მოპირდაპირე ტროტუარზე მიაბიჯებდა გია. შეციებულივით აბუზული და ოდნავ ფერმკრთალი. არადა, რამდენჯერ გადაწყვიტა ვაჟამ, ენახა, დალაპარაკებოდა.

უკვე ამოძრავებულიყო ქალაქი. დაქროდნენ მანქანები და გადასასვლელთან შედგა, შეიცადა ვაჟამ. გადაწყვიტა, წამოსწეოდა და ეთქვა ბიჭის გაჩენა, ეხარებინა. არაფერს სხვას არ გრძნობდა, არ აპირებდა, მხოლოდ ეს უნდოდა, ეხარებინა. გადასასვლელთან მის გვერდით საბავშვო ეტლიანი ახალგაზრდა ქალი შეჩერდა. ვაჟა ისე გაღიმებული თვალებით მიაშტერდა, ისე ჩახედა ბავშვს, რომ ქალი უხერხულად შეიშმუშნა. დაიძრნენ.

გია ვიღაცას ელაპარაკებოდა. ისევ აბუზული იდგა და ისე ლაპარაკობდა. შუა გადასასვლელზე შეჩერდნენ. ვაჟამ კიდევ ჩახედა ბავშვს და უცებ დაემანჭა სახე, ელვასავით დაუარა რაღაცამ. ნელ-ნელა ყველაფერი გაბუნდოვანდა, გაუჩინარდა. ყრუდ ჩაესმა:

– ადექი, წამოდექი, შვილო!

მკერდში, მარცხნივ კი უღმუოდა ტკივილი, ღრმად სუნთქავდა და ეს ცოტათი შველოდა. მერე უეცრად შეწყდა მანქანების ხმა, შეშფოთებული ხალხის ყაყანი და ბიჭი სამუდამოდ დაამდა, დამშვიდდა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28