2.

მალე, ძალიან მალე გაიარა ზამთრის სუსხმა. ერთი კვირითაც ვერ გაძლო ქალაქში სიცივემ. ის იყო თბილისელები ეგუებოდნენ ყინვას, რომ ჯერ მოულოდნელმა წვიმამ, შემდეგ კი მზიანმა დღეებმა სულ მოსპეს მისი ნასახი. ამინდის ასეთმა უეცარმა ცვალებადობამ ბევრი დააავადა. ვაჟასაც რამდენიმე დღე პატარა სიცხე ჰქონდა. მართალია, დაწოლილი ვერ ძლებდა, მაგრამ სახლში რჩებოდა და იყო თავისთვის წყნარად. დილაადრიანვე გადიოდნენ მშობლები, ნანაც თერთმეტ საათამდე თუ მოიცდიდა და მერე მთელი დღე შეეძლო ბიჭს ეკითხა, მშვიდად ექექა უჯრები (ეს ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა) და საათობით ეცქირა ფანჯარაში. უჯრების ქექვისას მამამისის წერილები ნახა, რომლებიც მივლინებაში მყოფ კაცს ცოლისთვის გამოეგზავნა. ვაჟას ძალიან გაუჭირდა წერილების კითხვა. იმასთან ერთად, რომ გრძნობდა, უკადრისს სჩადიოდა, უხერხულობაც ეუფლებოდა საალერსო სიტყვების კითხვისას. ინტერესი კი უაღრესად დიდი ჰქონდა, ბოლოდე ჩაეკითხა ბარათები. ბიჭისთვის ნათელი და ამავე დროს საკვირველი იყო, რამხელა სიყვარულს ატარებდა მამამისი და რა სანუკვარ არსებად ესახებოდა კაცს მეუღლე. ვაჟას უხაროდა, უხაროდა ძლიერ, რომ რაღაც ხელმოსაკიდებელი იპოვა მამის გრძნობებში, თუნდაც წარსულ გრძნობებში. ბიჭისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამ წერილების დამწერს სულ გასციებოდა გული. ამას რომ ფიქრობდა, ყოველივე საიმედოს დასამტკიცებლად სიამოვნებით ადევნებდა თვალს ასოებს, სიტყვებსა და სტრიქონებს შორის ჩახატული ჩიტები თუ ყვავილებიც ლამაზად, ნატიფად ეჩვენებოდა, პირველი შეხედვისთანავე, როგორც კი ეს ჩიტები და ყვავილები, აქა-იქ ისარგაყრილი გულიც დაინახა, მაშინვე დედის თმაზე ხელის გადასმა, მაღაზიის ვიტრინაში მშობლის ოდნავ არტისტული მანერა გაახსენდა და ისევ ის შეუსაბამობა იგრძნო, რამაც მაშინ ნაღვლიანად ჩააფიქრა ბიჭი. ამ ბარათებმა მომავალი აყალმაყალის (ეს რომ გარდუვალი იყო, სჯეროდა და არც იტყუებდა თავს) შემსუბუქების იმედიც მისცა. ვასიკო კი ერთი კვირა იქნებოდა, სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოდიოდა და ვაჟას თითქმის ავიწყდებოდა კიდეც აფორიაქებული ღამეები, წარსული ღამეები და მეტ სითბოს გრძნობდა მამისადმი. სითბოს კი არა და, უსიტყვოდ ხვდებოდა, რა სურდა კაცს. წყლის მიტანას, გაზეთების მირბენინებას, საშინაო ტანსაცმლის მიწოდებას ვერავინ დაასწრებდა ბიჭს. ხანდახან გაუელვებდა ეჭვი, დედას ხომ არ ვაკლებ ყურადღებას, ზედმეტი ხომ არ მომდისო, მაგრამ იმასაც აშკარად გრძნობდა, ქალსაც ახარებდა შვილის ასეთი საქციელი.

როცა მთელი ოჯახი სადილობდა ან ტელევიზორს უყურებდა, ვაჟას ერთად ყოფნა სიამოვნებდა, ერთად ყოფნის და უჩხუბარი, დაუძაბავი გარემოს მონატრება ეუფლებოდა, მონატრება და სურვილი ასეთი მომენტის, მდგომარეობის სიხშირისა და გაგრძელებისა.

ვაჟას არ ახსოვს, დედას ან მამას სამსახურის ამბები მოეყოლათ სახლში. ბიჭს ეს თან უკვირდა, თან ოჯახის წევრთა ერთმანეთის მიმართ უინტერესობას გრძნობდა. არათუ დღეები, ისე გადიოდა თვეები, ისე გადიოდა წლები, რომ არც ერთს სიტყვა არ დასცდებოდა. ბოლო ხანებში ვაჟამ თვითონ დაიწყო სკოლის ამბების მოყოლა და ბიჭის სასიხარულოდ, რამდენიმე დღის მერე მამამაც გაიხსენა, როგორ დაწვეს მოწაფეობისას კლასში წიწაკა, ის მყრალი სუნი ახლაც მცემსო.

