– რა მოხდა, რა ამბავია?! – კარი დედამ გაუღო ბიჭს, – რა მოხდა, ვაჟა?!

ახლაღა მიხვდა, ზარს ღილაკიდან თითაუღებლად, გაუთავებლად რომ რეკავდა და სწორედ ამან შეაშფოთა, შეაშინა დედა.

– არაფერი, – მერე სხვათა შორის იკითხა, – ნანა სახლშია?

ისედაც იცოდა, რას უპასუხებდა ქალი და ოთახში შევიდა.

– რა მოგივიდა, ვაჟა? – შეჰყვა ლილიც და გვერდით მოუჯდა ტახტზე. გაოფლილ შუბლზე ხელი გადაუსვა, – ირბინე?

ვაჟამ თავი დაუქნია და უცებ ისე თქვა, ისე აღმოაჩინა ახალი რაღაც, რომ თვითონაც გაუკვირდა, – დედა, გული მტკივა.

– რაა?

– გული მტკივა, აი აქ, მარცხნივ, – დედის ხელი მკერდზე მიიდო.

– რა დროს შენი გულია, – გაეღიმა ლილის და მერე ხელი მხარზე გადახვია.

– მწიწკნის ზუსტად აი აქ, სადაც გულია, – ბიჭი წამოწვა, დედას კალთაში ჩაუდო თავი, თვალები მილულა.

– დაიღლებოდი, შვილო, აბა, რა დროს შენი გულია.

ცოტა ხანში ისე გამოეცალა ლილი, რომ ვაჟას არც გაუგია. მთლიანად ძილს მოეცვა ბიჭი, ღრმა ძილს. ხანდახან ეღიმებოდა კიდეც. ხედავდა დიდ სარკეს და ამ სარკეში თანაკლასელი გოგონები გამოჩნდნენ. ყველაზე წინ თიკა მოდიოდა. ისევ ისე, ზუსტად ისე, როგორც საპარიკმახეროში, ოღონდ სარკე იყო დიდი.

უცებ გამოეღვიძა ვაჟას. დედა საწოლებს შლიდა. მამა პატარა სავარძელში ჩამჯდარი კითხულობდა გაზეთს.

– არ მოსულა ნანა? – თვალის ახელისთანავე იკითხა ვაჟამ.

– ტატიანასთან დაურეკავს, კინოში შევდივარო, – ლილი მიუახლოვდა ვაჟას, – კიდევ გაწუხებს გული? – ისეთი ღიმილით ჰკითხა დედამ, ვაჟას მართლაც რომ სტკენოდა, უარს ეტყოდა. ახლა მით უმეტეს, აღარც კი ახსოვდა ჩხვლეტები და უარის ნიშნად თავი გაუქნია. ქალმაც ბეჭზე ხელი მოუთათუნა, – ადექი, შენც დაგიგო.

გვიანამდე ვერა და ვერ დაიძინა ვაჟამ. ნეტავ ისევ მამა იგვიანებდესო. მამაზე ყველაფერი გულმოსასვლელი და საწყენი გაიხსენა, იქნებ ნანაზე აღარ ვიფიქროოო, თუმცა უფრო ხშირად დღევანდელი შეხვედრის მერე კაკუჩა აგონდებოდა. მისი მოძრაობა, დაზე გადახვეული ხელი. მერე მამას მიუბრუნდა. როგორი შიში გაუჩნდა ბებიის ქელეხის. მისდა გასაოცრად და გასახარად ვასიკომ წვეთი არ გაიკარა. ეტყობა, არ ჰქონდა არაფრის თავი, იმდენად იმოქმედა დედის საფლავში ჩასვენებამ. პირველად იქ გაიგონა ვაჟამაც, იქ მოესმა კუბოზე ბელტების დაცვენის ყრუ და საშინელი ხმა. ნეტავი მამა იგვიანებდესო, ისევ ეს ფიქრი მოეძალა. ეტყობა, შეგუებული მოლოდინის, შეჩვეული ღამისტეხვის უფრო არ ეშინოდა, უფრო არ უმძიმდა. კაკუჩა პირველი დანახვისთანავე არ მოეწონა. თუმცა ნანა ყველაფერს კაკუჩასაგან იგებს ძმაზე, მაგრამ ვაჟას ჯერ არ ახსოვს, მისალმებოდეს, შეემჩნიოს იგი კაკუჩას. რომ გათხოვდეს? გაეღიმა ვაჟას. ახლაღა გაიაზრა, ნანას გათხოვებას რა მოჰყვებოდა. ოჯახის ზეიმი, ქორწილი, სიძე (აქ უკვე ვეღარ ფიქრობდა ბიჭი სიძის ვინაობაზე. ეს სიტყვა რაღაც ახლის მაუწყებელი, შეუცნობის სიმბოლო იყო). რაც მთავარია, ნანას შვილი, მისი დისშვილი. ღიმილი არ შორდებოდა ვაჟას. პატარა ბავშვის სახე ედგა თვალწინ: იცინის, ტირის, დაბაჯბაჯებს, წაიქცა. ოთახში თითქოს კისკისიც მოესმა, ბავშვის კისკისიც, ვაჟას ასევე გაღიმებულს ჩაეძინა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28