეიმად იქცევა ხოლმე. გულნარას ქმარი, დევივით კაცი დაკლავს ხბოს, აუცილებლად ცხვარს – სიმამრის საფლავზე, უამრავ საჩუქარს დაურიგებს მეზობლებს, ბავშვებს. ყველა პატივისცემით იხსენიებს სოფელში გულნარასა და მის მეუღლეს. ახლა ბიჭები, ვაჟას მამიდაშვილები?

ბებია მათ მეტად, თვალშისაცემად ეფერებოდა. ვაჟა ამას ამჩნევდა. ერთხელ უფროსმა მამიდაშვილმა უთხრა კიდეც, ბებიას თურმე მე ვუყვარვარ ყველაზე უფრო და ამიტომ სახლს მე მიტოვებსო. ბებიას რომ არც რძალი, ვაჟას დედა ეხატებოდა გულზე, ამასაც ამჩნევდა ბიჭი. ახლა, უკვე დაწოლილს გაახსენდა, გაახსენდა ისიც, როგორ სწყინდა ეს. გულნარა მამიდა ღიმილით კი ეთანხმებოდა ბებიას, თან ვითომ დიდი მონდომებით ანიშნებდა, ჩუ, არ გაიგონო. ეს გამოსარჩლება უფრო ეჩოთირებოდა და ნერვებს უშლიდა ბიჭს. მეც არ უნდა წამოვსულიყავიო, გაიფიქრა გაჯავრებულმა. მამიდისა და მისი ოჯახის ნახვა არ უნდოდა. ერთი კი იყო, გულნარა მამიდას ნანა ძალიან მოსწონდა და ხშირად აღნიშნავდა, ჩემი ფერ-ხორცი აქვსო, ან ჩემს ბაღნობას მაგონებსო. ეს არასოდეს მომხდარა ნანას თანდასწრებით, შეიძლება არც ამბობდა ქალი ძმისშვილის გასაგონად, თორემ… ვაჟას გაეღიმა, გაახსენდა ნანას უკმეხი პასუხები და რანაირად ამბობდა გოგო ვინმე დასაცინზე, სუფთა გულნარააო. ახლა ის წარმოიდგინა ვაჟამ, მამიდა რა გუნებაზე დადგებოდა, რომ გაეგო, რა ხალხს ადარებდნენ, უტოლებდნენ ამ სადედოფლო ქალს. ბებიაც ხშირად აღნიშნავდა მის “სადედოფლობას”.

– არა, არა, ვასიკო ბატონო, არ უნდა დაგეტოვებინათ ის გოგო მარტო და წამოსვლაც უდავოდ ეკუთვნოდა, – სიბნელეში გაისმა ტატიანას ხმა. ვაჟას უსიამოვნოდ მოაგონდა დის სიმარტოვე და შიში იგრძნო. მოუსვენარი შიში.

– ეტყვი რამეს და გაიგებს რომელიმე, ტატიანა დეიდა, ან ცოლი, ან შვილი?

– ლილიზე ამბობთ მაგას?.. აჰ, თქვენისთანა ოჯახობა…

– აბა, აბა, – ვითომ ხუმრობით ჩაილაპარაკა ვასიკომ.

დილით სუსხმა გამოაღვიძა ვაჟა. ფანჯრიდან უკვე იმდენი შუქი შემოდიოდა, რომ სახეების გარჩევა შესაძლებელი იყო. ვასიკოს სხივი ხან შუბლზე ეცემოდა, ხან თვალებზე. წამით განათებული შუბლი თითქოს მძინარისა იყო, მაგრამ სხივის მოხვედრისთანავე იელვებდნენ თვალები და ვაჟა გრძნობდა, რომ არ სძინებია საერთოდ კაცს. ბიჭს უნდოდა რამე ისეთი, თანაგრძნობისნაირი ეთქვა, მიმხვდარიყო მამა, ვაჟასაც სტკიოდა გული ბებიას სიკვდილით.

გამყოლმა მოაბრახუნა კარზე, თქვენი სადგურიაო.

ვასიკომ სწრაფად ჩაიცვა. დანარჩენებსაც არ დასჭირვებიათ ჩაცმა-მომზადებაზე დიდი დრო.

სადგურის შენობაში ციოდა, მანქანას ვიშოვი და მოვალო, ვასიკო გარეთ გავიდა. ვაჟა ვერა და ვერ გათბა. რადიატორიან ფანჯარასთან მიდგა და გარეთ დაიწყო ყურება. უცებ მეტად აიტანა სიცივემ. ქუჩაში რკალად მოხრილი წამოზრდილი ლეკვი იწვა. დრუნჩი უკანა ფეხებში ჩაერგო და რიტმულად კანკალებდა. ამის დანახვამ, სიცივით აძაგძაგებული ძაღლის დანახვამ იმოქმედა ბიჭზე და ნელ-თბილ რადიატორს მიეკრა, ხელებიც ზედ დააწყო. რაღაც სისველე იგრძნო და ზიზღით კინაღამ გული აერია. სასწრაფოდ საპირფარეშოსაკენ წავიდა. იქ მყრალი სუნი და ნესტიანი სიცივე იდგა. მოშლილი ონკანიდან მოწურწურე წყლით გადაიბანა ხელი. ცხვირსახოცი, რომლითაც გაიმშრალა, ჯიბეში აღარ ჩაუდევს, იქვე ხელსაბანზე დადო და გარეთ გამოსული ოდნავ დამშვიდდა. თითქოს იმ ცხვირსახოცს გაატანა, მოიშორა სადგურის მთელი ჭუჭყი და უსიამოვნო განწყობილება. ფოსტა-ტელეგრაფის ოთახი ღია იყო. ნიკას მივულოცავო, გაიფიქრა ვაჟამ და შევიდა. სამსიტყვიანი დეპეშა გაუგზავნა: “გილოცავ, გკოცნი, ვაჟა”.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28