– რაც სკოლა არსებობს, მსგავსი რამ ხდებოდა, ხდება და ყოველთვის მოხდება, – ნანას ტელევიზორისთვის არ მოუშორებია თვალი.

– მე ისე ვთქვი, სხვათა შორის, – დაიმორცხვა ვასიკომ.

ვაჟა ამჩნევდა, რომ ნანასთან ლაპარაკისას მამა იბნეოდა, უხერხულადაც გრძნობდა თავს. ნანამ ძმის გარდა მამის ჩაცმასაც დაუწყო ბოლო დროს ყურადღების მიქცევა და კაცი ყოველთვის უჯერებდა ქალიშვილს. ვითომ ასე სჯობია ახლა, სიცილის მოშველიებით არბილებდა ისედაც უძლურ ყოყანს და ნანას შერჩეულ პერანგითა თუ ჰალსტუხით ერთხანს შედგებოდა სარკის წინ. ახლაც იმდენად საწყლად დაიმორცხვა, მე ისე, სხვათა შორის ვთქვიო, რომ ვაჟას შეეცოდა მამა. რაც სკოლაში არ დადიოდა, ბიჭი ხშირად გრძნობდა ამას, ხშირად უჩნდებოდა მშობლისადმი სიბრალული. დღეში რამდენჯერმე შემოაკითხავდა მეზობლის ქალი (მთელი სახლის ტატიანა დეიდა), მამაშენმა დარეკა, რას შვრება, რამე ხომ არ სჭირდებაო. ამ მოკითხვაზეც, მამის შებრალებასთან ერთად, საკუთარ თავზე ბრაზი ერეოდა როგორ ვიმეტებ თუნდაც მოჩხუბარს, თუნდაც დამნაშავესო.

ფანჯარასთან დგომა უყვარდა ვაჟას. აქედან მისი ქალაქი მოჩანდა. ძველ სახლშიც მიადგებოდა ვიწრო სარკმელს და დიდხანს, დიდხანს უყურებდა მოპირდაპირე შენობას, აწოწილ, მუდამ კენწერომოცახცახე ნაძვს, ქუჩის ცალფეხა საათს. უამრავი გოგო-ბიჭი ირეოდა ამ საათთან. იმ ფანჯრიდან თითქმის ყველაფერს ამჩნევდა, ყველას ცნობდა სახეზე და იცოდა კიდეც, ვინ ვის შემდეგ ჩაივლიდა. საათთან საღამო ხანს ატუხული ბიჭებიდან რომელთან რომელი გოგონა მიირბენდა. როგორ უყვარდა, ზაფხულმოვლილი აგარაკიდან რომ დაბრუნდებოდა, გაიხედავდა და თითქოს უახლოესსა და უსაყვარლეს, დიდი ხნის უნახავს ვინმეს ესალმებოდა. ახლაც სიამოვნებდა ქუჩაში ცქერა, მაგრამ ვიღაცის მიერ ფედობზე გაშენებული ციცქნა ბოსტანი სუფთა ქალაქურ სურათს ხელს უშლიდა. ვაჟასთვის ხეები, მინდორი, ამწვანებული თუ გაყვითლებული ბუნება კარგი რეპროდუქციასავით საცქერი იყო, მხოლოდ დიდხანს არა, დიდხანს ვერ უძლებდა. ქავილთან ერთად მონატრება ეუფლებოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის დაინახავდა ქალაქს, იგრძნობდა ტრანსპორტის სუნს და ხმაურიც, ზოგიერთისთვის აუტანელი ხმაურიც უყვარდა.

მეზობლის კარი გაიღო და ტატიანა დეიდას ფეხის ხმაზე მიხვდა ბიჭი, მათთან მოარეკავდა ქალი (მოხუც შინაბერას მთელი სახლი ტატიანა დეიდას ეძახდა). ვაჟამ აღარ დაუცადა და გაღება დაასწრო. ქალს ის-ის იყო, თითი უნდა მიეჭირა ღილაკისთვის. ჩქარა ტელეფონთანო, უთხრა ტატიანამ დეიდამ და ცივად გაბრუნდა. ეს ცოტა არ იყოს გაუკვირდა ბიჭს. მუდამ ყურადღებიანი, ოდნავ გაპრანჭული, მაგრამ თბილად მოლაპარაკე მეზობლისგან ასეთი საქციელი უცხო იყო. ვაჟაც მიყვა. რაიონიაო, ეს კი უჩურჩულა ქალმა. ვაჟას სოფლიდან მამას ბიძაშვილი რეკავდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28